როსკომნადზორმა (კომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებში ფედერალური სამსახური) მზად არის დაბლოკოს ფეისბუკი 2018 წელს, თუ კომპანია რუსეთის მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სერვერებზე არ განათავსებს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდ ჟაროვმა სააგენტო “ინტერფაქსთან” საუბარში განაცხადა.
“კანონის დაცვა ყველასთვის სავალდებულოა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ან კომპანია დაემორჩილება რუსეთის კანონმდებლობას, ან არადა, შეწყვეტს მუშაობას რუსეთის ტერიტორიაზე – ფეისბუკის შემთხვევაშიც იგივე მოხდება, რაც Linkedin-ის დაემართა. აქ გამონაკლისები არ არსებობს”, – აცხადებს რუსი ჩინოვნიკი.
ჟაროვი ამბობს, რომ Twitter-ი თანახმაა 2018 წლის მეორე ნახევრისთვის ყველა მონაცემები რუსეთში გადმოიტანოს. თუმცა, თავად Twitter-ის ხელმძღვანელობას მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუვრცელებია.
• 2015 წლის სექტემბერში რუსეთში ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად, ყველა სერვისი ვალდებულია რუსეთის მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე შეინახოს.
• 2016 წელს, აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან ერთ წელიწადში, რუსეთში პროფესიული კონტაქტების სოციალური ქსელი LinkedIn დაბლოკეს.