საქართველოს ექს-პრეზიდენტს, ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. როგორც უკრაინული მედიარესურსი tsn-ი წერს, ამ ფაქტს უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში ადასტურებენ. მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზად არასწორად შევსებული ანკეტა და პასპორტის აღების დროს მიწოდებული ცრუ ინფორმაცია დასახელდა.
კერძოდ კი, 2015 წელს ანკეტაში სააკაშვილმა მიუთითა, რომ მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძება არც უკრაინაში და არც მის ფარგლებს გარეთ. მაშინ, როცა მასზე საქართველოში დაპატიმრების სანქცია არსებობდა, – განუცხადა tsn-ს წყარომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურში.
თუმცა, სხვა რაიმე ოფიციალური განცხადება საიმიგრაციო სამსახურს არ გაუკეთებია.
ამ ინფორმაციას პოროშენკოს ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს “ინტერფაქს-უკრაინაც”. აღნიშნული გამოცემა წერს, რომ შესაბამის ბრძანებას უკვე მოაწერა ხელი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც პრეზიდენტის ბრძანებულებები ქვეყნდება, მსგავსი შინაარსის დოკუმენტი არ არის გამოქვეყნებული. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად კი, პირი მოქალაეობადაკარგულად მხოლოდ შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ მიიჩნევა.
სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ადასტურებს სააკაშვილის ერთ-ერთი თანამებრძოლი, უკრაინისა და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძეც. მისი თქმით, ოდესის ყოფილ გუბერნატორს უკრაინაში შესვლაც აეკრძალა:
“უკრაინამ მორიგი “იანუკოვიჩი” მიიღო, ოღონდ ინგლისურად მოსაუბრე. ყველა ხედავს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ადამიანი, რომელიც ყველაზე ხმამაღლა საუბრობდა ამის შესახებ, დღეს უკრაინის მოქალაქეობის გარეშე დატოვეს და უკრაინაში შესვლა აუკრძალეს. მაგრამ ჩვენ (სააკაშვილის პარტია “Рух Новых Сил”. JAMnews) არ გავჩერდებით. ეს პოროშენკოს დასასრულის დასაწყისია”.
სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს, ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ პოროშენკო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებდა.
2015 წლის დეკემბერში სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა იმის გამო, რომ მან უკრაინული პასპორტი აიღო. უკრაინის მოქალაქეობა სააკაშვილმა პირადად პრეზიდენტ პოროშენკოს ბრძანების თანახმად მიიღო.
სააკაშვილს სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნია.
2016 წელს სააკაშვილმა უკრაინაში ოპოზიციური პარტია “Рух Новых Сил” შექმნა. ის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა.