EMC: თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს ფორმალურად და ილუზორულად იძიებენ
2017 წლის ბოლოს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება ფორმალურ ხასიათს ატარებს – ამ დასკვნამდე მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) ექსპერტები, რომლებმაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე წლების განმავლობაში მკაცრად გასაიდუმლოებული მასალები შეისწავლეს.
თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული გამოუძიებელი საქმეა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში.
მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელმა თავში დაჭრა. 19 წლის ბიჭი გონზე მოუსვლელად 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.
სპეცრაზმელები მაჩალიკაშვილების ოჯახში გვიან ღამე შეიჭრნენ, როცა ოჯახს ეძინა. თემირლან მაჩალიკაშვილს საკუთარ საძინებელში ესროლეს ისე, რომ მან ლოგინიდან ადგომაც ვერ მოასწრო.
სამართალდამცავთა მტკიცებით, თემირლანს ტერორისტებთან ჰქონდა კავშირი და მას იმ მომენტში ესროლეს, როდესაც ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა.
ყუმბარის არსებობას, ასევე კავშირს ტერორისტებთან კატეგორიულად უარყოფს მოკლულის ოჯახი.
თემირლანის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს უკვე თითქმის ორ წელზე მეტია კარავი აქვს გაშლილი თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან და შვილის საქმის მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვს.
სამართალდამცავებთან ასევე ბევრი კითხვა აქვთ ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სახალხო დამცველსაც. მათი აზრით, ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ წარმოადგინა თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. EMC გამოძიების დასაწყისშივე ითხოვდა საქმის საიდუმლო ნაწილის გაცნობას, თუმცა, უშედეგოდ.
მასალებთან წვდომა 10 იანვარს გახდა შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო საქმეზე – „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღდეგ“. სტრასბურგმა საქართველოს მთავრობას საქმის მასალების სრული გაზიარება მოსთხოვა, რის შემდეგაც მათთან წვდომა EMC-მაც მოიპოვა.
მთავარი კითხვა, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს – ჰქონდა თუ არა მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა და ესროლა თუ არა მას სპეცრაზმელმა უსაფრთხოების და თავდაცვის მიზნით?
„სწორედ ხელყუმბარის ხსენებამ (რომ თითქოს თემირლანს ის ჰქონდა…) ჩააგდო საზოგადოება ეჭვში და შეხედა ამ საქმეს ეჭვის თვალით… ხელყუმბარა ოთახში საერთოდ არ ყოფილა, ხელყუმბარა მერე შემოიტანეს“, – ამბობს მოკლულის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ხელყუმბარასთან დაკავშირებულ კითხვაზე EMC ასეთ რამეს წერს:
„გამოძიების დაწყების პირველივე ეტაპზე სუს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის გამოყენებით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას სპეცრაზმისთვის, კიდევ უფრო დაუსაბუთებელი და სუსტი აღმოჩნდა“.
ამ დასკვნისას ორგანიზაცია იმ სპეცრაზმელის გამოკითხვებს ეყრდნობა, რომელმაც მაჩალიკაშვილს ესროლა და ასევე სხვა პირთა ჩვენებებს, რომლებიც საქმეშია.
მაგალითად, სპეცრაზმელი ერთ-ერთ ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან მაჩალიკაშვილს ესროლა და ყუმბარა გააგდებინა, შემდეგ საკუთარი ხელით აიღო ეს ხელყუმბარა და გადადო უსაფრთხო ადგილას – შესასვლელ კართან პატარა ხალიჩაზე. და მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინეს გამნაღმველებმა ხელყუმბარის განმუხტვა“.
როგორც ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, საქმეში 32 სპეცრაზმელის ჩვენება და პროკურატურის მიერ მოპოვებული სხვა მასალები დევს, თუმცა არა თუ პასუხგაუცემელი დარჩა მნიშვნელოვანი კითხვები, არამედ უბრალოდ დასმულიც კი არ ყოფილა ისინი.
„გამოკითხვის ოქმების შეფასებამ აჩვენა, რომ გამოძიება უფრო მეტად ფორმალური და ილუზორულია… სპეცრაზმელების მიმართ არ არის დასმული ძალიან მნიშვნელოვანი დამაზუსტებელი კითხვები“, – აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენელი, მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი, თამთა მიქელაძე.
• სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა 1 ოქტომბერს დაიწყო.
• სტრასბურგის პარალელურად, მოკლულის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და იმ პირთა საჯაროდ დაკითხვას ითხოვს, რომლებსაც აღნიშნულ საქმესთან აქვთ კავშირი. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანია დაისაჯონ დამნაშავეები და მის შვილს “ტერორისტის” იარლიყი ჩამოშორდეს.
“ხალხმა, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იცოდეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქვეყნის გარეთაც კი. მე ამიტომ ვითხოვ საგამოძიებო კომისიის შექმნას”- ამბობს მაჩალიკაშვილი ტვ.პირველის ეთერში.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ გამოდიან.
• პანკისის ხეობა თბილისიდან 150 კილომეტრით, ხოლო ჩეჩნეთიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული. 2014 წელს ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის აღწერის თანახმად, ხეობაში შვიდი ათასამდე მაცხოვრებელია, მათი დიდი უმრავლესობა – ქისტი.
ქისტები ეროვნებით ჩეჩნები არიან, რომლებიც მე-19 საუკუნეში ჩეჩნეთიდან პანკისში ხეობაში დასახლდნენ. 2000-იან წლებში ჩეჩნეთის ომის დროს პანკისში ათასობით ჩეჩენი დევნილი აფარებდა თავს. დევნილების გარდა, აქაურობა რუსეთის ფედერალურ ძალებს გამოქცეული ჩეჩენი მებრძოლებისთვისაც მთავარი თავშესაფარი გახდა. პირველად სწორედ მაშინ შეიძინა პანკისის ხეობამ “სახიფათო ზონისა” და ტერორისტების თავშესაფრის რეპუტაცია, რომელსაც წლებია თავი ვერ დააღწია.
სირიის კონფლიქტის დაწყებასთან და “ისლამური სახელმწიფოს” აღორძინებასთან ერთად პანკისის ხეობა კვლავ აქტუალური გახდა. სხვადასხვა მონაცემით, ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ბოლო ორი წლის განმავლობაში 40-დან – 50-მდე ახალგაზრდა იბრძოდა პანკისის ხეობიდან. აქედან ოთხი საველე მეთაური გახდა, მათ შორის იყო ომარ ალ შიშანიც, “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ცნობილი ლიდერი.
პანკისელი ქისტები ერთ-ერთი ყველაზე კარგად ინტეგრირებული ეროვნული უმცირესობაა საქართველოში – თითქმის ყველამ, მშობლიურ ჩეჩნურთან ერთად, კარგად იცის ქართული ენა.