რას ნიშნავს აზერბაიჯანში ფრაზა „ მსჯავრდებულია შვიდი წლით“?
როდესაც აზერბაიჯანელ პოლიტპატიმრებზე ვსუბრობთ, ყოველთვის ვახსენებთ იმას, თუ რას საქმიანობდნენ ეს ადამიანები დაკავებამდე, რომელი მუხლების მიხედვით მოხდა მათი დაპატიმრება და რა ვადით აღუკვეთეს მათ თავისუფლება. ადამიანისათვის, რომელიც განზე დგას და ისე აკვირდება მოვლენებს, ციხე არის აბსტრაქტული ადგილი, სადაც ცუდი პირობებია და იქ მოხვედრა ადამიანს კარგს არაფერს უქადის. მაგრამ რა ვიცით აზერბაიჯანული საპატიმროების შესახებ?
JAMnews გიამბობთ, როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრები და ჩვეულებრივი მსჯავრდებულები და რას გულისხმობს სინამდვილეში მშრალი განცხადება „მსჯავრდებულია შვიდი წლით“.
მოკლედ ყველაზე ცნობილი აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების შესახებ:
ბოლო მონაცემებით, სულ აზერბაიჯანში 162 პოლიტპატიმარია. პოლიტპატიმრების უახლესი სიის შედგენისას ადგილობრივმა უფლებადამცველებმა ევროსაბჭოს კრიტერიუმები გამოიყენეს.
- მისი დაკავება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციასა და ამ დოკუმენტის თანმდევ პროტოკოლებში წარმოდგენილი რომელიმე ძირითადი გარანტიის დარღვევით განხორციელდა;
- თუკი პირის დაკავების გადაწყვეტილება წმინდა პოლიტიკური მიზეზებით იქნა მიღებული და აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება სისხლის სამართლის დანაშაულის საფუძველზე არ მოხდა;
- თუკი თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა ან პატიმრობის პირობები აშკარად არაპროპორციულია დანაშაულთან და ეს პოლიტიკური მოტივებიტაა განპირობებული;
- თუკი ადამიანი პოლიტიკური მოტივებითაა დაკავებული და ეს დაკავება სხვა პირებთან შედარებით დისკრიმინაციული წესით მოხდა;
- თუკი დაკავება არასამართლიანი გარჩევების შედეგად მოხდა და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს აქტი ხელისუფლების პოლიტიკური მოტივებით განხორციელდა.
მაშ ასე, ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან:
ელჩინ სადიგოვი, ადვოკატი, რომელიც არაერთი პოლიტპატიმრის ინტერესებს წარმოადგენს
ნატიკ ჯაფარლი ცნობილი ეკონომისტი, პუბლიცისტი და ბლოგერი; საზოგადოებრივი მოძრაობა "რესპუბლიკური ალტერნატივის" (ReAl) მმართველი ორგანოს წევრი. დააპატიმრეს 2016 წლის აგვისტოში. ბრალად უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და გადასახადების არიდება წაუყენეს. საპატიმროში გაატარა ერთი თვე.
ტოფიკ იაგუბლუ ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე. დააკავეს 2013 წლის თებერვალში. 2014 წლის მარტში სასამართლომ მასობრივი არეულობების ორგანიზებასა და პოლიციის თანამშრომლების მიმართ ძალადობაში ცნო დამნაშავედ და ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. იგი ილგარ მამედოვთან ერთად დააკავეს და 2013 წლის იანვარში ისმაილლის რაიონში მომხდარი მასობრივი არეულობის ორგანიზება დასდეს ბრალად. გათავისუფლდა 15 სხვა პოლიტპატიმართან ერთად - 2016 წლის გაზაფხულზე გამოცხადებული ამნისტიის შედეგად.
იადიგიარ სადიგოვი პარტია „მუსავათის“ ლიდერის მრჩეველი, ცნობილი ჟურნალისტი და ბლოგერი ქალაქ ლენქორანიდან. 2014 წელს სასამართლომ ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ და მიუსაჯა პატიმრობა ექვსი წლის ვადით. გათავისუფლდა 2016 წლის გაზაფხულზე გამოცხადებული ამნისტიის შედეგად.
«ზონაზე!»
იადიგიარ სადიგოვი: «ეს შემთხვევა იმავე დღეს მოხდა, როდესაც მეთოთხმეტე კოლონიაში გადამიყვანეს. მორიგე წიგნაკში იწერდა ჩემს მონაცემებს. შემომხედა და, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ უმაღლესი განათლება მაქვს. „ თუ გსმენია რამე 178-ე მუხლის (ეხება „თაღლითობას“ ეხება) შესახებ?“ მკიტხა მან. „განა ვგავარ თაღლითს? 221-ე („ხულიგნობა“)!“ ვუპასუხე მე. შემდეგ კი გაიფიქრა, რომ ხულიგანს არ ვგავარ და აღნიშნა, რომ „პოლიტიკური“ ვარ».
პატიმრობის პირველი ეტაპს საგამიძიებო იზოლატორი წარმოადგენს. სწორედ აქ ელოდება განსასჯელი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ზოგჯერ აქ რამდენიმე დღით უწევთ დარჩენა, ზოგჯერ კი თვეობით ვერ ტოვებენ ამ დაწესებულების კედლებს. თუკი სასამართლო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, პატიმარს ან კოლონიაში გადაიყვანენ (რომელიც ან საერთო რეჟიმის იქნება, ანაც მკაცრი), ან ციხეში.
ტოფიკ იაგუბლუ: “ღამით მომიყვანეს. შეიძლება ითქვას, რომ პატიმრობისთვის მზად ვიყავი; მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჩემი ქალიშვილიც ქიურდახანიში იხდიდა სასჯელს. ქალთა იზოლატორიც იმავე დაწესებულებაში მდებარეობს, მაგრამ სხვა კორპუსშია განთავსებული. კედელს მივეყუდე და ვიფიქრე, არაა გამორიცხული, ამ კედლის უკან ჩემი გოგონა იმყოფებოდეს-მეთქი. ზოგადად, არ არის ადვილი საკუთარი შვილების ნახვა მაშინ, როდესაც დაპატიმრებული ხარ, მაგრამ განსაკუთრებით მძიმეა მაშინ, როდესაც შენ და შენი შვილები გისოსების ერთ მხარეს იმყოფებით”.
„წითელი ჯვრის“ ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს აზერბაიჯანში, სულ ცოტა, 21 ათასი პატიმარი ფიქსირდებოდა. ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა რეჟიმის 20 კოლონია, ერთი ციხე, ხუთი საგამოძიებო იზოლატორი და ერთი გამოსასწორებელი კოლონია ბავშვებისათვის.
კოლონიებში მცხოვრები პატიმრები 20-100 მსჯავრდებულზე გათვლილ ბარაკებში ბინადრობენ და დღის ნათელ პერიოდში ტერიტორიის საზღვრებში გადაადგილების საშუალება ეძლევათ. სტანდარტულ ციხეში კი პატიმრები ვიწრო საკნებში ცხოვრობენ და სეირნობის უფლება არ აქვთ (საუბარია გაბუსტანის ცნობილ საპატიმროზე).
ბაქოელი მსჯავრდებულები, როგორც წესი, №1 იზოლატორში ხვდებიან, რომელიც, ფაქტობრივად, ციხეს წარმოადგენს – ამ საპატიმროში მდებარე საკნები სხვადასხვა რაოდენობის მსჯავრდებულზეა გათვლილი, სასეირნო ადგილი გათვალისწინებული არ არის და მთელ საპატიმროში ე.წ. „კამერული რეჯიმია“ დაწესებული. როგორც წესი, მსჯავრდებულები ამ ადგილს ციხედ მოიხსენიებენ ხოლმე.
ელჩინ სადიგოვი: “აზერბაიჯანში არსებული საპატიმროების უმრავლესობა ქვეყნის ევროსაბჭოში გაწევრიანებამდეა აგებული. ანუ ეს ობიექტები ძველი საბჭოთა სტანდარტებითაა აშენებული. მერვე, მეთორმეტე, მეცამეტე და მეთოთხმეტე კოლონიებში საერტოდ გაუსაძლისი სიტუაციაა. ყველა ზემოარნიშნული ობიექტი მდებარეობს ყარადაღის რაიონში, სადაც არაერთი ქვის სამტეხლოა მოწყობილი. ამ ადგილებში საცხოვრებელი სახლებიც კი არ დგას. ჰაერი ქვის წვრილი მტვრითაა გაჯერებული, რაც ძალიან მავნებელია ფილტვებისათვის.
იმის გამო, რომ ბევრი საკომუნიკაციო სისტემის ვარგისიანობის ვადა უკვე ამოწურულია, დროდადრო წყლის მიწოდება ფერხდება და კანალიზაციაც მწყობრიდანაა გამოსული. საპატიმროს ტერიტორიაზე სიმყრალე ვრცელდება, ზაფხულობით კი აქ მწერების სიმრავლე შეინიშნება ხოლმე.
რაც შეეხება ადგილებს, ევროპული სტანდარტების მიხედვით, საპატრიმროში თითოეული მსჯავრდებულებისთვის 7 კვადრატული მეტრის ფართობის სივრცე უნდა იყოს განსაზღვრული. ჩვენთან კი ჯერაც საბჭოთა პერიოდის სტანდარტი მოქმედებს და თითოეული პატიმრისთვის 4 კვადრატული მეტრის ფართობია გამოყოფილი. ადგილების სიმცირის გამო პატიმრებს მორიგეობით უწევთ ძილი.
საგამოძიებო იზოლატორების თითოეულ საკანში სარკმელია დატანებული, რომელიც ვენტილატორის ფუნქციას ასრულებს. პატიმრების კომფორტს მხოლოდ ეს პატარა ფანჯარა უზრუნველყოფს. 15 ნოემბერს გათბობას რთავენ ხოლმე.
თუკი საკანში ელექტროგამათბობელი, ან მაცივარი დგას, დარწმუნებული იყავით, რომ ის პატიმრების ნათესავების მიტანილია, მაგრამ ასეთი ნივთების ქონის უფლება მხოლოდ პრივილიგირებულ პატიმარს ეძლევა. მას კი შეუძლია, დანაჩენ პატიმრებს თავისი ნივთებით სარგებლობის უფლება მისცეს. და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტპატიმრები პრივილეგირებულ მსჯავრდებულების კატეგორიაში არ გადიან. მათ რადიომიმღებების ქონაც კი ეკრძალებათ”.
ტოფიკ იაგუბლუ: “ქიურდახანის საპატიმროში ყოფნისას გამიმართლა იმ მხრივ, რომ საკანში მარტო ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, არავინ მხვდებოდა, და არავინ მისხამდა ჩაის, მაგრამ მე არსებული პირობებითაც კმაყოფილი ვიყავი. ცხრა თვე გავატარე მარტოობაში. მაგრამ ერთი წუთითაც არ მომიწყენია. ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად ვვარჯიშობდი ხოლმე. ზოგადად, ძალიან მიყვარს სისუფთავე და ამიტომ ყოველდღე ვალაგებდი საკანს – საწოლის ქვეშ იატაკს ვწმენდდი და უნიტაზს სპეციალური ხსნარით ვხეხავდი””.
ნატიკ ჯაფარლი: “პირსაბანს საათობრივად ვხმარობდით. თითოეულ მსჯავრდებულს პლასტმასის ერთი სათლი ერგება და რასაც ამ სათლით მოაგროვებს, იმით უწევს დაბანა. საღამოს შვიდ საათზე წყალს უშვებენ. ერთი საათით. ამბობდნენ,რომ ზამთარში წყალი უკეთესი გრაფიკით მოდიოდა, მაგრამ მე დაზამთრებამდე დავტოვე ის საპატიმრო. აგვისტოში დამაკავეს და ამიტომ განსაკუთრებულად ცუდი პერიოდის გადატანა მომიწია. ზოგიერთ საკანში, სადაც რვა ადამიანი ბინადრობდა, არასაკმარისი რაოდენობის წყალს უშვებდნენ, რაც პატიმრებს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიდა. თითქმის ყველგან ასეთი სიტუაციაა. ძალიან ბევრი პრობლემაა იმ საპატიმროშიც, სადაც ილგარ მამედოვი იმყოფება».
ქიურდახანში და კოლონიებში არსებობს განსაკუთრებული, კარგად გარემონტებული VİP საკნები, რომლებსაც გისოსები არ აქვს. ასეთი საცხოვრებლის „დასაქირავებლად“ პატიმარს თვეში 500 მანათის გადახდა მოუწევს.
ტოფიკ იაგუბლუ: «მეცამეტე კოლონიაში მოვხვდი, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ იქ განსაკუთრებულად ცუდი პირობებია. შეიძლება ითქვას, რომ ეგ კოლონია მე თვითონ ავირჩიე. ჩვეულებრივ, საგამოძიებო იზოლატორიდან სხვა საპატიმროში გადაყვანის წინ მსჯავრდებულს ზოგად ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ სად მოიხდის სასჯელს. როდესაც ბადრაგს შუველიანიდან (შუველიანის საგამოძიებო იზოლატორიდან) გადავყავდი, უცებ კაბინეტში შემიყვანეს, სამსახურის მანქანა გამოიძახეს და მითხრეს, არჩევანის გაკეთების საშუალება გაქვს – ან მანქანაში ჩაჯდები, სახლში წახვალ და ჩაის დალევ, ან მეცამეტე კოლონიაში მოგიწევს გადასვლაო. ვხვდებოდი, რომ სახლში გაშვების სანაცვლოდ რაიმეს მომთხოვდნენ და ამიტომ განვაცხადე, რომ „ზონას“ ვირჩევდი».
ყარაღადის რაიონი
ადაპტაცია
ბევრი პოლიტპატიმარი აღნიშნავს, რომ პატიმრობას ელოდნენ და ამიტომ ციხეში მოხვედრის პერსპექტივა თავზარს არ სცემდათ.
იადიგიარ სადიგოვი: «ადაპტაციის პროცესს ყველა თავისებურად გადის. ვიდრე დამაპატიმრებდნენ, ავადმყოფობის დროსაც კი არ მყოფნიდა მოთმინება და გარეთ გავდიოდი ხოლმე, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, ძალიან ადვილად გადავლახე ეს პრობლემა. ჩემი აზრით, დიდი მნიშნვნელობა აქვს ადამიანის განწყობას. უნდა შეეგუო იმას, რომ შესაძლოა, გისოსებს მიღმა რამდენიმე წლის გატარება მოგიწიოს. და ასეთ შემთხვევაში უფრო გაგიადვილდება ადაპტაცია. შეკითხვა „როდის გამოვალ?“ პატიმრობას აუტანელს ხდის.
ნატიკ ჯაფარლი: «თავიდან „კარანტინში“ გამამწესეს. იმავე კორპუსში მდებარეობდა კარცერიც. ზოგჯერ ამ შენობაში ვიღაცის ცემისა და ყვირილის ხმა ისმის, რაც ძალიან უარყოფითად მოქმედებს დანარჩენ პატიმრებზე».
საკვები
ტოფიკ იაგუბლუ: ” ჩემი პატიმრობის პერიოდში შაქის საგამოძიებო იზოლატორი გაიხსნა (2013 წ.). იქ მართლაც ყველაფერი სანაქებოდ იყო მოწყობილი – სისუფთავე და წესრიგი სუფევდა. დაწესებულების გახსნის ცერემონიის შემდეგ სასადილოში წაგვიყვანეს. ასეთ ციხეში, ალბათ, საჭმელიც კარგი იქნება-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ძალიან ცუდი საკვები დაგვხვდა. შეიძლება ითქვას, საერთოდ არ იჭმეოდა. ამ მხრივ, იქაც ისეთივე მდგომარეობა იყო, როგორც სხვა საპატიმროებში».
იადიგარ სადიგოვი: “საგამოძიებო იზოლატორში საუზმის პროდუქტებს – შაქრის ფხვნილს, კარაქსა და ჩაის – 10 დღეში ერთხელ იძლევიან, მაგრამ იმდენად უხარისხო სურსათს არიგებენ, და თანაც იმდენად ცოტას, რომ პატიმარს 10 დღის სამყოფი მარაგი 2-3 დღეში უთავდება. იქაური სადილის ხარისხი მეტნაკლებად ასატანია, მაგრამ ვახშამზე ყოველთვის უარს ვამბობდით ხოლმე. ყოველდღე თითო მსჯავრდებულს ერთი ცალი რუხი პური ერგება. კოლონიაში კი ისეთი საშინელი საჭმელი მზადდებოდა, რომ საერთოდ არ ვჭამდი. პროდუქტებს ვყიდულობდით და ასე გაგვქონდა თავი.
ზოგადად, კანონის მიხედვით, პატიმარს ფულის ქონა ეკრძალება. მსჯავრდებულის ფულადი სახსრები(ის თანხა, რომელსაც კოლონიაში შოულობს და ის ფული, რომელსაც ნათესავები და ახლობლები აწვდიან) მისსავე პირად ანგარიშზე ინახება. ამ ანგარიშზე არსებული ფულით პატიმრებს შეუძლიათ,სურსათი შეიძინონ მაღაზიაში, რომელიც კოლონიის ეზოში მდებარეობს. მსჯავრდებულებს მაღაზიაში დასახარჯი თანხის ზედა ზღვარი უწესდებათ და ეს მაჩვენებელი კოლონიის რეჟიმზეა დამოკიდებული (სულ ორი რეჟიმი არსებობს – მკაცრი და საერთო).
ციხეში ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ პატიმრებს ნაღდი ფულიც აქვთ და ამიტომ მაღაზიაში ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნილია.
ძირითადად თეთრ პურს, სიგარეტს, შაქარს, შაქრის ფხვნილს, ჩაისა და კვერცხს ყიდულობენ ხოლმე. ზოგადად, აქ თითქმის ყველაფრის შეძენა შეიძლება – დაწყებული კიტრითა და პომიდვრით, და ნაყინით დასრულებული. რა თქმა უნდა, მონოპოლიის გამო, აქ შეძენილი სურსათის ღირებულება ჩვეულებრივ საცალო ფასებს აღემატება”.
ტოფიკ იაგუბლუ: “განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ის პატიმრები არიან, რომლებიც სოციალურად დაუცველი ფენას განეკუთვნებიან. საჭმელი კვირაში ერთხელ მოაქვთ, მაგრამ მაცივრები ყველას არ ყოფნის. მთელ საჭმელს ერთ ჯერზე ვერ ჭამენ. მორჩენილი საკვები ფუჭდება, ლპება და იყრება. საბოლოოდ საშინელ სიბინძურესა და ანტისანიტარიას ვიღებთ”.
ურთიერთობები ციხეში
პოლიტპატიმრების თქმით, თანამოსაკნეები და ციხის „პერსონალი“ მათ პატივისცემით ეპყრობოდნენ.
ნატიკ ჯაფარლი: «თქვენობით მომმართავდნენ, წაკითხული გვაქვს თქვენი პუბლიკაციებიო, მეუბნებოდნენ. ზოგიერთი ზედამხედველი (ის ოფიცრები, რომლებიც ღამის ცვლაში მორიგეობდნენ, საკნის კარზე დატანებულ სარკმელს აღებდნენ და მთხოვდნენ, მანათზე, ნავთობზე და აზერბაიჯანის მომავალზე მეთქვა ორიოდე სიტყვა. სამი თანამშრომლიდან ორი მცნობდა. ვიღაცამ ტელევიზორში მნახა. ზედამხედველები ხშირად მეკითხებოდნენ გაოცებით: «რატომ დაგაპატიმრეს, მუალიმ [ითარგმნება როგორც „მასწავლებელი“ – ზრდილობიანი მიმართვა განათლებული ადამიანისადმი — რედ.შენ.]?».
ყველაზე მეტად მაშინ ვღიზიანდებოდი, როდესაც რომელიმე ოფიცერი აცხადებდა: „რად გინდოდა ეს ყველაფერი, ყოფილიყავი შენთვის, წყნარად…“
ციხეში ყოფნისას გავიგე, რომ თურქეთში როვშან ლენქორანსკი [აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდი“ – რედ.შენ.]. ამბობდნენ, რომ ამის გამო ციხეში გლოვა იყო გამოცხადებული, თუმცა, ციხეში მიმდინარე პროცესებს მხოლოდ სახელმწიფო ორგანოები აკონტროლებენ. იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე გადაწყვეტს, „ქურდული გაგებით“ იცხოვროს, მას მაშინვე კარცერში მოათავსებენ».
ტოფიკ იაგუბლუ: „ მეცამეტე კოლონიაში გადასვლისას ძალიან გამიმართლა, იმ მხრივ, რომ ჩემს საკანში კარგი თანამობინადრეები დამხვდნენ. ჩემთან ერთად კიდევ ექვსი პოლიტპატიმარი იხდიდა სასჯელს: ილქინ რუსტამზადე, ანარ მამედლი, ფიარვიზ ხაშიმლი, აბდულ აბილოვი, ფარაჯ ქერიმლი და ალი ინსანოვი. ყოველდღე ვიკრიბებოდით, ჩაის ვსვამდით და ვსაუბრობდით. ყველა ახალმოსულ პატიმარს გულითად დახვედრას ვუწყობდით ხოლმე.
სხვა მსჯავრდებულებთანაც ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. რა თქმა უნდა, პატიმრების უმრავლესობას რთული ბედ-იღბლის მქონე კრიმინალები შეადგენენ. მათ შორის ჭკვიან და განათლებულ ადამიანებსაც შეხვდებით, მაგრამ იქაურ კონტინგენტს მეტწილად მაინც ისეთი ინდივიდები შეადგენენ, რომლებიც ქუჩაში გაიზარდნენ და ბავშვობაში არც მშობლების სითბო მიუღიათ, და არც განათლება. თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ ადამიანები არიან ისინი. ზოგიერთმა საათის ცნობაც კი არ იცის.
საერთოდ, არაპოლიტიკურ პატიმრებს განსხვავებული გაგება და განსხვავებული საზრუნავი აქვთ. თუკი ვინმეს „იაღლიში“ მოუვიდა, მისი საკითხი სერიოზული განხილვის საგნად იქცევა. მიუხედავად იმისა,რომ, საპატიმროებში აზარტული თამაშები იკრძალება, ეს საქმიანობა იქ ფართოდაა გავრცელებული. შესაბამისად, ჩნდება ვალებიც. თუკი წაგებულ თანხას არ გადაიხდი, „დაგაჩმორებენ“. თანხასა და ვალის გადახდის თარიღს წინასწარი დატქმით ადგენენ. ზოგჯერ დამარცხებული პატიმრები განგებ იქცევიან ისე, რომ კარცერში მოხვედრა დაიმსახურონ- იმისათვის, რათა „დრო მოკლან“. კარცერში გატარებული დრო ვადას არ აკლდება, სამაგიეროდ იმ პერიოდში მისი ნათესავები და ახლობლები საჭირო თანხას შეაგროვებენ. მიუხედავად იმისა, რომ კარცერში არც ისე სასიამოვნო პირობებია – საზიზღარი საჭმელი მოაქვთ და, ზოგადად, ძალიან ძნელია მასეთი ტიპის საპატიმროში ცხოვრება – ბევრი პატიმარი მევალის შურისძიებას ისევ კარცერის მკაცრ პირობებს ამჯობინებს ხოლმე. თუმცა, ჩვენ, პოლიტპატიმრებს, საერთოდ არ გვეხებოდა ეს ყველაფერი”.
ხელმძღვანელობაც ნორმალურად გვეპყრობოდა. მათ კარგად იციან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ციხის კარები ღია დარჩება, პოლიპატიმრები მაინც არ გაიქცევიან.
მტავარი, რაც დანარჩენ პატიმრებთან გვაერთიანებს ისაა, რომ „ჩვეულებრივი“ მსჯავრდებულებიც ვერ იტანენ სახელმწიფოს. მათი წარმოდგენით, ხელისუფლება მტრული ძალაა, რომელმაც ისინი დააპატიმრა. ციხეს კი ნამდვილად ვერ უწოდებ სასიამოვნო ადგილს. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, პოლიტიკური პატიმრები ხშირად ვსაუბრობდით დასავლურ პენიტენციალურ სისტემაზე, იქაურ საპატიმროებსა და იქ არსებულ პირობებზე; ვუამბობდით საკნების შესახებ, სადაც მაცივრები და ტელევიზორები დგას, იქ მცხოვრები პატიმრები კი უქმეებზე სახლებში მიდიან.
ყველას თავაზიანად ველაპარაკებოდი – მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იდგა ჩემ წინ. ყველას თქვენობით ვესაუბრებოდი და „ბეის“ [ზრდილობიანი მიმართვა მამაკაცისადმი — რედ.შენ.] ვუწოდებდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა „შენობით“ მომმართავდა. არც ადგილობრივ ჟარგონს ვიყენებდი. ციხის ენაზე ტუალეტს „სევერი“ ჰქვია, მე კი საუბრისას სიტყვა „ტუალეტს“ ვხმარობდი.
ჯერ კიდევ ქიურდახანიში ვიყავი, როდესაც ადგილობრივი ავტორიტეტის წერილი მომიტანეს. ტექსტის ნაწილი რუსული სლენგით იყო ნაწერი, მეორე ნაწილი კი – აზერბაიჯანულად. მე ძალიან თავაზიანად ვუპასუხე, რომ წარმოდგენა არ მქონდა იმ საქმეებზე, რაზეც მის წერილში იყო საუბარი. მიმართვამ „ბეი“ ავტორიტეტი აღაშფოთა, მაგრამ მოგვიანებით საქმის არსში გაერკვა და დანარჩენებს უბრძანა, აღარ შევეწუხებინე».
პაემნები
ნატიკ ჯაფარლი: “ჩემს ცოლს კვირაში ერთხელ უშვებდნენ ჩემთან პაემანზე, მაგრამ მეგობრებს ჩემი ნახვა ეკრძალებოდათ. რვა ადვოკატი მყავდა. ყოველდღე მოდიოდნენ. კონდიცირებულ ოთახში ვისხედით, ჩაის ვსვამდით და უბრალოდ ცხოვრებაზე ვლაპარაკობდით”.
თიურქიან რუსტამზადე, პოლიტპატიმარ ილქინ რუსტამზადეს და: „შეხვედრები პატარა ოთახში ეწყობა, სადაც ხუთი-ექვსი მაგიდა და სკამები დგას. დრო არ არის შეზრუდული, პატიმარს შეუძლია ხუთ საათამდე დარჩეს ნათესავებთან. გვერდით ყოველთვის ზედამხედველები დგანან».
Эელჩინ სადიგოვი: «შეხვედრებს მეტწილად პოლიციის განყოფილებაში კრძალავენ – მანამ, ვიდრე ადამიანს იზოლატორში, ან კოლონიაში არ გაამწესებენ. ამ მხრივ ბოლო დროს ძალიან გართულდა პოლიტპატიმრების მდგომარეობა. პირველ დღეებშივ ტელეფონით სარგებლობა საერთოდ იკრძალება, შემდეგ კი მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ ნომრებზე შეიძლება დარეკვა და, ამასთან, პატიმრის საუბარს ადმინისტრაცია აკონტროლებს.
ქიურდახანიში ძალიან ძნელია პაემნის უფლების მიღება. შეიძლება ითქვას, რომ საათობით გიწევს ლოდინი”.
ამანათები
იადიგიარ სადიგოვი: « წესების მიხედვით, ამანათის მიღება კვირაში ერთხელაა შესაძლებელი. ამანათის მიღება რთული არ არის, მაგრამ ზოგჯერ კარგი იქნება, თუკი პატიმარი თანამდებობის პირს „თავს მოუქონავს“ – ერთი კოლოფი სიგარეტით, ან სხვა მსგავსი საჩუქრით».
ელჩინ სადიგოვი: «წიგნები და ჟურნალები ციხის ცენზურას გადის. ადრე პრესის დიდი ასორტიმენტის მიღება შეიძლებოდა, მაგრამ ახლა პატიმრებს მხოლოდ იმ გაზეთებზე აქვთ წვდომა, რომლებსაც გამოსასწორებელი დაწესებულება იწერს. საუბარია მეტწილად პროსახელისუფლებო ჟურნალ-გაზეთებზე, ისეთ გამოცემებზე, როგორებიცაა „კასპიი“, „აზერბაიჯანი“ და აშ. რაც შეეხება წიგნებს, არსებობს აკრძალული ლიტერატურის სია, მაგრამ ოფიციალურად არავინ იცის, რომელი წიგნები შედის ამ ჩამონათვალში. გადაწყვეტილებას ციხის ხელმძღვანელი იღებს».
ბაქო, საპატიმრო №6
მედიცინა
აზერბაიჯანის პრესაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ პოლიტპარიმარს მკურნალობაზე უარი განუცხადეს. პოლიტიკური პატიმრები აღნიშნავენ, რომ ეს მეტწილად ექიმების დაბალი კვალიფიკაციითა და მკურნალობისთვის საჭირო წამლების სიმწირითაა გამოწვეული.
ელჩინ სადიღოვი «წარმოიდგინეთ, რომ ციხეში ინფარქტგადატანილი ადამიანის რეანიმირების ელემენტარული საშუალებები არ არსებობს.სამედიცინო პუნქტს ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვს. დიაგნოზს ვიზუალური დათვალიერებით სვამენ. აფთიაქში ციტრამონისა და ასპირინის გარდა ვერაფერს იპოვით. სამედიცინო პუნქტში ანტისანიტარია სუფევს. იმ საპატიმროებში სადაც ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებიც არიან, ჭლექით დაავადებული განსასჯელები სხვა დანარჩენ პატიმრებთან ერთად ცხოვრობენ საკნებში. დაავადებულ პაციენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია საავადმყოფოში დაწოლა, თუკი მართლა ძალიან ცუდად გახდა. დაავადებებისა და იმის გამო, რომ სათანადო მკურნალობა ვერ ხერხდება, ყოველწლიურად 50-70 პატიმარი იღუპება».
იადიგიარ სადიგოვი: « მე გამიმართლა იმ მხრივ, რომ სერიოზული დაავადებები არ მჭირდა. ციხის პატიმარსაც აქვს, და კოლონიაში მოხვედრილ მსჯავრდებულსაც. ციხესთან შედარებით, კოლონიაში ექიმთან მისვლა კიდევ უფრო ადვილია. რა თქმა უნდა, იდეალური მდგომარეობა არაა, მაგრამ იმაზე უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე წარმომედგინა».
ტოფიკ იაგუბლუ: «ბარაკებში საწოლები ორ იარუსადაა განლაგებული – ისე, როგორც მატარებლის კუპეებში. საწოლები ძალიან ახლოს დგას ერმანეთთან და ამიტომ გადატრიალება და მოსახერხებელი პოზის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია. ხშირად შენი მეზობელი იმდენად ახლოს წევს შენგან, რომ მისი ცხვირი სახეზე გებჯინება. ჩემ გვერდით ერთი ძალიან ახალგაზრდა ბიჭი იწვა. თუ სწორად მახსოვს, ფარმანი ერქვა. ჰოდა იმ ყმაწვილს ტუბერკულოზი და ჰეპატიტი.
უნდა აღინიშნოს, რომ ტუბერკულოზის მქონე პატიმრებს ყველა წესის დაცვით მკურნალობენ, თუმცა, მათ იზოლაციას არ ახდენენ. რეგულარულად უკეთებენ ანალიზებსა და ფლუროგრაფიას და სათანადო მედიკამენტებით უზრუნველყოფენ. წელიწადში ერთხელ ტუბდისპანსერში გზავნიან. პატიმრები წინასწარ ღელავენ იმის გამო, რომ იქ მოხვდებიან – დისპანსერში ძალიან მკაცრი დისციპლინაა და ზოგჯერ წესების დარღვევისათვის პაციენტებს სცემენ კიდეც. ზოგჯერ, დასჯის მიზნით, დისპანსერში ჯანმრთელ პატიმრებსაც გზავნიან ხოლმე».
რითი შეიძლება დაკავდე ციხეში
ნატიკ ჯაფარლი: «გამანაწილებლიდან ორკაციან საკანში გამამწესეს. ჩემთან ერთად ერთი ახალგაზრდა კაცი იჯდა. წერა-კითხვა არ იცოდა. ყოველდღე ორი საათის მანძილზე ვეჯექი და ვამეცადინებდი. თავად მთხოვა, მასწავლეო. ძალიან უკვირდა, დღედაღამ წიგნებს რომ ვეჯექი. კვირაში სამი-ოთხი წიგნი მოჰქონდათ ჩემთვის. ყველაფერს მიყოლებით ვკითხულობდი – მხატვრულ ლიტერატურას, ბიოგრაფიებს… მოკლედ ყველაფერს, რის წაკითხვასაც ვერ ვასწრებდი მაშინ, როდესაც თავისუფლება არ მქონდა შეზღუდული».
საპატიმროს ტერიტორიაზე ორი კაფეა – ერთი ჩვეულებრივი, მეორე კი – „მაღალი დონის“. ჩვეულებრივი კაფე თავად პატიმრებმა დააარსეს და აქვე მუშაობენ. ამ დაწესებულებაში ტელევიზორი დგას, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ ტელეარხებს აჩვენებს.
“მაღალი დონის“ კაფეში პატიმარს შეუძლია 10 მანათი გადაიხადოს და დიდ პლაზმურ ეკრანზე უყუროს ფილმს. გადახდილ ფასში ჩაის ჩაიდანი და ორცხობილებიც შედის.
ციხეში წყნარად და მშვიდად ვიყავი. ძველი საბჭოთა რადიომიმღები გვქონდა, რომლის წყალობითაც დროდადრო ჯაზს ვუსმენდი ხოლმე. სამწუხაროდ, „ქურდული“ სიმღერების მოსმენაც მიწევდა – რაც იყო, იმას ვუსმენდი. ტელევიზორში მეტწილად სპორტულ გადაცემებს, ფეხბურთსა და ახალ ამბებს ვუყურებდი».
ძალადობა
ელჩინ სადიგოვი: «ცემისა და წამების შემთხვევები მეტწილად პოლიციაში ფიქსირდება. პენიტენციარულ სიტემაში მსგავსი ფაქტები იშვიათად გვხვდება. ზედამხედველები ზოგჯერ უხეშად მიმართავენ პატიმრებს, ან უსაფუძვლოდ გზავნიან კარცერში, მაგრამ, როგორც წესი, ამით სრულდება ხოლმე ყველაფერი.
რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, უნდა აღინიშნოს, რომ ეს საშუალება არ არის ეფექტიანი, იმიტომ რომ შემოწმება პატიმრის წამებიდან ერთ თვეში ტარდება. ამ პერიოდში დაზარალებულს ყველა იარა მოუშუშდება და ექსპერტიზა ამ შემთხვევაშიც ვერაფერს გამოავლენს”.
ნატიკ ჯაფარლი: «თავიდან ილგარ მამედოვს სცემდნენ ხოლმე, რის გამოც მას ზურგი დაუზიანდა. ილგარს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება არ მიუღია. ძლიერ ტკივილს განიცდიდა. ხანგრძლივი კამათისა და პერმანენტული ჩივილის შედეგად მხოლოდ იმას მიაღწია რომ საბჭოთა წარმოების ძველ, გაცვეთილ საწოლზე ხის ფიცარი დაუდეს.
ორჯერ ჩასვეს კარცერში – ერთხელ სამი დღით, მეორედ კი ერთი დღით. მაგრამ მას შემდეგ, რაც ციხის ხელმძღვანელობა შეიცვალა, ფიზიკური ძალადობის ფაქტები აღარ დაფიქსირებულა».
ფარაჯ ქერიმლი – ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე. დაპატიმრებულია 2014 წლის ივლისში, ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით. საჯელის სახით 6,5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. გათავისუფლებულია 2016 წლის ოქტომბერში გამოცხადებული ამნისტიის შედეგად
იადიგიარ სადიგოვი: «პატიმრებისტვის ძალიან ძნელია სამართლიანობისთვის ბრძოლა. არსებული წესების მიხედვით მსჯავრდებულის მიმოწერა სრულად უნდა გაკონტროლდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მაინც მოახერხებს და თავის საჩივარს რომელიმე სტრუქტურას გადასცემს, სახელმწიფო სამსახურები უბრალოდ ერთმანეთს დაიცავენ და მისი გარჯა ამაოდ ჩაივლის. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრები იშვიათად ჩივიან, რადგანაც საკუთარი მდგომარეობის გაუარესების ეშინიათ».
არჩევნები
ტოფიკ იაგუბლუ: «კაბინაში გაგდებენ და უკვე გამზადებულ ბიულეტენს გაძლევენ. ერთადერტი დასაშვები კანდიდატი უნ და მონიშნო; შენს არჩევანს შესაბამისი ტანამდებობის პირები ამოწმებენ. თუკი ხმის მიცემაზე უარს იტყვი, ან ადმინისტრაციისათვის არასასურველ კანდიდატს მისცემ ხმას, ან კარცერში გაგიშვებენ, ან უბრალოდ გცემენ».