კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიოტორიაზე, ჭურიის მდინარეში გაიმართა შეჯიბრი სპორტულ თევზაობაში.
ტურნირი წელს პირველად გაიმართა და ის მიეძღვნა ადგილობრივი მეთევზეს, ვალერიან ხაფავას ხსოვნას, რომელიც გასულ წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტურნირში 60-მა მოყვარულმამ მეთევზემ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრის გამარჯვებულები თასებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. პირობების თანახმად, მონაწილეები დაჭერილ თევზს აწონვის შემდეგ მდინარეში აბრუნებდნენ.
კოლხეთის ეროვნული პარკი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. იგი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზის ტერიტორიას მოიცავს. ეროვნული პარკი შექმნილია კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით.
ეროვნული პარკის 5 უბანი ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული.
2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობით კოლხეთის ეროვნული პარკი მერვე ადგილზეა და მას წლის დასაწყისიდან დღემდე 8 185 ვიზიტორი ჰყავს.