სკანდალი საქართველოს პარლამენტში: რუსი დეპუტატი პარლამენტის სპიკერის სავარძელში
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის შენობაში 20 ივნისს სკანდალურად ჩაიშალა.
დელეგატებს პარლამენტის შენობის დატოვება მოუხდათ მას შემდეგ, რაც პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ სესიის გახსნა გააპროტესტეს.
შესვენების შემდეგ ასამბლეამ მუშაობის განახლება ვერ შეძლო, რადგან პარლამენტის ტრიბუნა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა დაიკავეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ. მათი აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.
პროტესტი ოპოზიციაში
ოპოზიციონერმა პარლამენტის წევრებმა “ნაციონალური მოძრაობიდან და “ევროპული საქართველოდან”, რომლებმაც პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს, ხელისუფლებას ნახევარი საათი მისცეს ყველა რუსი დეპუტატის გასაყვანად.
“თუ არ გაიყვანენ ამ ხალხს პარლამენტის შენობიდან, ჩვენ დავიწყებთ ხალხის მობილიზაციას და არა პარლამენტის წინ, ამ დარბაზში შემოვიყვანთ მოქალაქეებს”,– განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
„მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა ეს ყველაფერი. წაბილწეს ჩვენი პარლამენტი. პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა ბატონი გავრილოვი, რომლის ბიოგრაფიაშიც აღნიშნულია, რომ აფხაზეთში, ომის მიმდინარეობის დროს, ის იყო აფხაზეთში და ცხადია, არა ტურისტად. … მისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომა არის შეურაცხყოფა, მაგრამ მთავარი პრობლემა შენობა კი არ არის, არამედ ამ ადამიანების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა“, – განაცხადა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან გიორგი კანდელაკმა.
• ვის უფლებებს იცავენ საქართველოში
აღშფოთება და თავის მართლება ხელისუფლების მხრიდან
ოპოზიციის პროტესტის შემდეგ აღშფოთება მომხდარის გამო მმართველი პარტიის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს. პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდარი “პროტოკოლური შეცდომით” ახსნა, რომელსაც “რეაგირება აუცილებლად მოჰყვება”.
„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მისი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
„ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ გავრილოვი მოხვედრილიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვებათ”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ .
„ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი. … რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა“, – წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მმართველი პარტიიდან თამარ ჩუგოშვილი.
არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო აქტივისტები
“დღეს რუსეთმა მთელი საქართველოს ოკუპაცია წარმატებით დაასრულა ! პარლამენტში სხდომა ჩაუტარა ჩვენ დეპუტატებს ! გული მტკივა და გულის სიღრმემდე შეურაცხყოფილი ვარ მე როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე! მახსოვს ყველაფერი არ დამვიწყებია ომი!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშოროსო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაური.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ბერულავა აღნიშნავს, რომ პარლამენტში მომხდარი ფაქტის გამო “ანტისაოკუპაციო მოძრაობა” რომელიც ოკუპაციის ხაზს პატრულირებს, დღეიდან თბილისში, პარლამენტის წინ გადმოინაცვლებს “სადაც რეალურად გადის ოკუპაციის ხაზი”.
სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ დღეს 19 საათძე დააანონსეს.