საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვის უფლება მისცეს. რა არის ამაში უცნაური?
გაზიარება
გაზიარება
ქალებისა და ავტომობილების შესახებ ეს სატირული კლიპი საუდის არაბეთში საუდელმა მუსიკოსმა და მსახიობმა, ჰიშამ ფაგიმ რამდენიმე წლის წინ გადაიღო. ახლა კლიპი განსაკუთრებით აქტუალურია – საუდის არაბეთში ქალებისთვის მანქანის მართვის აკრძალვა ოფიციალურად გაუქმდა, – იუწყება CNN.
სამეფო განკარგულება, რომელიც ქალებს საჭესთან დაჯდომას უკრძალავდა, ქვეყანაში XX საუკუნის შუა წლებიდან მოქმედებდა. 2018 წლისთვის საუდის არაბეთი მსოფლიოში ერთადერთ ისეთ ქვეყნად რჩებოდა, სადაც მანქანის მართვის უფლება მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ.
აკრძალვის გაუქმება – ერთ-ერთი მასშტაბური რეფორმაა, რომელიც საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა გაატარა. პრინცს მიაჩნია, რომ ქალების მიერ მანქანის მართვის უფლების მიღება მომუშავე ქალების რიცხვის ზრდას გამოიწვევს.
უკანასკნელი წლის განმავლობაში საუდის არაბეთში, ბინ სალმანის ინიციატივით, ქალების მადისკრიმინებელი ერთდროულად რამდენიმე კანონი გაუქმდა, მაგრამ გარკვეული წინსვლის მიუხედავად, საუდის არაბეთი ძველებურად ისეთ სახელმწიფოდ რჩება, სადაც ქალების დისკრიმინაცია ყოველდღიური და კანონიერი ქმედებაა.
ქვეყანაში მოქმედებს მეურვეობის სისტემა, რომლის მიხედვითაც, ქალს სერიოზული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება პრაქტიკულად არ გააჩნია. ის ვალდებულია, დაემორჩილოს თავის მამას, ქმარს, ძმას, და ზოგიერთ შემთხვევაში – საკუთარ ვაჟსაც კი.
ქალებმა სამედიცინო დახმარების (პლასტიკური ქირურგიის), საზღვარგარეთ გამგზავრების, უნივერსიტეტში სწავლის, ქორწინების და ციხიდან გათავისუფლების უფლებაც კი აპეკუნი ქმრისგან უნდა მიიღონ.
საჭესთან დასაჯდომად სამეფოს ქალებს 27-წლიანი ბრძოლა დასჭირდათ, მაგრამ ამ ქვეყანას რიგი პრობლემების გადაჭრა ჯერ კიდევ წინ აქვს.
კერძოდ, გენდერული სეგრეგაციის გამო, საუდის არაბეთის ქალებისთვის უცხო მამაკაცებთან ურთიერთობა უკიდურესად არასასურველია. გამოდის რომ საუდის არაბეთში მოუწევთ ქალების საგზაო პოლიციის შექმნაზე დაფიქრება, რომელსაც დარღვევის შემთხვევაში, ქალებისთვის ჯარიმების გამოწერისა და მანქანის ჩხრეკის უფლება ექნება.
გაურკვეველია, ასევე, თუ ვინ უნდა ასწავლოს ქალებს მანქანის მართვა და ვინ უნდა მისცეს მათ მართვის უფლება – ალბათ ქალი ავტოინსტრუქტორები და ახალი სპეციალიზაციის მქონე ჩინოვნიკი ქალები დასჭირდებათ.
საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციის Amnesty International-ის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მართვის უფლების აკრძალვის გაუქმება – „სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ხნის ნანატრი პატარა ნაბიჯია“ – თუმცა, ხელისუფლებასა და უფლებადამცველებს დიდი მუშაობა ელით, რათა საუდის არაბეთში თანასწორუფლებიანობას მიაღწიონ.
ეს მუსიკალური კლიპი საუდურმა კომპანიამ გადაიღო, მთავარი იდეაა – საუდის არაბეთში ქალთა უფლებებისადმი ყურადღების მიპყრობა.