სასამართლომ სომხეთის ექსპრეზიდენტი ციხეში დატოვა
20 სექტემბერს, მოსამართლე ანა დაიბეკიანმა უარი უთხრა ექსპრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის ადვოკატებს მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე. ასეთი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, იმდენად, რამდენადაც ადრე, 17 სექტემბერს, იმავე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გაეთავისუფლებინა კოჩარიანი, რომელიც 2008 წლის 1 მარტის მოვლენებისას „კონსტიტუციური წესრიგის დამხობაშია“ ბრალდებული. მაშინ, საპრეზიდენტო არჩევნებით უკმაყოფილო ადამიანების საპროტესტო აქციის დაშლისას 10 ადამიანი დაიღუპა. იმ მომენტში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო.
სასამართლომ წინა გადაწყვეტილება მიიღო ადვოკატების შუამდგომლობაზე მას შემდეგ, რაც სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ერთ-ერთი ის მუხლი, რომელშიც ბრალი ჰქონდა წაყენებული ექსპრეზიდენტს. ყველა დეტალი ქვემოთ ტექსტში.
17 სექტემბერი
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი ციხეში დარჩება. სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლისა დ მისი გათავისუფლების თაობაზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობა უარყო. გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე ანა დანიბეკიანმა ექს-პრეზიდენტის ადვოკატებისგან ისევ მიიღო შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ამჯერად ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფის თავდებით გათავისუფლებას ითხოვდნენ. მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა. მორიგ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დარჩება თუ არა რობერტ კოჩარიანი ციხეში, ის 20 სექტემბერს გამოაცხადებს.
ეს უკვე ექს-პრეზიდენტის დაპატიმრებასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებული პირველი გადაწყვეტილება არ არის. უკანასკნელად ის 25 ივნისს დააპატიმრეს. კოჩარიანს ბრალად „საკონსტიტუციო წყობის დამხობა“ ედება.
საუბარია 2008 წლის 1 მარტის მოვლენებზე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დემონსტრაციის დარბევის დროს 10 ადამიანი დაიღუპა. იმ მომენტისთვის მოქმედი პრეზიდენტი ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო, თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, უკვე არჩეული იყო ახალი პრეზიდენტი -სერჟ სარგსიანი.
2018 წლის გაზაფხულზე მომხდარი „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ იმ მოვლენების გამოძიება განაახლა, და ერთ-ერთ პირველ ბრალდებულად კოჩარიანი იქცა. ამ ბოლო წლის განმავლობაში ის რამდენჯერმე დააპატიმრეს და ისევ გაათავისუფლეს.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა 12 სექტემბერს სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა წარადგინეს.
ამის საფუძვლად იქცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ექს-პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე, მან ბრალდების კონსტიტუციურობა განიხილა. 4 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 35 -ე მუხლი (ერთ-ერთი იმ მუხლთაგანი, რომლითაც ექს-პრეზიდენტს ასამართლებენ) კონსტიტუციას არღვევს – კერძოდ 27-ე მუხლს, რომელიც ყველა ყოფილ პრეზიდენტს პირადი თავისუფლების გარანტიას აძლევს.
ადვოკატების გუნდმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, ექს-პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
პროკურორები ამტკიცებდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებისთვის რაიმე საფუძველი არ არსებობს.
მოსამართლე დანიბეკიანმა ადვოკატების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მისაღებად 5 დღე ითხოვა. არსებითად, 12 სექტემბერს „1 მარტის“ საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო.
• საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ექს-პრეზიდენტ კოჩარიანის საქმეზე
• გამოვა თუ არა ციხიდან სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი?
ადვოკატების განცხადება
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ 17 სექტემბერს ექს-პრეზიდენტის ადვოკატების გუნდის ყველა წევრი გამოვიდა განცხადებებით, რომელთა არსი იმ აზრამდე დადიოდა, რომ რობერტ კოჩარიანის პატიმრობაში დატოვებას აზრი არ აქვს. დამცველთა ძირითადი დასაბუთება შემდეგია: კოჩარიანს მთელი ამ დროის განმავლობაში არც ერთხელ არ შეუშლია ხელი გამოძიებისთვის და მასში მონაწილეობისთვის თავი არ აურიდებია.
პირველი პრეზიდენტის ადვოკატებმა სასამართლოს ყველაზე მცირედი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება შესთავაზეს – თავისუფლების აღკვეთის გამომრიცხავი ზომა. საუბარი იყო ქვეყნიდან გაუსვლელობასა და მის პირობით გათავისუფლებაზე. ამავდროულად დამცველები იხსენებდნენ, რომ კოჩარიანისა და მისი ოჯახის ქონება დაყადაღებულია. თუმცა, მისი ნათესავები მზად არიან, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხა გადაიხადონ.
თავდებით გათავისუფლების შესახებ ადვოკატების შუამდგომლობას რობერტ კოჩარიანიც შეუერთდა.
თავიდან ექს-პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა იმ განცხადებაზე, თითქოს მან შესაძლოა, თავი აარიდოს გამოძიებას:
„მე ის ადამიანი არ ვარ, რომ დავიმალო. ასეთი რომ ვიყო [ვინც პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას შეეცდებოდა – JAMnews], ამჟამად აზერბაიჯანელები სტეფანაკერტში ჩაის სმით იქნებოდნენ დაკავებულები [ლაპარაკობს ომის წლებში ყარაბაღში საომარ მოქმედებებში თავის მონაწილეობაზე- JAMnews]. ამაზე საუბარი მერიდება კიდეც“.
თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კოჩარიანმა ვერ შეძლო იმ თანხის დასახელება, რომლის გადახდასაც შეძლებდა, და სასამართლოს შესთავაზა, რომ თანხა თავად განესაზღვრა:
„ერთია, თუკი ჩემს ანგარიშებს ყადაღას მოხსნით, სხვა საქმეა – თუ არ მოხსნით. არ ვიცი, როგორ მოიქცევით… ფაქტი ისაა, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ანგარიშები დაყადაღებულია. მე კი ჩემს სიცოცხლეში ვალი არ ამიღია“.
ადვოკატებმა ასევე განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლების ზეწოლით, მის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე იქნა მიღებული.
კოჩარიანის ერთ-ერთმა დამცველმა გაიხსენა: წინა დღეს სომხეთის ყველაზე გავლენიანმა ოფიციალურმა პირებმა – პრემიერ-მინისტრმა და და სპიკერმა -„საკონსტიტუციო სასამართლოს“ გადაწყვეტილების უკანონობის შესახებ განცხადებები გააკეთეს, რაც მკაფიო მესიჯად იქცა მოსამართლე ანა დანიბეკიანისთვის, რომელიც ამ საქმეს უძღვება.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სასამართლოს საბედისწერო გადაწყვეტილების წინა დღეს თანამდებობის პირები პროცესში ერევიან. არ შეიძლებოდა, რომ ამ განცხადებებს თქვენს გადაწყვეტილებაზე არ ემოქმედა“, – აღნიშნა ადვოკატმა აიკ ალუმიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის კომენტარი
კოჩარიანის საქმე პრემიერის ყურადღების ქვეშ არის. 16 სექტემბერს ვანაძორში გამართული პრეს-კონფერენციის დროს მან რობერტ კოჩარიანის საქმის მსვლელობის შესახებ კომენტარი გააკეთა. ფაშინიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა.
მისი აზრით, 4 სექტემბერს სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ სასამართლოს თავმჯდომარე ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრია, ეს პარტია კი ხელისუფლებიდან 2018 წლის რევოლუციის შემდეგ წავიდა. ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეებიდან ორი „1 მარტის“ საქმესთან არის კავშირში, და გაუგებარია, რატომ არ მოახდინეს მათ თვითაცილება.
გარდა ამისა, პრემიერმა საკონსტიტუციო სასამართლო იმაში დაადანაშაულა, რომ ის ქვეყანაში ყველა დარღვევის თანაავტორია, საპრეზიდენტო არჩევნებით დაწყებული, რომელიც ქვეყანაში 1996 წელს ჩატარდა:
„მათ ჰგონიათ, რომ ხალხის წინააღმდეგ მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ? კორუფციისა და ფალსიფიკაციისთვის? ეროვნული საკრებულო და ხალხი უნდა დაფიქრდეს, რა უნდა მოუხერხოს ასეთ საკონსტიტუციო სასამართლოს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ეროვნული საკრებულოს სპიკერის განცხადება
პარლამენტის სპიკერი არარატ მირზოიანი 16 სექტემბრის სხდომაზე განცხადებით გამოვიდა, რომ ეროვნული საკრებულო სომეხი ხალხის ერთადერთი კანონიერი წარმომადგენლობაა და ის საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობით საკუთარ უკმაყოფილებას გამოხატავს:
„საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ იმსჯელა და დასაბუთებული არგუმენტაციის გარეშე უარყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის [ვაგე გრიგორიანი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ახალი, პოსტრევოლუციური ხელისუფლების დროს აირჩიეს – JAMnews] საკონსტიტუციო სასამართლოს სამი წევრის საქმის განხილვაში მონაწილეობის შეუძლებლობის თაობაზე გაკეთებული განცხადება, და ამით მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფის საკითხი საზოგადოების ეჭვქვეშ დააყენა“.
გარდა ამისა, სპიკერმა საკონსტიტუციო სასამართლო იმაში დაადანაშაულა, რომ პარლამენტს აქამდე არ მიუღია ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი განცხადებების სომხური ტექსტი. 2019 წლის ივლისში საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ევროპულ სტრუქტურებს მიმართა და ექს-პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა სთხოვა.
რა ედება ბრალად ექს-პრეზიდენტს
2018 წლის ივლისში რობერტ კოჩარიანს 2008 წლის „1 მარტის“ საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდება წარედგინა.
საქმე 2008 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულად სერჟ სარგსიანი გამოაცხადა. მაგრამ სომხეთის ოპოზიციამ, რომელსაც სათავეში პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ედგა, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატი იყო, საპროტესტო აქციები გამართა. ოპოზიციონერები ტერ-პეტროსიანის გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ და არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვდნენ.
დემონსტრაციის დარბევის დროს სამხედრო იარაღი გამოიყენეს, დაიღუპა 10 ადამიანი.
ქვეყნის პრეზიდენტი იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით არჩეულ სერჟ სარგსიანს უფლებამოსილების აღსრულება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა. ამიტომ, ახლა დემონსტრაციის მკაცრად დარბევა ბრალად კოჩარიანს ედება.
„1 მარტის“ საქმეზე გამოძიება სომხეთის 2018 წლის „ხავერდოვან“ რევოლუციამდე ერთი ადგილიდან არ იძვროდა. ახალმა ხელისუფლებამ, რევოლუციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, ამ საქმეს ხელი მალევე მოჰკიდა.
2018 წლის 28 ივლისს ექს-პრეზიდენტი ამ საქმეზე პირველად დააპატიმრეს. თუმცა, ორ კვირაში ის გაათავისუფლეს.
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ მისი დაკავების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. გათავისუფლების საფუძვლად კონსტიტუციის ის მუხლი იქცა, რომელიც რობერტ კოჩარიანის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ხელშეუხებლობას ეხებოდა.
კოჩარიანმა საპატიმრო საკანი 2018 წლის აგვისტოში დატოვა.
2018 წლის 7 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ექს-პრეზიდენტის ხელმეორედ დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოიტანა.
იმ დღიდან სომხეთის მეორე პრეზიდენტი 2019 წლის 18 მაისამდე ისევ ციხეში იმყოფებოდა.
ამ დღეს, კოჩარიანის ადვოკატების მიერ მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაყენებული შუამდგომლობის განხილვის შემდეგ მოსამართლე დავიდ გრიგორიანმა მისი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება გამოიტანა. მან გაითვალისწინა მთიანი ყარაბაღის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების – ბაკო სააკიანისა და არკადი გუსაკიანის შუამდგომლობა. ისინი სასამართლოს სთხოვდნენ, რომ კოჩარიანისთვის აღმკვეთი ღონისძიება მათი თავმდებით შეეცვალა, და გაეთვალისწინებინა კოჩარიანის ღვაწლი „ორი სომხური რესპუბლიკის შექმნის საქმეში, ასევე ყარაბაღის ომსა და სომხური ჯარის შექმნაში შეტანილი მისი უდიდესი წვლილი“.
თუმცა, 2019 წლის თებერვლიდან კოჩარიანის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდებაა წარდგენილი – ქრთამის სახით 927 მილიონი დრამის(დაახლოებით $3 მილიონი) აღებაში”. ამის შესახებ მეწარმე სილვა ამბარცუმიანმა განაცხადა.
კოჩარიანმა განაცხადა, რომ მეორე საქმე მასზე იმისთვის არის აღძრული, რომ მისი ქონება დაყადაღდეს. საკონსტიტუციო წყობის დამხობის საქმე, ქონების კონფისკაციის სახით, დამატებით სანქციას არ ითვალისწინებს – მაგრამ, სავარაუდო ქრთამის აღების საქმის შემთხვევაში, ეს შესაძლებელია.
ბოლოს რობერტ კოჩარიანი 25 ივლისს დააპატიმრეს.
ექს-პრეზიდენტი მის წინააღმდეგ წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს და მათ პოლიტიკურ დაკვეთად და სომხეთის ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან ვენდეტად მიიჩნევს.
რატომ არის 2008 წლის 1 მარტის მოვლენები ასეთი მნიშვნელოვანი პრემიერი ფაშინიანისთვის
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მძვინვარე ოპოზიციონერი იყო. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის პრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანის ინტერესებს წარმოადგენდა.
ფაშინიანი აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, რომლებიც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. 1 მარტს, დემონსტრაციის დარბევის შემდეგ ის, მასობრივი არეულობების მოწყობის ბრალდების გამო, წელიწადითა და ოთხი თვით იატაკქვეშეთში გაუჩინარდა.
2010 წლის 1 ივლისს ფაშინიანი ნებაყოფლობით გამოცხადდა პროკურატურაში, ის დააპატიმრეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
წელიწადისა და 11 თვის შემდეგ მას სომხეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ამნისტია შეეხო.
უფლებადაცმველები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მაშინ ეს ნაბიჯი იძულებით, საერთაშორისო სტრუქტურების ზეწოლით გადადგა.
რობერტ კოჩარიანმა ღიად და არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთის ახალი ხელისუფლების კატეგორიული მოწინააღმდეგეა.