„ოსი ხალხი სამშვიდობო ჯარმა იხსნა“, - სამხრეთ ოსეთში შერეული სამშვიდობო ძალების შექმნის 25-ე წელიწადს აღნიშნავენ
ფოტო სამხრეთ ოსური საინფორმაციო სააგენტო РЕС-ის ვებ-გვერდიდან. ავტორი ზარინა ხუბაევა
სამხრეთ ოსეთში საზეიმოდ აღნიშნეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში უნიკალური სამშვიდობო ჯგუფის შექმნის 25-ე წლისთავი. ეს ჯგუფი სიტუაციის გასაკონტროლებლად და ძალადობის განახლების არდასაშვებად შეიქმნა.
სამშვიდობო ჯგუფის „შერეული ძალები მშვიდობის შეანარჩუნებისთვის“ შექმნის გადაწყვეტილებას 1992 წლის 24 ივლისს დაგომისში ხელი მოწერეს – ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც იმ დროს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე იყო, და რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა. სამშვიდობოების შემოყვანის გადაწყვეტილება „საქართველო-ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პრინციპების შესახებ“ შეთანხმების ნაწილი გახდა.
სამშვიდობო ჯგუფი განსაკუთრებულ მოვლენად იქცა – ის შედგებოდა ოთხი ბატალიონისგან, რომლებიც ყველა მონაწილე მხარეს წარმოადგენდნენ: სამხრეთოსური, ქართული, ჩრდილოოსური და რუსული ბატალიონები.
რუსული ბატალიონი შერეულ სამშვიდობო ძალებს ბოლოს შეუერთდა. ეს 1992 წლის 14 ივლისს მოხდა, და სამხრეთ ოსეთში ეს თარიღი ამ სამშვიდობო ჯგუფის შექმნის დღედ არის მიჩნეული.
სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და მთავრობის წარმომადგენლები ცხინვალის მე-4 რუსულ ბაზაზე ჩავიდნენ. შემდეგ გაიმართა მიტინგი, რომელზეც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას, ვინც რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაწირა.
ანატოლი ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა ყველა სამშვიდობოს, ვინც ამ მისიას 1992-დან 2008 წლამდე ასრულებდა, და „ღრმად სიმბოლური“ უწოდა იმ ფაქტს, რომ შერეული სამშვიდობო ძალების დროის მიხედვით ბოლო მთავარსარდალი მარატ კულახმეტოვი დღეს რუსეთში სამხრეთი ოსეთის ელჩია. „რუსეთი – ეს ის სახელმწიფოა, რომელმაც სამხრეთი ოსეთი განადგურებას გადაარჩინა“, – თქვა ბიბილოვმა.
რესპუბლიკის მცხოვრებელთა განსაკუთრებული ყურადღება საზეიმო დღესთან დაკავშირებით გამართულმა ორმა ღონისძიებამ მიიქცია.
სოფელ ინტრაპისთან შედგა რეტროსპექტიული ქმედება, რომელიც 1992 წლის 14 ივლისს ქალაქში რუსი სამშვიდობოების კოლონის ჩამოსვლას ასახავდა.
ცხინვალში სამშვიდობოების ქუჩაზე კი სანახაობრივი ბაიკ-შოუ გაიმართა. მოდანზე პირველად კვადროციკლებით ბავშვები გამოვიდნენ, შემდეგ კი თავიანთი ოსტატობა უჩვენეს გამოცდილმა მოტოციკლის მძღოლებმა და სკეიტბორდისტებმა. წარმოდგენის ამ ნაწილში სამხრეთი ოსეთისა და რუსეთის 70-მა მოტოციკლისტმა მიიღო მონაწილეობა.
დაახლოებით ათასი მაყურებელი აღფრთოვანებით ადევნებდა თვალს „მოტოფრისტაილს“ – ხტომებს აკრობატიკის ელემენტებით.
დღესასწაული ცხინვალის ცენტრში მდებარე პიონერულ პარკში სახალხო სეირნობით დასრულდა.
ალან ჯუსოევმა, საზოგადოებრივი მოძრაობის „შენი არჩევანი – ოსეთი“ ლიდერმა JAMnews-თან ინტერვიუში განაცხადა:
“სამშვიდობო ძალების შემოსვლიდან 25 წლის შემდეგ ყველასთვის ნათელი და გასაგებია, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. სამშვიდობოები სტაბილურობის ფაქტორად იქცნენ, რეგიონში უსაფრთხოების ფაქტორად. სამშვიდობო ძალებმა სამხრეთ კავკასიაში ოსური ეთნოსის გაქრობის საშიშროება აღკვეთეს. მინდა შეგახსენოთ, რომ ზვიადისტების მხრიდან ეთნიკური წმენდის დროს დევნილად იქცა 100 ათასი ოსი, რომლებიც დღემდე საქართველოს შიდა რაიონებში ცხოვრობენ. ეს გაეროს უმაღლესი კომისარის დევნილთა საქმეების სამართველოს 1992 წლის ოფიციალური მონაცემებია. სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ძალების შემოყვანამ ეს წმენდა აღკვეთა და, მშვიდობა და სტაბილურობა დაამყარა“.
ეს დღესასწაული სამხრეთი ოსეთის საზეიმო დღეებისა და სამახსოვრო თარიღების სახელმწიფო კალენდარშია შეტანილი.
ფოტო სამხრეთ ოსური საინფორმაციო სააგენტო РЕС-ის ვებ-გვერდიდან. ავტორი ზარინა ხუბაევა
1992 წელს ხელმოწერილი „საქართველო-ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პრინციპების შესახებ“ შეთანხმებით, შერეული ძალების პარალელურად, შექმნა შერეული საკონტროლო კომისიაც, რომელსაც ცეცხლის შეწყვეტა, შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა, თავდაცვის ძალების დათხოვნა და გამყოფ ზოლზე უსაფრთხოების რეჟიმის უზრუნველყოფა უნდა გაეკონტროლებინა.
შერეული სამშვიდობო ძალები თავიანთ მისიას 16 წელიწადს აგრძელებდნენ, საქართველო-ოსეთის ახალ, 2008 წლის აგვისტოში მომხდარ კონფლიქტამდე.
იმ „ხუთდღიანი ომის“ პირველ დღეს ქართული მხრიდან სამშვიდობოების ბაზა დაიბომბა, რუსული ბატალიონიდან 15 რუსი სამხედრო დაიღუპა.
იმ ომის შედეგად იქცა რუსეთის გადაწყვეტილება, რომ უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერაზე და სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ეღიარებინა.
რუსეთსა და ოსეთს შორის ხელმოწერილი ორი დოკუმენტის თანახმად:“რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება“ და „სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი ძალისხმევით დაცვის შესახებ შეთანხმება“ – 2009 წელს რესპუბლიკაში მეოთხე რუსული სამხედრო ბაზა და სასაზღვრო სამართველო ФСБ РФ შეიქმნა.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო