სომხეთის პრეზიდენტი: „უკვე ჩამოყალიბებული ზავის უფრო ცუდი პირობების ზავით შეცვლა არ შეიძლება“
გაზიარება
გაზიარება
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დღეს, სომხეთის სამხედრო ძალთა ხელმძღვანელების ოპერატიული შეკრების წევრებთან შეხვედრის დროს განაცხდა, რომ უკვე ჩამოყალიბებული ზავის სხვა – უფრო ცუდი პირობების ზავით შეცვლა შეუძლებელია, აუცილებელია მყარი ფუნდამენტის შექმნა მშვიდობისა და ორ ხალხს შორის ბუნებრივი კონტაქტების დასამყარებლად.
„ზავი აუცილებლად უნდა გადაიზარდოს მშვიდობაში, თუმცა ეს არასდროს არ მოხდება ცალმხრივი დათმობების შედეგად. ჩვენ მკაფიოდ ვაფასებთ სიტუაციას და აზერბაიჯანისგან ცალმხრივ დათმობებს არ მოველით. ასეთსავე გათვითცნობიერებულობას მოვითხოვთ აზერბაიჯანის ხელისუფლებისგანაც“, – აღნიშნა სარგსიანმა.
პრეზიდენტის თქმით, მოცემულ მომენტში ის ვერ ხედავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ მოლაპარაკებებში გარღვევის საფუძველს. შესაბამისად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ძალთა ბალანსის შენარჩუნება – ერთადერთი გზაა სტაბილურობისა და მყიფე მშვიდობის უზრუნველსაყოფად:
„ოფიციალური ბაქო მუდამ ცდილობს არსებული სტატუს-კვოს გაგრძელების მცდელობაში ჩვენს დადანაშაულებას. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენ მართლაც გვინდა პრობლემის მოგვარება. მაგრამ, რეალობა ამგვარია: აზერბაიჯანელები ისეთ გადაწყვეტილებებს გვთავაზობენ, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომაც პრობლემა გადაუწყვეტელი რჩება. როდესაც ისინი მიხვდებიან, თუ როგორი გადაწყვეტილება შეიძლება იქცეს რეალობად, სწორედ მაშინ მოგვარდება კონფლიქტიც“.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი სწორედ ამ მიზეზით მიმართავს სხვადასხვა სახის პროვოკაციას და ფრონტის წინა ხაზზე სიტუაციას ამწვავებს, ამით საკუთარი პრობლემის შესახებ შეგვახსენებს.
სერჟ სარგისანის სიტყვებით, დაუშვებელია მოსაზრება, თითქოს სომხეთი განწირულია წარუმატებლობისთვის, ვიდრე ყარაბაღის საკითხი გადაუჭრელია, და ვიდრე თურქეთის მხრიდან ბლოკადა არ მოხსნილა. „ჩვენს საშინაო პრობლემებს თურქები და აზერბაიჯანელები არ ქმნიან. ჩვენი ქვეყნის მმართველობის ნაკლები არანაირად მათ არ უკავშირდება და მათი მიზეზით არ ჩნდება“.