ორი აქცია კანცელარიასთან: ერთმანეთს ლგბტ-პრაიდის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ
საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან 14 ივნისს ლგბტ-აქტივისტთა საპროტესტო აქცია მართლმადიდებელ აქტივისტთა კონტრაქციის მონაწილეებთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. რამდენიმე პირი პოლიციამ დააკავა.
• საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში?
• ეკლესია და საზოგადოება საქართველოში – ხომ არ არის მეტისმეტი დიქტატი?
ლგბტ აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა აქციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოსთხოვა, თბილისში 18-23 ივნისს დაგეგმილი ლგბტ-პრაიდი არ დაუშვას.
აქცია სახელწოდებით “სახელმწიფო, სად ხარ?” სოციალური ქსელებით დაიგეგმა. თუმცა, კანცელარიასთან მისულ მის მონაწილეებს, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების დაცვას ითხოვდნენ, ადგილზე კონტრაქციის მონაწილეები დახვდნენ. მათ შორის – ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები, სასულიერო პირები და მემარჯვენე აქტივისტები.
“სახელმწიფო, სად ხარ?” – აქცია TBILISI PRIDE-ის ორგანიზებით მთავრობის კანცელარიასთან.🔴 ადგილზე იმართება კონტრაქციაც.
Posted by ტაბულა • Tabula on პარასკევი, 14 ივნისი, 2019
როგორც ლევან ვასაძემ განაცხადა, იგი ლგბტ აქტივისტებს აქციის ჩატარების უფლებას არ მისცემს:
“ჩვენ იმისთვის მოვედით, რომ საქართველოში გარყვნილების ზეიმი არ დავუშვათ. რამდენი ელჩიც არ უნდა მოვიდეს, ერეოდეს, რამდენი ზეწოლაც არ უნდა მოახდინონ ჩვენს საზოგადოებაზე… სიბილწის პროპაგანდისტებს ჩვენ არ ვაზეიმებთ”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
“თბილისი პრაიდის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ბოლქვაძემ ხელისუფლების პირველ პირებს მოსთხოვა, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია: “ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ თუ თეოკრატიულ სახელმწიფოში”
ლგბტ-აქტივისტებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონი ჩადგა, აგრესიული ქცევის გამო პოლიციამ კონტრაქციის 8 მონაწილე დააკავა.
“თბილისი პრაიდის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა განაცხადა, რომ მიუხედავად დღევანდელი ინციდენტისა, პრაიდის კვირეული მაინც აუცილებლად ჩატარდება.
“იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, დაიცავს ადამიანთან შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და გააკეთებს განცხადებას იმ ძალადობის წინააღმდეგ”, – განაცხადა თაბაგარმა.
აქტივისტებმა უარი თქვეს ტერიტორიის ავტობუსებით დატოვებაზე და გვიან ღამით ტერიტორია პოლიციის დაცვის თანხლებით დატოვეს. 1
საპატრიარქოს განცხადება
საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, თბილისში 18-23 ივნისს დაგეგმილი ლგბტ-პრაიდის ჩატარება არ დაუშვას.
– “ცხოვრების წესი, რომელსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს”, – ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
– საპატრიარქო აღნიშნავს, რომ პრაიდის ორგანიზატორებს “სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული”.
– „ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი–პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
– ეკლესია მოუწოდებს და საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, “გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს”.
პირველი რეაქცია
“საპატრიარქოს ჰქონდა შანსი გამოესყიდა ის დანაშაული, რაც 2013 წლის 17 მაისს ჩაიდინეს (როდესაც ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია სამღვდელოების წახალისებით დაარბიეს – JAMnews). 6 წელი ჰქონდათ იმის გასააზრებლად, რომ სიძულვილის ქადაგება და აგრესიის წახალისება მათივე ინტერესებს ვნებს, მაგრამ როგორც ჩანს, მუდმივი ჰგონიათ რეიტინგი და ხალხის ნდობა. მიიყვანს კიდეც ეს დასასრულამდე. ბოროტება არავის შერჩება!” – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი.
რესპუბლიკური პარტიის წევრი, ყოფილი პარლამენტარი თამარ კორძაია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და მოუწოდებს, “საპატრიარქოს განცხადების ფონზე, ასჯერ მეტი მობილიზაცია” მოახდინოს პრაიდის მონაწილეთა დასაცავად. “ბოლოს და ბოლოს ხელისუფლების ღირსების საკითხია – საპატრიარქო თითის ქნევითა და ულტიმატუმით არ უნდა გელაპარაკებოდეთ!“ – წერს კორძაია.
“თბილისი-პრაიდის” მსვლელობას ხელისუფლება უსაფრთხოების გარანტიებს არ აძლევს
18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება. მას ორგანიზებას ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” გაუწევს. კვირეულის ფარგლებში სამი ღონისძიება არის დაგეგმილი: სოციალური თეატრი, საერთაშორისო კონფერენცია და ღირსების მარში.
სწორედ ღირსების მარშის გახდა როგორც ეკლესიის, ასევე მემარჯვენე დაჯგუფებების აღშფოთების მიზეზი. პრაიდის ორგანიზატორებს ბოლო დღეებში არაერთხელ დაემუქრნენ, რომ მსვლელობის ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ.
პრაიდის ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ღონისძიების უსაფრთხოების განხილვის მიზნით რამდენიმე შეხვედრა გამართეს. თუმცა, 31 მაისს შსს-მ განაცხადა, რომ ,,თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.
შსს-მ „თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შესთავაზა “გამოხატვის სხვა შესაძლებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის”.