ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ს ყიდის
„რუსთავი 2“-ის ახალმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც ერთ თვეზე ცოტა ნაკლებია, რაც ამ ტელეკომპანიას ფლობს, მისი გაყიდვა გადაწყვიტა.
ივლისში, მრავალწლიანი სასამართლო ბრძოლის შემდეგ, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ამ ოპოზიციურ ტელეკომპანიაზე უფლებები დაიბრუნა. ახლა ის ამბობს, რომ ტელეკომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და მის გადარჩენას ვერ შეძლებს.
ამ საკითხის უკან ქართველი ექსპერტები პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ხედავენ – სავარაუდოდ, ახალი მყიდველი ხელისუფლებისადმი უფრო ლოიალურად განწყობილი და უფრო სანდო ბიზნესმენი გახდება.
_________________
„მე გადავწყვიტე, „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე გავყიდო – მას მივცემ, ვინც უფრო მაღალ თანხას შემომთავაზებს“, – ნათქვამია დღეს, ქიბარ ხალვაშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანიის 100 პროცენტის მფლობელი ხალვაში ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის გაყიდვის მიზეზი, არხის მძიმე ფინანსური მდგომარეობაა.
მისი თქმით, საკრედიტო დავალიანება 70 მილიონ ლარამდეა, რომლიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება 27 მილიონ ლარს შეადგენს.
„დღეს ყველა ფაქტობრივი და იურიდიული საფუძველი არსებობს კომპანიის გადახდისუუნაროდ გამოცხადების საქმის დასაწყებად“, – აცხადებს ხალვაში.
ყველაზე რეიტინგული და ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის გასაყიდად გამოცხადებულ კონკურსს სარეკორდო ვადები აქვს – როგორც ხალვაშის განცხადებაშია ნათქვამი, კონკურსი ერთი კვირის განმავლობაში უნდა დასრულდეს, იმდენად, რამდენადაც ტელეკომპანია მძიმე ფინანსურ კრიზისში იმყოფება.
აუქციონში მონაწილეობის მსურველმა საკუთარი გეგმების სერიოზულობის დასადასტურებლად სპეციალურ ანგარიშზე 1 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადარიცხოს. კონკურსში გამარჯვებულს საგარანტიო თანხა საბოლოო საფასურში ჩაეთვლება, დამარცხებულს კი ფული უკან დაუბრუნდება. თუკი გამარჯვებული დათქმულ ვადებში კომპანიის საფასურს ვერ გადაიხდის, საგარანტიო თანხას დაკარგავს.
ხალვაში ამბობს, რომ ის მზადაა ნებისმიერს დაელაპარაკოს, ვინც მზად არის ტელეკომპანია იყიდოს და ამ კრიზისიდან გამოიყვანოს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარდა, რომლის გავლენის ქვეშაც იმყოფებოდა ტელეკომპანია მრავალი წლის განმავლობაში.
„ერთადერთი, ვისთანაც არ ვაპირებ საუბარს, ეს არის „რუსთავი 2“-ის ყოფილი არაფორმალური მფლობელი და მმართველი, მიხეილ სააკაშვილი“, – აცხადებს ხალვაში.
მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე ხალვაში მთელ პასუხისმგებლობას ტელეკომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აკისრებს.
„მე არაერთხელ ვამბობდი, რომ… „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ყველა საშუალებას იყენებდა, რათა ზიანი მიეყენებინა კომპანიისთვის. დღეს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ნიკა გვარამიას რამდენიმეწლიანი ზრუნვის შედეგად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კატასტროფული მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდა“, – წერია ხალვაშის განცხადებაში.
„ეს პოლიტიკური გარიგება იქნება“
ქართველი ექსპერტები და პოლიტიკური მიმომხილველები დარწმუნებული არიან, რომ კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე „რუსთავი 2“-ს არავინ იყიდის და თუკი მყიდველი გამოჩნდება, ეს აუცილებლად პოლიტიკური გარიგება იქნება.
პოლიტიკური ექსპერტის, გია ხუხაშვილის თქმით, ხალვაშის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის ტელეკომპანიას გაყიდის, აბსურდულია, რამდენადაც თავად აკეთებს ანტირეკლამას და ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ს 70 მილიონი ლარის დავალიანება აქვს.
„რას ამბობს ქიბარ ხალვაში? მე მყავს საქონელი, რომელსაც ციმბირის წყლული აქვს და მე მას 1000 ლარად ვყიდი. მისი განცხადება სრული აბსურდია“, – განაცხადა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გია ხუხაშვილმა.
მისი თქმით, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ სხვა პრეტენდენტებიც არსებობენ, რომლებიც „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საკუთარ უფლებებზე საუბრობენ და სასამართლოში გეგმავენ დავას.
„ამ სიტუაციაში სრული იდიოტი უნდა იყოს ის, ვინც ამ ტელეკომპანიის ყიდვას გადაწყვეტს. შესაბამისად, გაუგებარია, ხალვაში, რომელიც თვითონ არის კომპანიის ანტირეკლამით დაკავებული, პარალელურად, როგორ ყიდის მას. ამაშია მთელი ამ ისტორიის უცნაურობა. ეს აუცილებლად პოლიტიკური გარიგება იქნება, რომელსაც კომერციულ ლოგიკასთან არაფერი ექნება საერთო“, – ამბობს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას უკვე ჰყავს „რუსთავი 2“-ის ახალი მყიდველის კანდიდატურა.
„ეს იქნება ნეიტრალური ადამიანი, მაგრამ აუცილებლად ხელისუფლებასთან აფილირებული“, – მიაჩნია მას.
„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე დავა, 18 ივლისს დასრულდა. ტელეკომპანიას ახალი მფლობელი ჰყავს. ეს არის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, ქიბარ ხალვაში.
ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საკუთარი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
ოპოზიციური არხის მფლობელებს შორის დავა 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლიდან მალევე დაიწყო. ხელისუფლება ამას „კერძო პირებს შორის დავად“ აფასებდა, მაგრამ დამკვირვებლებისთვის აშკარა იყო, რომ ამ „კერძო პირების“ უკან ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება იდგა, რომელიც ძლიერი ოპოზიციური მედიის მოშორებას ცდილობდა.
ნიკა გვარამია, რომელიც ყველაზე პოპულარულ ქართულ ტელეარხს შვიდი წლის განმავლობაში მართავდა, ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა გაათავისუფლა. ახლა მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი საქმეა აღძრული.
1 აგვისტოს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა გამოძიების დაწყების შესახებ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-ის ქონებისა და ფინანსური რესურსების მითვისების საქმეზე.
უკვე 9 აგვისტოს, საქართველოს პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ნიკა გვარამიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს სასჯელს ჯარიმის სახით ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ორ წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე.