"ტვ პირველის" მფლობელის მამა პროკურატურაშია დაბარებული. "რუსთავი 2"-ზე კი ფილმები გადის
ბოლო დღეების განმავლობაში “ტვ პირველი”, უკვე მეორე ოპოზიციური არხია, რომელსაც პრობლემები შეექმნა.
“რუსთავი 2”-ში განვითარებული მოვლენების ფონზე “ტვ პირველის” მფლობელის მამის პროკურატურაში დაბარება პოლიტიკურმა დამკვირვებლებმა ხელისუფლების მხრიდან ტელემედიაზე ტოტალური კონტროლის დაწესების მცდელობად შეაფასეს.
__________
პროკურატურამ ტელეკომპანია “TV პირველის” მფლობელის ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ავთანდილ წერეთელი ბრალის ოფიციალურად წარსადგენად პროკურატურაში დღეს არის დაბარებული. ამის შემდგომ პროკურატურა სასამართლოს ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მიმართავს.
საქმე ეხება თიბისი ბანკის 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას.
საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებს, 2008 წლით თარიღდება. როგორც ბრალდების მხარე ამბობს, 11 წლის წინ, აპრილში, თიბისი ბანკმა სამუშაო კაპიტალის შესავსებად 16 მილიონ 664 ათასი დოლარი ასესხა ავთანდილ წერეთლის კუთვნილ კომპანიებს „სამგორი მ“-სა და „სამგორი ტრეიდს“. პროკურატურის მტკიცებით, სესხი გამოიყო დაჩქარებულად და პროცედურების დარღვევით.
ამის შემდეგ წერეთლის კუთვნილმა აღნიშნულმა კომპანიებმა ეს თანხა არა უშუალოდ თიბისი ბანკის, არამედ ამ ბანკის ხელმძღვანელების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე ჩარიცხეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს იყო ფულის გათეთრების სქემა და ეს 16 მილიონ 664 ათასი დოლარი თიბისი ბანკს დღემდე არ დაბრუნებია.
საინტერესოა, რომ საქმეში არ არსებობს დაზარალებული და მომჩივანი.
აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ. რამდენიმე დღის წინ, პროკურატურის მოთხოვნით, დაყადაღდა მათი პირადი ანგარიშებიც.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს პროკურატურაში, “ბრალდების დაზუსტების მიზნით”, უკვე ხელმეორედ იბარებენ.
ავთანდილ წერეთლის შვილი, ვახტანგ წერეთელი, რომელიც “ტვ პირველის” მფლობელია, ამბობს, რომ მისი მამის წინააღმდეგ საქმის აღძვრით ხელისუფლება “ტვ პირველზე” ზეწოლას ცდილობს.
“მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ, – მიმართავს ის ხელისუფლებას თავისი ფეისბუკ-სტატუსით, – ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით ?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ!”
როგორც ვატო წერეთელი წერს, ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფება და მზადაა ჩამოსვლის შემდეგ, 29 აგვისტოს გამოცხადდეს პროკურატურაში.
ტვ პირველი” – პატარა, თუმცა საკმაოდ თამამი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიაა, რომელიც სხვადასხვა დროს სახელისუფლებო არხებიდან გათავისუფლებულ პოპულარულ ჟურნალისტებს აერთიანებს.
იმ ფონზე, როდესაც “რუსთავი 2″ფაქტობრივად გადავიდა ხელისუფლების გავლენის ქვეშ, “ტვ პირველი”ამ ეტაპზე ერთადერთი ოპოზიციური არხია საქართველოში, სადაც მოსახლეობის 70 პროცენტი ინფორმაციას ჯერ კიდევ ტელევიზიით იღებს.
“ივანიშვილი გადასულია სრულფასოვან პოლიტიკურ რეპრესიებზე”
ბოლო დღეების განმავლობაში “რუსთავი 2”-ში განვითარებული მოვლენების ფონზე, მეორე ოპოზიციური არხის, “ტვ პირველის” მფლობელის მამის პროკურატურაში დაბარება პოლიტიკურმა დამკვირვებლებმა ხელისუფლების მხრიდან ტელემედიაზე ტოტალური კონტროლის დაწესების მცდელობად შეაფასეს.
20 აგვისტოს “რუსთავი 2”-ის ახალმა მფლობელმა, პროსახელისუფლებო ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საკადრო წმენდა დაიწყო და არხიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსი და რამდენიმე წამყვანი ჟურნალისტი და პროდუსერი გაათავისუფლა.
ამას მოჰყვა მთელი გუნდის პროტესტი. “რუსთავი 2” დატოვა საინფორმაციო გამოშვება “კურიერის” ყველა ჟურნალისტმა. არხიდან წასვლის შესახებ განცხადებები გააკეთეს სხვა პოლიტიკური და გასართობი გადაცემების ჟურნალისტებმაც. ორი დღეა, ამ ტელეკომპანიის ეთერში საინფორმაციო გამოშვებების მაგივრად ფილმები გადის. (21 აგვისტოს მთავარი საინფორმაციო გამოშვების, 9-საათიანი “კურიერის” დროს ეთერში ამერიკული დრამა “მელიებზე მონადირე” გაუშვეს, რომელიც ნამდვილ ამბავზეა აგებული და ფსიქოპატი მულტიმილიონერის ცხოვრების ერთ ეპიზოდს შეეხება).
პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებით, 2020 წლის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ხელისუფლებამ მედია-სივრცის ოპოზიციური აზრისგან გასუფთავება და პოლიტიკურ რეპრესიები დაიწყო.
ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ამ მოვლენების უკან უშუალოდ ქვეყნის არაფორმალური ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დგას.
„ივანიშვილმა ჩათვალა, რომ სიცრუე და დაშინება, პროპაგანდა და რეპრესია არის მისთვის მთავარი იარაღი და სხვა მას არაფერი დარჩენია. ვხედავთ რა პროცესები არის „რუსთავი2“-თან მიმართებაში. სრულიად მკაფიო და გასაგებია, რომ ხელისუფლება „ტვ პირველის“ მფლობელთან, ვახტანგ წერეთელთან შანტაჟის გზას დაადგა – „მამაშენს დავიჭერთ“, – აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი.
„ეს საქმე კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილი გადასულია სრულფასოვან პოლიტიკურ რეპრესიებზე და ცდილობს მედიასივრცის მონოპოლიზებას. ის პოლიტიკურად გაკოტრებულია, განსაკუთრებით გავრილოვის ღამის შემდეგ და ცდილობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გარდაუვალი მარცხი მსგავსი ნაბიჯებით თავიდან აიცილოს. თუმცა, ეს მცდელობები განწირულია… 2020 წელს ძალიან მწარედ დამარცხდება, ვინაიდან ასეთ რეპრესიებზე მას ამომრჩეველი აუცილებლად მოსთხოვს პასუხს,“ – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ.
“ყოველგვარ ზღვარს გასცდა ხელისუფლების უგუნური ნაბიჯები, ამას ჰქვია ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, მაგრამ როცა ამ გზებს მიმართავენ, როგორც წესი, ასეთი ხელისუფლება მარცხდება არჩევნებში ან ხალხი ისეთ ზომამდე მივა, მათ გაყრის. ვინც ძალადობრივად და აშკარად უსამართლოდ იქცევა, მას ქართველი ამომრჩეველი არ აპატიებს“,- ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე.
ხელისუფლებას აკრიტიკებს ეკა ბესელიაც, “ქართული ოცნების” ყოფილი ლიდერი, რომელმაც გაზაფხულზე მმართველი გუნდი დატოვა:
“კეთილგონიერების და რაციონალური გადაწყვეტილებების რესურსი ამოწურა ხელისუფლებამ? იქნებ დარჩა ვინმე იქ, ვინც ხვდება და იტყვის, რომ ეს ყველაფერი უკვე ნანახიც და გავლილიც გვაქვს და უბრალოდ კარგად არ სრულდება,” – დაწერა ბესელიამ თავის ფეისბუკზე მას შემდეგ, რაც “ტვ პირველის” მფლობელის მამა პროკურატურაში დაიბარეს.