მოსაზრება: რატომ აშენებენ რუსეთში სახელმწიფო კორპორაციები ახალ ოფისებს მილიარდებად?
ერთი მილიარდი დოლარი – ასეთ თანხას დახარჯავს თავის ახალ ოფისზე სახელმწიფო კომპანია „რუსეთის რკინიგზა“. და, როგორც რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ წერს, ეს მხოლოდ წინასწარი თანხაა. ოფისებზე ასეთ თანხას, როგორც წესი, მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიები ხარჯავენ, ისეთები, როგორებიცაა Apple და Google.
ახალი ცენტრალური ოფისების მშენებლობის გეგმების შესახებ, კიდევ ოთხმა გიგანტმა სახელმწიფო კომპანიამ განაცხადა – „როსკოსმოსი“, „როსტეხი“, „გაზპრომი“ და „როსნეფტი“.
„რუსული სახელმწიფო კაპიტალიზმი ახალმოსახლეობის სურვილმა შეიპყრო“, წერს ამ თემის შესახებ რუსული ონლაინ გამოცემა Republic.
რატომ არის ასეთი დიდი ხარჯები რუსეთის ეკონომიკისთვის ასეთ რთულ პერიოდში?
• სტალინი, პუტინი, პუშკინი – რუსების გმირები
• უკრაინა და რუსეთი: მტრები თუ სავაჭრო პარტნიორები?
• მოსაზრება: რატომ აღარ უმართლებს ვლადიმირ პუტინს?
მასშტაბი
„რუსეთის რკინიგზის“ ახალი შტაბბინის ტერიტორია – 450 ათასი კვადრატული მეტრია.
200 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს „როსნეფტის“ ახალი შტაბბინის ტერიტორია – ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნებით და მოსკოვის პრესტიჟულ რაიონში.
კორპორაცია „როსკოსმოსის“ შენობა 250 ათასი კვადრატული მეტრი იქნება და კოსმოსური ხომალდის ფორმას მიიღებს.
[su_pullquote align=”right”]დასავლური სანქციები მოქმედებს ძირითადად სახელმწიფო კომპანიების წინააღმდეგ – და მისი კერძო ხელში გადატანა, ამ სანქციებისგან თავის აცილებაში დაეხმარებათ[/su_pullquote]
„როსტეხის“ ახალი ოფისის ტერიტორია 260 ათას მეტრზე მეტს შეადგენს და კიდევ 60 ათასი კვადრატული მეტრი – გამოიყოფა აპარტამენტებისთვის, სადაც კომპანიის თანამშრომლები იცხოვრებენ, ასევე, სასტუმროსთვის, სადაც სტუმრებს დააბინავებენ.
300 ათასი კვადრატული მეტრის მიღება უნდა რუსეთის მთავარ ბანკს – „სბერბანკს“.
400 ათასი კვადრატული მეტრი, 87 სართული და 118-მეტრიანი შპილი – ასეთი იქნება „გაზპრომის“ ახალი შტაბბინა, რომელიც 2,5 მილიარდი დოლარი დაჯდება.
დანარჩენი კომპანიები კი თავიანთ ახალ ოფისებზე, თითოეული, მილიარდ დოლარზე ნაკლებს არ დახარჯავენ.
ეკონომიკური წარმატების ფონზე?
ოფისებისთვის გამოყოფილი ასეთი ბიუჯეტი, რომელიც ყველაზე მსხვილ რუსულ კომპანიებს აქვთ დაგეგმილი, მსოფლიოში უძვირესთა შორისაა.
მაგრამ „გაზპრომის“, „როსნეფტის“, „როსკოსმოსისა“ და სხვათა ეკონომიკური მაჩვენებლები, ბოლო წლების განმავლობაში, დამთრგუნავ შთაბეჭდილებას ახდენს:
• შემოსავლები მცირდება
• საკრედიტო ვალდებულებები იზრდება
• კაპიტალიზაცია მცირდება
• კორუფციული სკანდალების რაოდენობა იზრდება
• სულ უფრო და უფრო მეტი რუსული სახელმწიფო კომპანია ხვდება დასავლური სანქციების ქვეშ, აშშ-ის არჩევნებში ჩარევისა და ყირიმის ოკუპაციის გამო.
მაშინ, რატომ იწყება ასეთი წარმოუდგენელი ბიუჯეტისა და ამბიციების პროექტები?
სტრატეგიული გეგმა
ამ კითხვაზე პასუხი შეგიძლიათ მიიღოთ რუსეთის წარმომადგენლების გამოსვლებში დავოსის ბოლო ეკონომიკურ ფორუმზე. მათ განაცხადეს, რომ ხელისუფლება სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციისთვის ემზადება, რაც დახურულ რეჟიმში და უცხოელების მონაწილეობის გარეშე გაიმართება.
ბევრი რუსული და დასავლური გამოცემა წერს, რომ ამ გეგმის მიზანი ნათელია. დასავლური სანქციები ძირითადად სახელმწიფო კომპანიების წინააღმდეგ მოქმედებს – შესაბამისად, მათი გადასვლა კერძო ხელში, ამ სანქციებისგან გათავისუფლებაში დაეხმარებათ.
ამ ვითარებაში, ძალიან ძვირფასი ახალი შტაბ-ბინების აშენება ლოგიკური ნაბიჯი ხდება.
პირველი, სასწრაფოდ საჭიროა რაც შეიძლება მეტი საბიუჯეტო თანხის გადაქაჩვა საპრივატიზაციო კომპანიებში.
მეორეც, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ ამ მშენებლობის კონტრაქტები „პუტინის გარემოცვის“ წარმომადგენელ ბიზნესმენებს არ შეხვდება – ანუ ხალხს, რომლებიც მილიარდერები რუსეთის პრეზიდენტთან ახლობლობის გამო გახდნენ.
აქვე აღსანიშნავია – მხოლოდ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რუსეთში მილიარდერების რაოდენობა 77-დან 106 ადამიანამდე გაიზარდა.