მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ესპანეთში საქართველოს ელჩი გახდა
გაზიარება
გაზიარება
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს. ის აქამდე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო.
გენერალური მდივნის თანამდებობას პოლოლიკაშვილი 2021 წლამდე დაიკავებს. არჩევნები ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიაზე ქალაქ მადრიდში გაიმართა.
“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე აირჩიეს. ეს ფაქტი ხაზს უსვამს საქართველოს როლს და მის მისწრაფებას წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მმართველობის განხორციელებაში. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას ტურიზმის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების კუთხით“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ზურაბ პოლოლიკაშვილი 2005 წლიდან 2010 წლამდე მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში მუშაობდა, ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კი საქართველოს ელჩად ესპანეთში. 2009-2010 წლებში ის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო. 2012 წლამდე იყო ჯგუფ “თიბისი ბანკის” ვიცეპრეზიდენტი და საფეხბურთო კლუბ “თბილისის დინამოს” გენერალური დირექტორი. 2012 წლიდან ის მეორედ დაინიშნა საქართველოს სრულუფლებიან ელჩად ესპანეთის სამეფოში.