საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მგალობლიშვილი სამართალდამცველებმა 2017 წლის იანვარში იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს . 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დღეს კი მას ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ეს არ არის მგალობლიშვილის პირველი ნასამართლეობა. რამდენიმე წლის წინ მგალობლიშვილმა საპატიმრო სწორედ პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ დატოვა.
სამართალდამცველთა მხრიდან ინტერესის ობიექტები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სხვა ოჯახის წევრები არაერთხელ ყოფილან.
—გასული წლის ივლისში პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური. მედია წერდა, რომ საქმე ნარკოტიკებს ეხებოდა.
—2017 წლის მარტში ასევე სკანდალი მოჰყვა პრეზიდენტის სიძის მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის დაკავებასაც. პოლიციამ მას 18 აბი სუბოტექსი აღმოუჩინა, თუმცა პრეზიდენტის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკული საშუალება თათარიშვილს ჩაუდეს.
—ამ ინციდენტის შემდეგ მედიაში გააქტიურდა პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი. მან რუსთავი2-ზე პოლიტიკურ ტოქშოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრებს და პირადად მას უსაფრთხოების სამსახურის წევრები მუდმივად უთვალთვალებენ.
—ანა მარგველაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა. მისი თქმით, საქართველოში სამართალდამცველთა მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების “ჩადება” გავრცელებული პრაქტიკაა.
—პრეზიდენტის ქალიშვილმა ფეისბუკზე ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო და საპროტესტო აქციაშიც მიიღო მონაწილეობა.
—თავად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში გამართა სპეციალური ბრიფინგი, სადაც ხელისუფლება პრეზიდენტისა და მისი ოჯახის დევნაში დაადანაშაულა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა 2014 წელს დაიკავა. ის სახელისუფლებო გუნდის “ქართული ოცნების” და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული კანდიდატი იყო. თუმცა, პრეზიდენტად არჩევიდან ცოტა ხანში, მარგველაშვილსა და ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს შორის გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება მოხდა. ივანიშვილმა, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება მისი ცხოვრების “ყველაზე დიდი შეცდომა იყო”. ივანიშვილი ამ განცხადების შემდეგ მარგველაშვილი მუდმივად არის მმართველი გუნდის მხრიდან თავდასხმების ობიექტი.