საქართველოს პროკურატურამ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე კიდევ 6 პირი დააკავა
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები დააკავეს.
დაკავებულები არიან მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე. ხოლო ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ დაკავებულები, დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამცირებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ პატიმრებს, მათ ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. გამოძიების ცნობით დაიკითხა 600 მსჯავრდებული.
“ბრალდებულთა ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა აღნიშნულისა, პატიმრებს აიძულებდნენ თანხმობა განეცხადებინათ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე”, – აცხადებენ პროკურატურაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1442-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ამ პირებს, სავარაუდოდ, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პატიმართა წამების და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე საქმეები მას შემდეგ აღიძრა, რაც 2012 წლის სექტემბერში ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. მსგავს ფაქტებზე 2012 წლის შემდეგ რამდენიმე ათობით პირი დააკავეს, ზოგიერთმა მათგანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.