„გახადე შრომა უსაფრთხო“ – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ამ შინაარსის პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
პეტიციის ავტორები შრომის კანონმდებლობის შეცვლას და უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფას ითხოვენ. მთავარი მოთხოვნაა უსაფრთხო შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა.
ხელმოწერების შეგროვება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 9 თებერვალს, თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსიდან 26 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო სამუშაო ადგილზე მუშა დაიღუპა. მედიასაშუალებებში პერმანენტულად ჩნდება ცნობები მშენებარე ობიექტებიდან ჩამოვარდნილი მუშებისა და შახტაში დაღუპულების შესახებ. პროფკავშირების მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წელს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სამუშაო ადგილზე 41 ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა.
მას შემდეგ, რაც პეტიცია 10 ათას ხელმომწერს შეაგროვებს, მას საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გაუგზავნიან.
შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა დიდი ხანია საქართველოში დღის წესრიგში დგას, თუმცა პროცესი ჭიანურდება.
საქართველოს მთავრობამ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი ჯერ კიდევ 2017 წლის პირველ ივნისს წარადგინა პარლამენტში. კანონპროექტი გასული წლის დეკემბერში უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ უზრუნველყოფს, თუმცა პარლამენტი ამ არასრულყოფილი დოკუმენტის მიღებასაც კი არ ჩქარობს.
კანონპროექტში არსებულ პრობლემებზე საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენმა გაავრცელა, კონკრეტული ხარვეზებია ჩამოთვლილი: მაგალითად, კანონმდებლობა ვრცელდება არა ყველა დასაქმებულზე, არამედ მხოლოდ მძიმე, მავნე და საფრთხის შემცველ სამუშაოზე; გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექტორებს კვლავ არ აქვთ სამუშაო ადგილების უპირობო შემოწმების უფლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ უშუალოდ მიმართავენ დასაქმებულები; ასევე უკიდურესად დაბალია სანქციები – კერძოდ, შრომის უსაფრთხოების პირობის დარღვევა პირველ ჯერზე იწვევს გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 50 ლარის ოდენობის ჯარიმას.