აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა, ზაქირ ჰასანოვმა, ლევან იზორიამ და ნურეთინ ჯანიქლიმ 1 აპრილს თურქეთის ქალაქ გირესუნში მეექვსე სამმხრივი შეხვედრა გამართეს და მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სამ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში უფრო ახლო თანამშრომლობას ითვალისწინებს, წერს Civil.ge.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობას „სამაგალითო“ უწოდა და აღნიშნა, რომ „რეგიონში ყველა პროექტის, იქნება ეს ენერგეტიკული, სავაჭრო თუ სხვა სახის, განხორციელება დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი თანამშრომლობის ხარისხზე“.
იზორიამ ხაზი გაუსვა, რომ გასული წელი „ერთ-ერთი წარმატებული“ წელი იყო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, „განსაკუთრებით ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზების თვალსაზრისით“.
მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორიამ და ნურეთინ ჯანიქლიმ ცალკე შეხვედრაც გამართეს, სადაც თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
სამმხრივ ფორმატში თავდაცვის მინისტრების პირველი შეხვედრა 2014 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანში გაიმართა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამგვარი შეხვედრები რეგულარულად გაემართათ.
სამმხრივ ფორმატში შეხვედრებს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ატარებენ. ამ ფორმატს საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა.