სალომე ზურაბიშვილს ნინოწმინდაში ნათქვამის გამო ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ
გაზიარება
გაზიარება
„ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა“, – უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში შეკრებილ ამომრჩეველს.
მისმა ამ სიტყვებმა მორიგი სკანდალი გამოიწვია. ამჯერად “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს ქსენოფობიასა და ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ.
საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ორ ოქტომბერს, ნინოწმინდაში გამართულ შეხვედრაზე, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესახებ ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ კანონი, რომელიც მხოლოდ პრეზიდენტს აძლევს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პრეროგატივას, არასამართლიანია.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ეთნიკურად თურქ მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლება მისცა, ეთნიკური სომხები კი დღემდე ამ პრობლემის წინაშე დგანან.
ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ზურაბიშვილის განცხადება ქსენოფობიური და ანტისახელმწიფოებრივი იყო.
“ასეთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადების (მერემდენედ!) ავტორი პრეზიდენტად არჩეული კი არა, მგლის ბილეთით უნდა იყოს ქართული პოლიტიკიდან გაძევებული. სრულიად სამარცხვინო კანდიდატია და ორმაგად სამარცხვინოა ამის ნებისმიერი მხარდამჭერი. ახლა მარნეულში რომ ჩავა ალბათ იმას იტყვის, სინამდვილეში სურენა სააკიანცი არის ისაო”, – წერს თავის ფეისბუკზე “რესპუბლიკელი” დავით ზურაბიშვილი.
“ძალიან სახიფათოა ასეთი განცხადება, რადგან ეს აღვივებს თურქოფობიას. მისი განცხადება თურქებს წარმოაჩენს როგორც საფრთხეს და ეს არის ცალსახად ქსენოფობიური. გარდა ამისა, ორმაგად საზიანოა, როდესაც მსგავსი განცხადება კეთდება იმ ეთნიკურ ჯგუფთან სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც აქვს გარკვეული ტკივილიანი კავშირები თურქეთამდე არსებულ ოსმალეთის იმპერიასთან. მსგავსი გამოხატვა ჯდება კანონის ფარგლებში, თუმცა ძალიან დამაზიანებელია”, – უთხრა “ნეტგაზეთს” “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადების პათოსს იზიარებს “ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი, რომელმაც თქვა:
“ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მანამდე არ იყო საქართველოს მოქალაქე, სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გახდა საქართველოს მოქალაქე და ამაზე არავის არ უთქვამს ახსნა, თუ რატომ მოხდა ასეთი მასიური დარიგება საქართველოს მოქალაქეობის. ალბათ, სწორედ ეს იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა და მეტი არაფერი”.