სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის ჩართვას აპროტესტებს
გაზიარება
გაზიარება
„საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა.საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციციონერმა დეპუტატებმა, რომლებმაც გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა ჰიმნი ჩართეს, დაარღვიეს “თავისუფლების ქარტია” [2011 წლიდან საქართველოში მოქმედი „თავისუფლების ქარტიის“ მიზანია კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის აღმოფხვრა. აგრეთვე კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა].
პრეზიდენტი ასე გამოეხმაურა 18 თებერვალს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს, დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას.
“ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა თალაკვაძის გამოსვლა ამგვარი პერფორმანსით გააპროტესტეს.
პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს არ ესწრებოდა ოპოზიცია, რადგან უკვე რამდენიმე თვეა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საარჩევნო რეფორმა ჩააგდო, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია.
ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქცია-პერფორმანსი იყო იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანაში საბჭოთა კავშირი მკვიდრდება:
„ქვეყანაში, რომელშიც არის დიდი კრიზისი, ნახევრად ცარიელ დარბაზში ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოდის და ესე საუბრობს. ერთადერთი, რისი სიმბოლოცაა ეს ყველაფერი, არის საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი”.
წინა დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში სახეზე აფარებული ბიძინა ივანიშვილის გამოსახულების ნიღბებით მივიდნენ და ცდილობდნენ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის არჩევის პროცესი ჩაეშალათ.