სომხეთში ჰიმნის შეცვლაზე მსჯელობენ
фото: NPR.org
მსოფლიოში სახელგანთქმულმა შანსონიემ შარლ აზნავურმა ამ დღეებში სომხეთს შესთავაზა ახლანდელი ჰიმნი შეცვალონ მისი სიმღერით „შენთვის, სომხეთო“.
აზნავური სიმღერის სიტყვების ავტორია. მუსიკა ამ ლექსზე ჟორჟ კარვარენცმა დაწერა. „Pour toi Arménie“ 1988 წელს, სომხეთში 7 დეკემბერს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან რამდენიმე დღეში, დაზარალებულების მხარდასაჭერად შეიქმნა. პირველად ეს სიმღერა 1988 წლის 20 დეკემბერს საფრანგეთის ტელევიზიის ეთერით 87-მა ცნობილმა ფრანგმა მომღერალმა შეასრულა.
ეს განცხადება ცხარე მსჯელობის საგანი გახდა სომხურ პრესაში. ხელოვნების მუშაკებმა, ინტელიგენციის წარმომადგენლებმა აზრი გამოთქვეს იმის თაობაზე, ღირს თუ არა საერთოდ სომხეთის ახლანდელი ჰიმნის „ჩვენი სამშობლოს“ შეცვლა.
მაგალითად, მომღერალმა არტურ ისპირიანმა განაცხადა, რომ შანსონიეს მიერ შექმნილი სიმღერა მელოდიურია, და სავსებით შეიძლება ჰიმნი გახდეს: „აზნავური ღირსეული და საამაყო ადამიანია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი სომეხი ხალხისთვის. ამიტომ, ღირს, რომ მისი წინადადება გავიზიაროთ“. მომღერალს მიაჩნია, რომ ჰიმნის შეცვლის შემთხვევაში, ადამიანები ახალს მიეჩვევიან.
სომხეთის კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე არამ სატიანი ამ წინადადების წინააღმდეგია. „არ მგონია, რომ სომხეთის ჰიმნი ამ სიმღერით უნდა შეიცვალოს, რადგან ეს არის სიმღერა და არა ჰიმნი“, – თქვა სატიანმა.
მუსიკოსმა ეგიშე პეტროსიანმა თქვა, რომ ჰიმნის შეცვლის იდეას ემხრობა, თუმცა – არა სიმღერით „შენთვის სომხეთო“. „ამ სიმღერის ჰიმნად ქცევა სირცხვილი იქნებოდა“, – განაცხადა მან.
ფეიბუკის მომხმარებლებმა ასევე გამოთქვეს ამის თაობაზე მოსაზრებები: მიუხედავად იმისა, რომ შარლ აზნავური სომხეთში პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს, მის წინადადებას სოციალურ ქსელში ძირითადად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.
„მიკვირს, როდესაც არამ ხაჩატურიანის მშვენიერი ჰიმნის (ლაპარაკია სომხეთის სსრ-ს ჰიმნზე) ან ხალხური „ერახ იმ ერკირ აირენის“ (ჩემი ოცნება, მშობლიური ქვეყანა) ნაცვლად, ჰიმნად აზნავურის სიმღერას „შენთვის, სომხეთო“ განიხილება. ღმერთმა არ ქნას, ეს სიმღერა გახდეს ჰიმნი: ყოველ მის შესრულებაზე მიწისძვრა გაგვახსენდება და დეპრესია ში ჩავვარდებით“.
„თუ ცვლიან, მაშინ არამ ხაჩატურიანის ჰიმნი დააბრუნონ, და არა ის სიმღერა, რომელიც მიწისძვრას გვახსენებს. გვეყო: უკვე ის ერი გავხდით, რომელიც ყველგან და ყოველთვის მხოლოდ ტრაგედიებს ხედავს და იხსენებს“.
„საღად იაზროვნეთ. სახელმწიფო ჰიმნი – სათამაშო ხომ არ არის, ნებისმიერმა რომ მოჰკიდოს ხელი. და კიდევ, სომხეთის ჰიმნის შეცვლის პატივცემულო მომხრეებო, გულზე ხელი დაიდეთ და გულწრფელად თქვით, რომ მოქმედი ჰიმნი „ჩვენი სამშობლო“ ყველგან კარგად და დროულად ჟღერდა.