ნიკა მუსავი, ბაქო
ახლახან ლონდონში ვიყავი, სადაც ყველაზე მეტად ბროილერის ქათმებივით ჩასუქებულმა მტრედებმა და ბუკინჰემის სასახლემ გამაოცა; უფრო ზუსტად კი, არა იმდენად სასახლემ, რამდენადაც ტურისტებმა, რომლებიც საპატიო ყარაულის შეცვლის სანახავად მთელი გალავნის გასწვრივ იყვნენ ჩამწკრივებულები. შეიძლება ითქვას, რომ ისეთივე გაოგნებული ვიყავი, როგორც მაიას ტომის ინდიელი, რომელმაც პირველად დაინახა თოვლი; რადგან ბაქოში ასე არამხოლოდ სახელისუფლებო შენობების გალავნების, არამედ, ზოგადად, გალავნების გარშემო ვერ დადგებით. ხშირად უბრალოდ გვერდით დგომაც კი არ შეიძლება. მიწიდან აუცილებლად ამოიზრდება დაცვის თანამშრომელი, ან ვინმე სხვა მსგავსი თანამშრომელი და ცოცხით გაგაგდებთ იქიდან – ამასთან, შელოცვასავით გაგიმეორებთ ერთსა და იმავეს: “Icazə yoxdur” – “ნებადართული არ არის!”. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანულიდან სიტყვასიტყვით თარგმნის შემთხვევაში, ეს ფრაზა ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ სწორედ ეს ფორმა გამოხატავს მის აბსურდულობას. და ყოველთვის, როდესაც ეს ფრაზა მესმის, სურვილი მიჩნდება, სიტყვა ამხანაგ მაუზერს მივცე (როგორც წერდა კარგი, მაგრამ ემოციური პოეტი მაიაკოვსკი).
ეს ფრაზა ბაქოელებს ყველაზე უფრო მოულოდნელ ადგილებში ესმით ხოლმე. მაგალითად, ქალაქის ცენტრში, “მაკდონალდსის” წინ მდებრე მარმარილოს სვეტებთან. მართლა არ მაინტერესებს, არის თუ არა მარსზე სიცოცხლე და არც იმის გაგება მსურს, თუ ვინ მოკლა კენედი. მე მაინტერესებს, რატომ არ არის ნებადართული, ამ სვეტებს მიეყრდნო, ან “უფრო უარესი”, ამ სვეტზე დაჯდე. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მინდა ამის გაკეთება, მაგრამ როდესაც რაიმე ასე კატეგორიულადაა აკრძალული, ადამიანს დიდი სურვილი უჩნდება, გაარკვიოს, თუ რატომ მოქმედებს ეს შეზღუდვა…
აქ არ გააჩეროთ მანქანა. რატომ? არ არის ნებადართული!
აქ არ მოწიოთ. რატომ? არ არის ნებადართული!
აქ არ დადგეთ. რატომ? არ არის ნებადართული!
ფოტოს ნუ გადაიღებთ. რატომ? არ არის ნებადართული!
ნუ დაჯდებით ბალახზე/ ტროტუარზე/კიბის საფეხურებზე. რატომ? არ არის ნებადართული.
ვისი ნებართვაა საჭირო? რატომაა საჭირო? რისთვის? შეიძლება, ხმის ჩახლეჩვამდე ვიმეოროთ ეს შეკითხვები, მაგრამ რაიმე გონივრულ პასუხს მაინც ვერ მივიღებთ. საერთოდაც, გაგიმართლებთ, თუკი ვინმე უხეშად არ გიპასუხებთ.
არა, საუბარი არ არის სამხედრო ობიექტებსა და საბრძოლო მასალების საწყობებზე; არ ვგულისხმობ იმ ტერიტორიებს, სადაც მანქანების გაჩერების ამკრძალავი ნიშნებია განთავსებული, და არც კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთებს, სადაც ხულიგნები გალავანს ახტებიან ხოლმე. ასეთ შეზღუდვებს შეიძლება სრულიად ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ადგილებშიც გადავაწყდეთ – იქ, სადაც არანაირი საფრთხე არ იმალება. თუ იმალება? იქნებ ყველა ეს “არ არის ნებადართული” რაიმეთია განპირობებული და სათანადო საკანონმდებლო საფუძველი აქვს? თუ ეს ასეა, მაშინ ეს გარემოება შეიძლება განიმარტოს და უნდა აიხსნას. სასურველია, რომ განმარტება მშვიდად, თავაზიანად და გასაგებად გაკეთდეს. ამას გარდა, კაცობრიობამ, უკვე დიდი ხანია, გამოიგონა საინფორმაციო მანიშნებლები, რომლებიც ზუსტად იმისთვის გამოიყენება, რომ ადამიანებს აცნობოს, რომ ამა თუ იმ ადგილას ესა თუ ის მოქმედება იკრძალება. მაგრამ არა. ჩვენს შემთხვევაში ახსნა-განმარტებას არავინ გაღირსებთ.
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ “აკრძალული” კი არ არის, არამედ “არ არის ნებადართული”.
ამ ორ, ერთი შეხედვით, მსგავს გამოთქმას შორის არსებითი სხვაობაა; რადგან “ნებართვა არ არის” კონკრეტულ აკრძალვას არ გულისხმობს.
“ნებართვა არ არის” საყოველთაო აკრძალვაა. ამ შემთხვევაში, აკრძალულია ყველაფერი, რისი უფლებაც არ მოუციათ.
ანუ ყველაფერზე განსაკუთრებული ნებართვის მიღებაა საჭირო – აი, ისე, როგორც ბავშვები ეკითხებიან ხოლმე მშობლებს, შეიძლება თუ არა ეზოში გასვლა, ან შოკოლადის ჭამა. ეს კი მთელი ფილოსოფიაა, რომელსაც საზოგადოებას ახვევენ თავს – “უზენაესი ნებართვის” მიხედვით ცხოვრების ფილოსოფია – ამასთან, არა კანონის, არამედ გაურკვეველი ადამიანის ნებართვის.
წვრილმანია? გააჩნია, რა კუთხით შევხვედავთ.
ძაბავს ადამიანს? ძალიან.
გამაღიზიანებელია. ძალიან.
ალბათ, ბაქოელები, რომლებიც ამ ცხოვრებაში კარგად იქცევიან, სიკვდილის შემდეგ სამოთხის განსაკუთრებულ ნაწილში მოხვდებიან – იქ, სადაც ყველაფერი ნებადართულია. წარმოიდგინეთ, რომ სამოთხის ხეივანში მიაბიჯებთ და უცებ ხის უკან მდგარი ფრთაგაშლილი, ლონდონის მტრედივით მსუქანი ანგელოზი თქვენ წინაშე აღიმართება და გეუბნებათ:”რატომ დადიხართ შემოვლითი გზებით? ჩამოჯექით ღრუბელზე, ან გაზონზე წამოწექით. ნებადართულია!”
გამოქვეყნდა: 28.09.2016