რას ლაპარაკობს განათლების მინისტრი
ფოტო UNISEF Georgia
“კაი ტიპი” თანამედროვე ხედვებით თუ დილეტანტი? თითქმის ექვსი თვეა, ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობს და თავისი არაორდინალური განცხადებებით ახერხებს, მუდმივად საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში იყოს. მისი თითქმის ყოველი ინტერვიუ, საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი ხდება და არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. ჯეჯელავა ზოგს მოსწონს, სხვები კი სასტიკად აკრიტიკებენ. გულგრილი კი მის მიმართ თითქმის არავინაა.
მინისტრობამდე ჯეჯელავა “მართვის აკადემიის” თავმჯდომარე იყო და მენეჯმენტის, გაყიდვების, პროექტების მართვისა და ლიდერობის საკითხებში ტრენინგებს ატარებდა. ასევე მუშაობდა რამდენიმე ქართულ ორგანიზაციაში, ადამიანური რესურსების, გაყიდვებისა და მართვის მიმართულებით.
მათ, ვინც ჯეჯელავას განათლების მინისტრის პოსტზე დანიშვნას აპროტესტებს, სწორედ მისი ასეთი “საქმიანი” წარსული მიაჩნია განათლების მინისტრობისთვის შეუფერებლად.
ჩვენ ალექსანდრე ჯეჯელავას რამდენი საინტერესო განცხადება შევაგროვეთ, სადაც, ჩვენი აზრით, მინისტრის ხედვები კარგად ჩანს:
როგორი უნდა იყოს ახალი სკოლა
“ძველი სკოლა იყო მეხსიერების სკოლა. ინტერნეტის გაჩენამდე სკოლის ერთ-ერთი ამოცანა მეხსიერების გავარჯიშება იყო. თანამედროვე სკოლა არის აზროვნების სკოლა… ეროვნული სასწავლო გეგმა აუცილებლად უნდა განიტვირთოს. ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს ბავშვობით – თამაშით, მეგობრობით, ხანდახან ცელქობით და ასე შემდეგ. სანამ ეს ასაკი აქვს, ბავშვი არ უნდა გადავტვირთოთ. ზედა კლასებში კარგია სპეციალიზაცია – ადამიანს, რომელმაც ზუსტად იცის, რომ აპირებს ფილოლოგობას, გაუგებარია, რატომ უნდა ვასწავლოთ ფიზიკის ძალიან რთული კომპონენტები.”
ამ მიმართულებით, მინისტრს დაგეგმილი აქვს სკოლებში კომპიუტერული თამაშები დანერგოს. მაგალითად, “ვეფხისტყაოსნის” მოტივებზე შეიქმნება კომპიუტერული თამაში და მოსწავლეები ამ ნაწარმოებს თამაშით ისწავლიან. ჯეჯელავა ყველა საგანში — ისტორიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში და ა.შ. — აპირებს თამაშებით სწავლების მეთოდის შემოღებას.
ვაშა! საზეპიროები აღარ გვექნება!
“არსებობს მოსაზრება, რომ განათლება მასწავლებელმა სწორად უნდა მიაწოდოს მოსწავლეს, თუმცა აქ მხოლოდ მასწავლებელი არაა მნიშვნელოვანი. თუკი რაიმეს კონტენტი, შინაარსი არ გაინტერსებს, ამას იძულებით ვერ მოისმენ და ვერც ისწავლი. ჩვენ კი უკვე მივედით იმ ადგილამდე, როდესაც კონტენტი რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. მაგალითად, იქნებ ამიხსნათ, რატომ უნდა იცოდეს და ისწავლოს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები? – რა თქმა უნდა, ვერ ამიხსნით, რადგან ამის ახსნა არ არსებობს.”
როგორი ქართველები სჭირდება კაცობრიობას?
“ჩვენი პირველადი და მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ჰარმონიული ადამიანი. ბაზრის მოთხოვნა არის ლიბერალური ფასეულობები, თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი. როდესაც ბაზრის მოთხოვნაზე ვლაპარაკობთ, ნუ შევიზღუდებით შრომის ბაზრით. ფართო გაგებით ბაზარს რა სჭირდება? როგორი ქართველები სჭირდება თანამედროვე კაცობრიობას? მჯერა, რომ არათვითრეალიზებული ადამიანი, პროფესიული თვალსაზრისით, ჰარმონიას და ბედნიერებას ვერ აღწევს. ადამიანი უნდა იყოს ჰარმონიული და ბედნიერი ურთიერთობებში, ჰქონდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, იყოს ეკოლოგიური არამხოლოდ ბუნებასთან, არამედ თავის გარემომცველებთან და მსოფლიოსთან, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ.”
არ იცი? Youtube-ზე ნახე!
“მე ვსწავლობდი საბჭოთა სკოლაში, იქ იყო ლაბორატორია, მაგრამ გვეუბნებოდნენ: არ შეხვიდეთ, ხელი არ ახლოთო. ბავშვებს სწავლა რომ უნდოდეთ, Youtube-ზე ნახავდნენ ცდებს და ისწავლიდნენ. კარგ სკოლებში მასწავლებელს მოაქვს ჭიქა, მოსწავლეს – ქვაბი, დირექტორს კოლბა და აქვთ ლაბორატორია. ეს მოსწავლეების პრობლემაა. ბავშვს თუ არ უნდა სწავლა, პედაგოგობა რთულია.
Google მასწავლებელი და ნათელა მასწავლებელი უნდა დამეგობრდნენ
“Google-მასწავლებელი მსოფლიოს ყველა მასწავლებლის კონკურენტი გახდა, მათ შორის, ქართველი “ნათელა მასწავლებლისაც”, რომელსაც კონკურენტი 40 წელია, არ ჰყოლია. ახლა კლასში ერთად არიან “ნათელა მასწავლებელიცა” და Google-მასწავლებელიც და “ნათელა მასწავლებელს” ძალიან, ძალიან უჭირს. თუ მოსწავლეს ისეთი კითხვა დაებადება, რომელზეც ნათელა მასწავლებელი პასუხს ვერ გასცემს, მას თამამად შეუძლია მიმართოს Google-ს და ეს სულაც არ არის სირცხვილი.”
მასწავლებელთა სახელი უნდა ქუხდეს
“დანაშაული ჩავიდინეთ, როდესაც 25 წლის განმავლობაში მასწავლებლებს ქვებს ვესროდით და ისინი მხოლოდ მაშინ გვახსენდებოდა, თუ სტუდენტი ვერ ჩააბარებდა. პირადად მე, მასწავლებლების დაფასებას ვგეგმავ და ეს ხელფასს სულაც არ უკავშირდება. ვისაც ჰგონია, რომ მოტივაციის საიდუმლო ხელფასია, 50 წლის წინანდელი მენეჯმენტის წიგნები გადაყაროს. თანაც, ვინც სკოლაში ფულისთვის მოდის, გზა ეშლება.”
მასწავლებლებს გამოცდა არ სჭირდებათ
“მასწავლებელთა გამოცდაზე ბარიერი მოიხსნება. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გადავა შემდეგ დონეზე. მაგალითად, თქვენ აიღებთ 85%-ს, მე ავიღებ 15%-ს, არც ერთი არ ჩავჭრილვართ, უბრალოდ, თქვენ 85%-ის შესაბამისი კრედიტები დაგერიცხებათ, მე 15%-ის. ჩემი კრედიტები არ ეყოფა შემდეგ დონეზე გადასვლას, თქვენი კრედიტები ეყოფა. ე.ი. მე რა უნდა ვქნა? უნდა გავაგრძელო – სხვა გამოცდა ჩავაბარო, პუბლიკაცია გავაკეთო, სოციალური აქტივობა გავაკეთო და დავაგროვო საკმარისი კრედიტები. ჩაჭრილი მასწავლებელი არც ერთი არასდროს აღარ გვეყოლება. და სიტყვა “გამოცდაც” მინდა, რომ ამოვიღო ამ სისტემიდან. არ შეიძლება, გამოსცადო ადამიანი, რომელიც 30 წლის განმავლობაში გამოსცადა ცხოვრებამ, თაობები ჰყავს აღზრდილი და ახლა იმათ შვილიშვილებს ზრდის. ეს ადამიანი გამოცდილია და მისი გამოცდა აღარ შეიძლება, მისი კვალიფიკაციის დადასტურება – კი, ბატონო.”
ელექტრონული სახელმძღვანელოები
“ჩანთის წონამ ძალიან ბევრ ადამიანს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. სამი გზა გვაქვს: პირველი – მსუბუქი წიგნის სტანდარტი. მთელი ჩანთის წონა – წიგნებით და რვეულებით – არ უნდა აღემატებოდეს სამ კილოგრამს. ამას უკვე ვაკეთებთ და შემდეგი წიგნები იქნება უფრო მსუბუქი.
მეორე, უნდა განიტვირთოს ქვედა კლასების პროგრამა – ყოველ დღე ბევრი საგანი რომ აღარ ექნებათ, ბევრი წიგნის წაღებაც არ მოუწევთ. და მესამე – ნებაყოფლობით ალტერნატივად შემოვიღებთ ელექტრონულ წიგნებს. ოჯახი თუ გადაწყვეტს, ბავშვს შეეძლება, სახლში იმუშაოს ქაღალდის წიგნებით, ხოლო სკოლაში წაიღოს მხოლოდ კომპიუტერი. ანუ წიგნების წინ და უკან ტარება, აღარ დასჭირდეს.”
“მენდელეევის ცხრილს ყოველ წელს ახალი ელემენტი ემატება, ფიზიკასა და მათემატიკაში ფუნდამენტური ცვლილებები ხდება, არაფერს ვიტყვი ტექნოლოგიებზე. ელექტრონული სახელმძღვანელოები კი ინფორმაციის განახლების საშუალებას იძლევა,” – ხაზი გაუსვა ჯეჯელავამ, რომლის გეგმებშიც ზოგადად სახელმძღვანელოების განახლებაც შედის.
როცა ნიუტონმა არ იცის საკუთარი კანონი
“სახელმღვანელოს ავტორმა მასწავლებლებისგან, მოსწავლეებისგან, სხვა მხარეებისგან შემოსული შეცდომები, შესწორებები, წინადადებები უნდა გაითვალისწინოს. აქამდე ასე არ იყო. ამიტომაც, 6 წელია, გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონი ისეა მოცემული, რომ თვითონ ნიუტონი არ ეთანხმება.”
უმაღლესში მხოლოდ უმაღლესები
“უმაღლესი სასწავლებლების მთავარი პრობლემა დაწეული თამასაა. ძალიან ბევრს ვუშვებთ უმაღლესში, როცა უმაღლესი იმის უმაღლესია, რომ იქ ძალიან ნარჩევი ხალხი უნდა იყოს. დაფინანსების სისტემაც არასწორია. შენ დასაქმებულს უშვებ თუ დაუსაქმებელს, კარგი კურსდამთავრებულები გყავს თუ ცუდი, დაფინანსება ამაზე არ უნდა იყოს მიბმული, მე 2250 ლარს ვაძლევ სუპერ სტუდენტსაც, რომელიც სუპერ ისწავლის სუპერ უნივერსიტეტში და იმასაც, ვინც ჯარში არ წავიდა და რომელიღაც უნივერსიტეტში რომელიღაც ფაკულტეტზე შედის,” – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ეროვნული გამოცდების სისტემა არ შეიცვლება.
“ამ სისტემის შეცვლას შემზადება სჭირდება. ეს სისტემა ინერციით აგრძელებს მუშაობას. მოგვიწევს საჯარო განხილვა, შეჩვევა, პილოტირება და მერე ახალ სისტემაზე გადასვლა.”
კომბლე ცუდი მეცხვარეა; სპაიდერმენი კი, კარგი მასწავლებელი
“კომბლე (ქართული ხალხური ზღაპრის გმირი, მწყემსი) მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. მასთან ორი პრეტენზია მაქვს. კომბლეს ორი ცხვარი ჰყავს. რატომ უნდა ჰყავდეს მეცხვარეს ორი ცხვარი? თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ რომ ის არის ცუდი მეცხვარე, ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული…
“სუპერმენი” და “სპაიდერმენი” სასაცილო რაღაცები არ არის. ისინი მასწავლებლები არიან, ბავშვებისთვის გმირები არიან. შესაბამისად, ჩვენ დაწყებული გმირებიდან დამთავრებული ზღაპრებით, საბავშვო ლიტერატურით, სახელმძღვანელოებით, სასკოლო პროცესით და ა.შ. ყველაფერი გასააზრებელი გვაქვს. მთავარი საკითხია, რომ ჩვენ ფაქტად არაფერი არ უნდა მივიღოთ. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის უკეთესი ჩვენი შვილებისთვის… ჩვენ გადასასვლელები ვართ სრულიად ახალ დონეზე – მათ შორის ზღაპრებზეც, სახელმძღვანელოებზეც, სწავლის მეთოდებზეც და ყველაფერზე უნდა გვქონდეს საუბარი.
გამოქვეყნებულია:17.11.2016