სომხეთის სასჯელ-აღსრულებით უწყებებში ადვოკატებს ჩხრეკენ
გაზიარება
გაზიარება
ადვოკატების ჯგუფი აღნიშნავს, რომ საჯელაღსრულებით დაწესებულებებში მათ ჩხრეკას უტარებენ, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ხოლო, თუკი ადვოკატი ჩხრეკაზე უარს აცხადებს, მას თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ.
ადვოკატმა ლუსინე სააკიანმა Tert.am-თან საუბრისას განცხადა, რომ ადვოკატების უფლებები პერიოდულად ირღვევა; თანაც ამის მიზეზი კანონის უცოდინრობა სულაც არ არის ხოლმე. ადვოკატთა პალატას კი, თავის შესუსტებული პოზიციის გამო, ძალა არ შესწევს, რომ ისინი დაიცვას. „ჩვენ ამ მოვლენის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ, რადგან თუკი ადვოკატები საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას ვერ შეძლებენ, მაშინ ვერც სხვისას დაიცავენ“, – აღნიშნა სააკიანმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის იუსტიციის მინისტრი არპინე ოგანესიანი ადვოკატთა პალატის ხელმძღვანელს არა ზოგბარიანს შეხვდა. მოგვიანებით მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
ლუსინე სააკიანის აზრით, ეს დოკუმენტი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან შემდეგ მდგომარეობას აკანონებს: ადვოკატები შეიძლება შემოწმდნენ, მაგრამ არ გაიჩხრიკონ. „როგორც სტრუქტურა, ადვოკატთა პალატა, იმის ნაცვლად, რომ დაიცვას თავისი ადვოკატები, ყველანაირად ებრძვის მათ. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ორგანოები ადვოკატების უფლებებს დაარღვევენ, რადგან მათთვის არახელსაყრელია ძლიერი საადვოკატო ორგანიზაციის არსებობა“, – ამბობს ის.
ადვოკატი აუცილებლად მიიჩნევს ჩხრეკების შესაწყვეტად ყველანაირი სამართლებრივი შესაძლებლობის გამოყენებას. სხვა შემთხვევაში, მასა და მის კოლეგებს გაფიცვა მოუწევთ.