სოფელი, რომლითაც სომხეთი იწყება. ფოტოები და ვიდეო
35 წლის ანჟელა პაპიანი სოფლის ერთადერთი პარიკმახერია. მიუხედავად იმისა, რომ სახლში მუშაობს, მისი სადალაქო სავარძელი ყოველთვის დაკავებულია. ადგილობრივი ქალებისთვის ანჟელა ნამდვილი მხსნელია – ყოველ ჯერზე ქალაქში სიარული აღარ უწევთ ვარცხნილობის გასაკეთებლად.
«თვეში 30000 დრამს (62 დოლარს) ვშოულობ. ხშირად უფასოდ ან ნისიად ვმუშაობ – ხან მეზობელი მაკითხავს ხოლმე და ხანაც ნათესავი. ქორწილების დღეებში, პირველ სექტემბერს და გამოსაშვები საღამოების პერიოდებში ზოგჯერ დღეში 10 ათას დრამს (20 დოლარს) ვშოულობ ხოლმე. ჩემთან თმის შეჭრა სულ რაღაც 500 დრამი (1 დოლარზე ნაკლები) ღირს, ყველაზე ძვირი ვარცხნილობის ფასი კი 3000 (დაახლოებით 6 დოლარი) დრამია. ამაზე დიდი ფასის დაწესება არ შეიძლება – ხალხს უბრალოდ არ შეუძლია უფრო მეტის გადახდა», – ამბობს ანჟელა.
იგი სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სოფელ მოვსესში ცხოვრობს. ეს დასახლებული პუნქტი ერევნიდან 240 კილომეტრითაა დაშორებული. ანჟელას მეფრინველეობის პატარა ფერმა აქვს. ამას გარდა, ის ტანსაცმელს კერავს და ამ საქმიანობით დამატებით შემოსავალს იღებს.
«ჩემს ქმარს ვეხმარები და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ აქ დარჩენა შეგვეძლოს. თუკი ყველა წავალთ, აქ ვინღა დარჩება ჩვენ ნაცვლად?» – ამბობს სამი შვილის დედა.
მოვსოსი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო დასახლებაა საზღვრისპირა სოფლებს შორის. ის მდინარის ხეობაში მდებარეობს და ძალიან კარგად მოჩანს აზერბაიჯანული პოზიციებიდან. სოფლის პერიმეტრის ოცდაშვიდკილომეტრიანი მონაკვეთი სახელმწიფო საზღვარს წარმოადგენს. მოვსესის მახლობლად სამი აზერბაიჯანული სოფელი მდებარეობს.
ადრე ამ სოფელში 3 000 ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად ადგილობრივ მოსახლეთა საერთო რაოდენობა 2 ათასს არ აჭარბებს. სოფლის მამასახლისის, არარატ ავალიანის თქმით, ხალხი აქაურობას ოჯახების ფინანსურ-მატერიალური პრობლემების მოსაგვარებლად ტოვებს და მათი დადანაშაულება არ შეიძლება.
«ადრე მეზობელ სოფლებში საკავშირო მნიშვნელობის საკონსერვო ქარხნები და ღვინისა და სიგარეტის მწარმოებელი ფაბრიკები მუშაობდა. აქაურები 5-6 ავტობუსით მიჰყავდათ ხოლმე სამსახურებში. ომის დაწყებას ჩვენი სოფელი სრული შემადგენლობით დახვდა. სამხედრო მოქმედებებში 487-მა მოვსესელმა მიიღო მონაწილეობა. ამ რაოდენობის ჯარისკაცებს მთელი პოლკის ფორმირება შეუძლიათ. ომის შემდეგ ხალხმა თანდათანობით დაიწყო სოფლიდან წასვლა. ფულის საშოვნელად მიდიოდნენ და აღარ ბრუნდებოდნენ. ამჟამად აქაურების ნაწილი პერიოდულად ტოვებს სოფელს და შემდეგ ისევ ბრუნდება ხოლმე», – ამბობს ავალიანი.
ერთხანს ანჟელა და მისი მეუღლე ედიკიც რუსეთში ცხოვრობდენ, მაგრამ შემდეგ სოფელში დაბრუნდნენ.
«საფრთხეში ცხოვრებას შევეჩვიეთ. ჩვენი სახლი ხელისგულივით მოჩანს საზღვრის იქითა მხრიდან. საერთოდ, სოფელში, ალბათ, მხოლოდ რამდენიმე სახლი არ ხვდება მოწინააღმდეგის მხედველობის არეში. ის ადამიანები, რომლებიც დარჩნენ, აქ სამუდამოდ დამკვიდრდნენ», – ამბობს ედიკ პაპიანი.
პაპიანები 2016 წლიდან არიან „სომხეთის დახმარების ფონდის“ იმ პროგრამის ბენეფიციარები, რომელსაც „სიღარიბის დაძლევა თავუშის ოლქში“ ჰქვია. პროგრამის ფარგლებში ანჟელას პარიკმახერის ინსტრუმენტები, საკერავი მანქანა და წიწილები გადასცეს. შედეგად ოჯახმა პრობლემების მოგვარება შეძლო და „წელში გაიმართა“.
„სომხეთის დახმარების ფონდის“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ლუსინე გრიგორიანის თქმით, ამ ტერიტორიაზე პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა და მასში უკვე შვიდასმა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა.
«ეს პროექტი ადგილობრივებისათვის მატერიალური დახმარების აღმოჩენასა და ამ ოჯახებისთვის სტაბილურობის მიცემას ისახავდა მიზნად. ზოგიერთმა ფერმერობასა და სოფლის მეურნეობაში მიაღწია წარმატებას. ამან ხალხს საკუთარ სახლებში დარჩენის საშუალება მისცა. მიწა მნიშვნელოვანი ძალაა, რომელიც ხალხს აკავებს. ადამიანები აქ დარჩებიან იმ შემთხვევაში, თუკი დღეს სამუშაო და სამომავლოდ შემოსავლის მიღების საშუალება ექნებათ. მიგრაციის საპირწონედ ვმუშაობთ», – ამბობს ლუსინე გრიგორიანი.
ანჟელა მორიგ კლიენტს აცილებს და ეზოში მდგარ შენობას გვაჩვენებს. ამ ნაგებობაში, რომელიც ჯერ არაა ბოლომდე აშენებული, იგი საპარიკმახეროს გახსნას გეგმავს.
სომხეთის დახმარების ფონდის ბერდის ოფისის სოციალური მუშაკის, ეგინე კარაბახციანის თქმით, პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველ ოჯახში, სულ ცოტა, სამი არასრულწლოვანი მაინც უნდა ცხოვრობდეს. სხვათა შორის, მოვსესის სკოლაში 116 მოზარდი სწავლობს, საბავშვო ბაღში კი 43 მცირეწლოვანი დადის.
«სხვადასხვანაირი ოჯახები არსებობს. ყველაფერი თავად მონაწილეებზეა დამოკიდებული. მთავარი ამოცანა არის ის, რომ ასეთ სოფლებში ხალხმა საკუთარი საქმე განავითაროს და საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს», – ამბობს სოციალური მუშაკი.
სოფლის განაპირა მხარეს მურად პაპიანის ექვსსულიანი ოჯახი ცხოვრობს. მურადი კონტრაქტორი სამხედრო მოსამსახურეა. მისი სახლის კედლებზე უამრავი ნატყვიარი ჩანს. სახლში უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, მან აზერბაიჯანის მხარეს დატანებული ფანჯარა ქვებით ამოქოლა.
მურადის ცოლი, 36 წლის ლუსიკ ბაბაიანი იმ ხუთ სკას გვაჩვენებს, რომლებიც მან და მისმა მეუღლემ „სომხეთის დახმარების ფონდის“ ფარგლებში მიიღეს.
«წელს 25 კგ თაფლი მივიღეთ. გასაყიდადაც კი გვეყოფა», – ამბობს ლუსიკი და ოჯახის ნატურალური თაფლის გასინჯვას გვთავაზობს.
დიასახლისი მაშინვე სახლში იპატიჟებს სტუმრებს – ეზოში დიდხანს ყოფნა სახიფათოა, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან, შესაძლოა, სამიზნეებად იქცნენ.
«სოფლიდან არ მივდივართ – ჩემი ქმარი კატეგორიულ უარს ამბობს აქაურობის დატოვებაზე. გგონიათ, ადვილია უცხო ქვეყანაში ცხოვრება? უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ შიშის გრძნობა მაინც არ გვტოვებს. მთელი დღეების მანძილზე მათ თვალწინ ვმუშაობ ბაღში. მაშ, როგორ მოვიქცე? ეს ჩემი სახლია და აქ უნდა ვიცხოვრო. ჩვენი ვენახი სოფლის ქვედა ნაწილში, უშუალოდ საზღვარზე, პოზიციების მოპირდაპირედ მდებარეობს. ჩემი მეუღლე მხოლოდ ღამით და ნისლიან დღეებში დადის ხოლმე ვენახის შესაწამლად. მოსავალს ისე ვიღებთ, თითქოს საკუთარ თავს ჭირნახულს ვპარავთ», – ამბობს ლუსიკი.
სოფლის მამასახლისი ამბობს, რომ მოვსესის ბაღები საზღვრიდან 400-500 მეტრში მდებარეობს და მათი დამუშავება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
«სოფელში უსაფრთხო ადგილები არ გვაქვს. ამჟამად სოფლის ადმინისტრაციის შენობა, ეკლესია, სკოლა… ყველაფერი მოწინააღმდეგის სამიზნის ქვეშაა. სოფლის ტერიტორიის 70% მათი მხედველობის არეშია. ჩვენი სახნავ-სათესი მიწების საერთო ფართობი 660 ჰექტარია, მათგან 40 ჰექტარი ირწყვება და ეს ნაკვეთები უშუალოდ საზღვარზე მდებარეობს. ადამიანებს სურთ, რომ მათი ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს და საკუთარი ნაკვეთების დამუშავების საშუალება მაინც ჰქონდეთ, და თუკი საკუთარ მიწაზე მუშაობას შეძლებენ, ცხოვრებაც გაადვილდება. ხალხი დაიღალა ამ ყველაფრით»,- ამბობს სოფლის მამასახლისი.
მოსახლეობა არსებულ სინამდვილეს შეეგუა. მოვსესელების სახლებში ოთახების განლაგება შეიცვალა, ადგილობრივები ცდილობენ, ეზოებში შეკრების აუცილებლობა აირიდონ თავიდან. ქორწილები და გასვენებებიც კი უხმაუროდ ტარდება – რამდენადაც შესაძლებელია, უხმაუროდ.
«გასვენებების დროსაც კი ისვრიან. ჩვენი სოფლის სასაფლაო ძალიან ახლოსაა საზღვართან. ზოგჯერ სამგლოვიარო პროცესიის დროს კუბოს დადება და გაქცევა გვიწევს ხოლმე. დასაფლავებაზე პატარა ჯგუფებად გავდივართ. ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად ვიქცევით ასე, და ამ ყველაფრის მიუხედავად, მოვსესში მშვიდობისთვის ვცხოვრობთ და ეს აზრი ყველა სირთულის დაძლევაში გვეხმარება. აქ არ სრულდება სომხეთი, ეს ქვეყანა ჩვენი სოფლით იწყება», – ამბობს ედგარ პაპიანი.