ისინი აცხადებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია, გადაწყვეტილება თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოვლინებაა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისში 24 მაისს დააკავეს და ამჟამად ტერორიზმის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ფეთჰულა გიულენთან და მის ორგანიზაციასთან, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, თანამშრომლობა ჰბრალდება.
“სამინისტროს ძირითადი არგუმენტი ემყარება სადავო მტკიცებას, რომ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული და ამ ორგანიზაციის წევრების ქმედებების მიმართ სახელმწიფოს მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა ლეგიტიმურია. აღნიშნულის მტკიცებისას სამინისტრო სრულად უგულებელყოფს ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასობრივი დარღვევის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, რომელიც აღნიშნულ პროცესს კანონიერ ბუნებას არსებითად უცვლის და პოლიტიკურ შინაარსს სძენს”, – აღნიშულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველომ დემირელის კოლეჯის ყოფილ მმართველს მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი 7 ივლისს უთხრა. სამინისტროს დასაბუთებაში, რომელიც გამოცემა “ლიბერალმა” გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ თურქეთში ექსტრადირება ჩაბუქისთვის არ არის რისკის შემცველი და რომ თურქეთის ციხეებში პოზიტიურ ცვლილებებს აქვს ადგილი.
არასამთავრობო ორგანიზაციები კი მთელ რიგ საერთაშორისო დოკუმენტებზე მიუთითებენ, სადაც თურქეთში წამების პრაქტიკაზეა საუბარი. ისინი მოუწოდებენ მთავრობას, საერთო სასამართლოებს, საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვან მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიცია თურქეთში.
დემირელის კოლეჯი, ისევე როგორც ჩაღლარის განათლების ქსელის რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, ფეთჰულა გიულენის სახელთანაა დაკავშირებული, რომელსაც 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალება ჰბრალდება. თურქეთის მთავრობამ გიულენის მიერ თურქეთში გახსნილ შაჰინის სკოლებზე პირდაპირი იერიში მიიტანა და განაცხადა, რომ იქ “ტერორისტებს ზრდიან”. მუსტაფა ემრე ჩაბუქი უკვე წლებია საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.