ორი ქალი და პრეზიდენტი
ცნობილმა ბლოგერმა და სამართალდაცველმა, მარია ფლიევამ გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელიც აქტიურად განიხილება სამხრეთ ოსეთში. წერილის ადრესატია ლეონიდ თიბილოვი, ტექსტი კი სამოქალაქო აქტივისტის, ფატიმა მარგიევასა და მისი შვილების ბედს ეხება.
თავად მარგიევას პირობითი სასჯელი ჰქონდა შეფარდებული, მისი ვაჟი იზოლატორში ზის, ქალიშვილი კი ახლახან დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა, თუმცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ეს ყველაფერი ფლიევას ღია წერილის მიზეზი გახდა. აღნიშნული წერილი ათასობით ადამიანმა გააზიარა, როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიაში.
“ფატიმა მარგიევა, ყველაზე მამაცი ქალია ოსეთში, – აღნიშნულია ამ წერილში, – მიუხედავად იმისა, რომ კოკოითის რეჟიმმა იგი ციხეში ჩასვა, დაამცირა და დააშინა, ის მაინც თავისუფლებისთვის იბრძოდა. მისი გათავისუფლების შემდეგ კოკოითის რეჟიმი ფატიმას ვაჟით დაინტერესდა. მარგიევას შვილს დააბრალეს და დღემდე აბრალებენ მკვლელობას, რომელსაც ის სამართალდამცავებიც კი ვერ ამტკიცებენ, რომლებმაც ეს საქმე შეთითხნეს.”
ფატიმა მარგიევა
ფატიმა მარგიევა, უკვე მრავალი წელია, ცხინვალის უნივერსიტეტში ისტორიას ასწავლის. მისი დაპირისპირება ხელისუფლებასთან დაიწყო 2009 წელს, როდესაც მან საზოგადოებას მოუწოდა, საპარლამენტო არჩევნებისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ. იმ პერიოდში მარგიევას მთავარ ოპონენტად იქცა სამხრეთი ოსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი.
2010 წელს მან სამი თვე გაატარა საპყრობილეში და, იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით, ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა. საქმის მასალებში ფიგურირებდა ასევე სააგიტაციო ფურცლები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული სამხრეთ ოსეთში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ასაჩივრებდა.
“თითქმის ოცი წელია, უნივერსიტეტში ვასწავლი. სამხრეთ ოსეთში დავიბადე, აქ გავიზარდე და განზე ვერ დავდგები იმისგან, რაც ჩემს სამშობლოში ხდება. მე მხოლოდ ის მინდა, რომ სამხრეთ ოსეთში მეტი სამართლიანობა იყოს და მეტი ყურადღება დაეთმოს უბრალო ხალხის პრობლემებს. მინდა, რომ სახელმწიფო მოსამსახურეები უფრო პროდუქტიულები იყვნენ. ამაზე უარის თქმას ვერავინ მაიძულებს. კოკოითის მმართველობამდეც ასე ვმოქმედებდი და მისი მემკვიდრეების მმართველობის პერიოდშიც ასეთად დავრჩები”, – განუცხადა მარგიევამ ჟურნალისტებს 2009 წელს.
ფატიმა მარგიევას ვაჟი, დმიტრი კალოევი ცხინვალის იზოლატორში ზის. მას ტყვიების შენახვაში ადანაშაულებენ. ორიოდე დღის წინათ 21 წლის ელენა კალოევა, ფატიმა მარგიევას ქალიშვილი, ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
მარია ფლიევა მიმართავს პრეზიდენტს: “ლეონიდ ხარიტონოვიჩ, ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ ომისშემდგომ სამხრეთ ოსეთში ტყვიების შენახვისთვის აღძრული სისხლის სამართლის საქმე ადეკვატურია? სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქე, ლეონიდ ხარიტონოვიჩ, ყველა – ისინიც კი, ვინც არასდროს აღიარებს, რომ ახლა სიმართლეს ვწერ, ხვდება, რომ მარგიევის ვაჟი მოუსვენარი კოკოითის მსხვერპლია – კოკოითის, რომელსაც თქვენ ეხმარებით. სხვა შემთხვევაში, თქვენი დუმილი გაუგებარია.”
“ელენა კალოევას მხიარულ და ძლიერ გოგონად ვიცნობდი და მისი თვითმკვლელობა თქვენს სინდისზე იქნება, რადგან თქვენ და თქვენი ხელისუფლება კოკოითის საქმეს აგრძელებთ და ჩვენ საზოგადოებას ნელი სიკვდილისთვის წირავთ.”
სოციალურ ქსელებში ადამიანები ათობით კომენტარს ტოვებენ და ფატიმა მარგიევას მხარდაჭერასა და თანაგრძნობას უცხადებენ. გარდა ამისა, მომხმარებლები ცვლილებებსაც მოითხოვენ.
“როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო და რა მოხდა სინამდვილეში. თვითმკვლელობაც მკვლელობაა და გამოდის, რომ ვიღაცამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე? რაც უნდა მომხდარიყო, ადამიანი ცოცხალი აღარ არის. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც საკუთარ შვილებს ხოცავს.”
“საშინელი დრო გამოვიარეთ და ახლა, ომის შემდგომ პერიოდშიც ვკარგავთ ახალგაზრდა, ჭკვიან თანამოქალაქეებს.”
“ჩვენი პატარა ქვეყნისათვის ახალგაზრდების თვითმკვლელობის ასეთი მაღალი დონე ძალიან სერიოზული პრობლემების მანიშნებელია, და ეს სირთულეები თავისით არ გაქრება.”
“ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც სავარძლებში სხედან, ავიწყდებათ, რომ ხვალ ყველაფერი დასრულდება და ზოგჯერ დასასრული ძალიან სამწუხაროა მათთვის, ვინც საკუთარ მოქალაქეებს აბუჩად იგდებს!”
“დარწმუნებული ვარ, რომ გოგონა ასეთ გადაწყვეტილებამდე მიიყვანეს, რაც მკვლელობის ტოლფასია! და რა ხდება ასეთ შემთხვევაში? ვინ უნდა აგოს პასუხი?”
თავის წერილში მარია ფლიევა პირდაპირ ბრალდებას უყენებს სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტს, და თან გამოსავალს სთავაზობს:
“თქვენ და თქვენი ხელისუფლება კოკოითის საქმეს აგრძელებთ და ჩვენ საზოგადოებას ნელი სიკვდილისთვის წირავთ… კოკოითის რეჟიმმა ყველა ისე დააშინა, რომ ეს შიში… ჩვენს შვილებზე გადავა. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი კოკოითიმ თავის ყურმოჭრილ მონებად აქცია და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამის შეჩერება.
და მერწმუნეთ, ლეონიდ ხარიტონივიჩ, მე ვიქნები პირველი, ვინც მხარს დაგიჭერთ, თუკი რეალურად დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობას დაიწყებთ.”
მარია ფლიევა
JAMnews-ის დოსიე
- 32 წლის მარია ფლიევა თანმიმდევრულად აკრიტიკებდა სამხრეთი ოსეთისა და ჩრდილოეთი ოსეთი-ალანიის ხელისუფლებებს. 2011 წელს იძულებული გახდა, გერმანიაში წასულიყო, სადაც IT ტექოლოგიების სფეროში მოღვაწეობს – როგორც მის ღია წერილშია აღნიშნული, “… ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ კოკოითის რეჟიმისა და ჩრდილოეთი ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მისი მეგობრების მუდმივი მუქარის გამო.”
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია:27.05.2016