2017 წელს „ევროვიზიის“ კონკურსში რუსეთი მონაწილეობას ვერ მიიღებს – ამის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორმა, ევროპის სამაუწყებლო კავშირმა.
„ევროვიზიის“ კონკურსის ფინალი კიევში 13 მაისს ჩატარდება. პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც რუსეთმა თავის წარმომადგენლად აირჩია მომღერალი იულია სამოილოვა, უკრაინამ კი მაშინვე აუკრძალა მას სამი წლით უკრაინაში შესვლა, იმის გამო, რომ მომღერალი 2015 წელს ყირიმში იყო ჩასული.
მომღერალს უნდა შეესულებინა სიმღერა Flame Is Burning.
უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, ნახევარკუნძული „დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად“ არის მიჩნეული. უკრაინის ხელისუფლება სხვა ქვეყნებიდან ყირიმში ჩასვლის უფლებას მხოლოდ კეივიდან საგანგებო ნებართვის მიღების საფუძველზე იძლევა. ამ წესის დარღვევა სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ევროპის სამაუწყებლო კავშირი თავის განცხადებაში იტყობინება, რომ სამოილოვასთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვის შემდეგ რუსულ მხარეს ორი ვარიანტი შესთავაზეს: კონკურსში დისტანციურად მონაწილეობა, ან სხვა კანდიდატურის შერჩევა.
რუსულმა მხარემ ორივე ეს წინადადება უარყო; ასევე, რუსეთის მთავარმა ტელეკომპანიამ „პირველმა არხმა“ განაცხადა, რომ საერთოდ არ აპირებს ამ კონკურსის ტრანსლირებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამოილოვასთვის უკრაინაში ჩასვლის აკრძალვას „არაადამიანური აქტი“ უწოდა.
ამ აკრძალვის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვეს ასევე „ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა. ევროპის სამაუწყებლო კავშირის სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარემ ფრანკ დიტერ ფრეილინგმა თქვა, რომ „ეს არის კონკურსის აპოლიტიკური ხასიათისა და მისიისთვის დარტყმის მიყენება“
„ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ 43-ივე ქვეყანას შეძლებოდა მონაწილეობის მიღება, და, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ ამ მიზნის მისაღწევად“, – ნათქვამია ევროპის სამაუწყებლო კავშირის განცხადებაში.