საქართველოს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე დახურა. მოკლულის მამას სტრასბურგის იმედი აქვს
საქართველოს გენერალური პროკურატურა წყვეტს 2017 წლის ბოლოს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიებას, რადგან მიიჩნევს, რომ ეს საკითხი უკვე გამოძიებულია.
პროკურატურას უნდა დაედგინა რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეცრაზმელი, რომელმაც თავში სასიკვდილო ტყვია ესროლა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს, და ხომ არ გადაამეტა მან საკუთარ უფლებამოსილებას.
პროკურატურამ საქმე დახურა, რადგან სპეცრაზმელის მოქმედებაში უკანონო ვერაფერი დაინახა. გამოძიების თანახმად, ვიდრე გაისროდა, სპეცრაზმელმა გააფრთხილა მაჩალიკაშვილი მისთვის ხელები ეჩვენებინა, თუმცა მოკლული ამ თხოვნას არ დაემორჩილა, შეეცადა ხელყუმბარა აეფეთქებინა და ამიტომაც სპეცრაზმელმა მას ესროლა.
თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში.
მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელმა თავში დაჭრა. 19 წლის ბიჭი გონზე მოუსვლელად 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.
ეს სპეცოპერაცია, რომლის დროსაც პანკისში ტერორისტები უნდა დაეკავებინათ, ბევრ კითხვის ნიშანს უჩენს უფლებადამცველებს და იურისტებს.
სპეცრაზმელები მაჩალიკაშვილების ოჯახში 26 დეკემბერს გვიან ღამე შეიჭრნენ, როცა ოჯახს ეძინა. სახლში იყო 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილიც – ის საკუთარ საძინებელში, ლოგინში იწვა. მას იქვე, ლოგინში ესროლეს ისე, რომ ადგომაც ვერ მოასწრო.
სამართალდამცავთა მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელსაც ტერორისტებთან ჰქონდა კავშირი, სპეცრაზმელმა იმ მომენტში ესროლა, როდესაც ის ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა.
ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება მოკლულის ოჯახი. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბიჭს არც ყუმბარა ჰქონია და არც ტერორისტი ყოფილა.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს უკვე ორ წელზე მეტია კარავი აქვს გაშლილი თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან და შვილის საქმის მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვს.
სამართალდამცავებთან ასევე ბევრი კითხვა აქვთ ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სახალხო დამცველსაც. მათი აზრით, ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ წარმოადგინა თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ისევე როგორც ვერ დაადასტურა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ყუმბარის აფეთქებას აპირებდა.
ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ თბილისის პროკურატურამ საქმეზე „სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიება ჩატარდა”, რომელმაც დაადგინა, რომ “სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა”.
პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ არც ამ სპეცრაზმელს, არც მისი რაზმის რომელიმე წევრს და არც სხვა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, ამიტომ “საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო”.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ჰქონდა ყუმბარა, რომლის აფეთქებასაც ის აპირებდა:
“აღნიშნული ხელყუმბარა ამოღებული იქნა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად, ჩხრეკას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. მას რაიმე შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია”, – აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღდეგ“ – ამ სახელწოდების საქმის არსებითი განხილვა სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაიწყო.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით, ამ მასალების წაკითხვა შეძლეს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) ექსპერტებმა.
საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ორგანიზაციამ საკმაოდ მძიმე დასკვნა გააკეთა – მათ თქვეს, რომ პროკურატურა მაჩალიკაშვილის საქმეს ფორმალურად და ილუზორულად იძიებდა.
ოპოზიცია გამოძიების შეწყვეტას ხელისუფლების კიდევ ერთ უტიფარ გადაწყვეტილებას უწოდებს.
“კიდევ ერთი ძალიან უტიფარი საქციელია, როგორც წარმართეს მთელი ეს საქმე, ჯერ ამდენი გაურკვევლობით და შემდეგ ასეთი უტიფარი ზოგადი პასუხით, მაშინ, როცა საფუძვლიანი ეჭვები არსებობს და არა მარტო იმიტომ, რომ დაღუპულის ოჯახი ამბობს ამას, არამედ სხვა ყველა გარემოებიდან გამომდინარე, რომ ეს ფატალური შემთხვევა იყო გამოწვეული იმით, როგორც იყო დაგეგმილი ოპერაცია და შემდეგ უდიდესი ეჭვი არსებობს, რომ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება და გარემოებების ყალბად წარმოჩენა”, – განაცხადა ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
თავად თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ობიექტური გამოძიების მოთხოვნით უკვე ორი წელია აქციებს მართავს, ამბობს, რომ იცოდა, პროკურატურა საქმეზე გამოძიებას რომ შეწყვეტდა.
“როდისმე იყო დაწყებული გამოძიება? არა! გამოძიება არ ყოფილა დაწყებული. [ერთმანეთის პირისპირ] ვიდექით მე და სახელმწიფო. მათ უნდა გაემართლებინათ თავიანთი დანაშაული. მე კი უნდა მებრძოლა იმისთვის, რომ [მეჩვენებინა] რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული… მე ამას ველოდი. ველოდი კი არა, ვიცოდი! ამ ორი წლის განმავლობაში მთელი სახელმწიფოს მხრიდან, აღებული უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, ყოველთვის იყო მცდელობები რომ რამენაირად დაედანაშაულებინათ თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს არ გამოსდიოდათ. ყველაფერს აკეთებდნენ რომ საზოგადოებას დაენახა რომ თემირლანი იყო დამნაშავე, რომ ისინი სწორად მოიქცნენ და გამართლებული იყო მათი ნამოქმედარი,” – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.