რუსეთის პრემიერს სასახლეები, რეზიდენციები და იახტები აღმოუჩინეს
ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა გამოაქვეყნა კვლევა რუსეთის პრემიერმინისტრის დიმიტრი მედვედევის აქტივებისა და ელიტური უძრავი ქონების შესახებ. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ეს ქონება უკანონოდ არის შეძენილი.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ დმიტრი ანატოლიევიჩ მედვედევი სულაც არ არის ისეთი უწყინარი და კომიკური პერსონაჟი, როგორადაც მას საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს. „იგი საკმაოდ ცბიერი და ხარბი ადამიანია, რომელიც ცოტათი შეშლილიც კია რეზიდენციებისა და ელიტური უძრავი ქონების ნიადაგზე, და სწორედ ამ ყველაფრის ფლობის სურვილით შექმნა მან ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დახვეწილი კორუფციული სქემა. ჩვენ აღმოვაჩინეთ და დოკუმენტურად დავამტკიცეთ, რომ არსებობს საქველმოქმედო და არაკომერციული ფონდები, რომლებიც მედვედევის ნდობით აღჭურვილმა პირებმა და ნათესავებმა შექმნეს. ნუ დაგაბნევთ სიტყვა „საქველმოქმედო“ – ამ შემთხვევაში, „დახმარებას“ მხოლოდ მედვედევი და მისი ოჯახი იღებენ”, – აცხადებს ფონდი.
ფილმში, რომელიც ამ კვლევას აძღვნება, ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელი, ალექსეი ნავალნი საუბრობს სქემაზე, რომელიც ჰაკერების საშუალებით გაიშიფრა. მათი წყალობით ინტერნეტში მედვედევის პირადი მიმოწერა გაჩნდა. კვლევა დმიტრი მედვედევის ბრწყინვალე სპორტული ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით დაიწყო. ეს სამოსი პრემიერმინისტრს მაშინ აცვია, როდესაც სამოყვარულო ფოტოებს იღებს ხოლმე. დადგინდა, თუ რომელ ობიექტში იქნა შეძენილი ეს ნივთები და ცნობილი გახდა იმ ადამიანის სახელი, რომელზეც ეს ტანსაცმელი „გაფორმდა“. და ამ ყველაფერმა მკვლევარები კიდევ უფრო სერიოზულ აღმოჩენებამდე მიიყვანა. ანტიკორუფციულმა ცენტრმა სხვადასხვა სტრუქტურებზე გადაფორმებული სასახლეები, რეზიდენციები, ვენახები და იახტები იპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორგანიზაციებს მედვედევის მეგობრები ხელმძღვანელობენ.
აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ნავალნი რუსეთის პრემიერს „მრავალსაფეხურიანი კორუფციული სქემის“ შექმნასა და ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. ოპოზიციონერი აცხადებს, რომ „სქემაში“ ათასობით ადამიანია ჩართული, შეძენილ უძრავ ქონებას კი სახელმწიფო სპეცსამსახურები იცავენ.
კვლევის გამოქვეყნების პასუხად რუსეთის პრემიერმინისტრის პრესმდივანმა, ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა, რომ „ნავალნის მასალა აშკარა წინასაარჩევნო ხასიათისაა, რასაც ავტორი თავადვე აღიარებს ვიდეორგოლის ბოლო ნაწილში“. მისი თქმით, “აზრი არ აქვს იმ ოპოზიციურად განწყობილი და ნასამართლევი ადამიანის პროპაგანდისტული გამოხტომის კომენტირებას, რომელმაც განაცხადა, რომ უკვე დაიწყო რაღაც წინასაარჩევნო კამპანია და ხელისუფლებას ებრძვის “.
ალექსეი ნავალნიმ, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ოპონენტად და კრიტიკოსად ითვლება, განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. იგი 2013 წელს ე.წ. „კიროვლესის საქმესთან“ დაკავშირებით გაასამართლეს და ხუთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. თავად ნავალნისა და მის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ „კიროვლესის საქმე“ პოლიტიკურად მოტივირებული კამაპანიაა.