"მიმინო" - ფრენა გრძელდება
ქართველმა ბიზნესმენმა, მედიაჰოლდინგ “ფორტუნას” მფლობელმა, ზურაბ ჩიგოგიძემ “მიმინოს” მომდევნო სერიის გადაღების უფლება რუსული “მოსფილმისგან” შეისყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო RNS ავრცელებს.
“მიმინო – ფრენა გრძელდება” ასე ერქმევა გაგრძელებას, რომლის უფლებაც ჩვენ უკვე შევიძინეთ. გადაღებების დაწყებას უახლოეს მომავალში ვგეგმავთ,” – აცხადებს ჩიგოგიძე. ბიზნესმენის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფილმის რეჟისორის შერჩევა. ეკარნებზე ის, სავარაუდოდ, უკვე მომავალ წელს გამოჩნდება. პროექტის სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
უცნობია, მიიღებს თუ არა ფილმში მონაწილეობას “მიმინოს” როლის შემსრულებელი, მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე. როგორც ჩიგოგიძე აცხადებს, ფილმის გადაღების უფლება შესყიდულია ასევე “მიმინოს” ცალკეული ავტორებისგანაც – გიორგი დანელიასგან (რეჟისორი), რევაზ გაბრიაძისა და ვიქტორია ტოკარევასგან (სცენარისტები), და გია ყანჩელისგან (კომპოზიტორი).
საბჭოთა კომედია “მიმინო” ეკრანებზე 1977 წელს გამოვიდა. მთავარი როლები ქართველმა მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემ (ვალიკო) და სომეხმა – ფრუნზიკ მკრტჩიანმა (რუბიკი) შეასრულეს. “მიმინო” საკულტო საბჭოთა ფილმად იქცა. დღემდე ფრთიან ფრაზებად რჩება ფილმის დიალოგები და ცალკეული გამონათქვამები.
ფილმის მთავარი გმირების უკვდავსაყოფად თბილისში სკულპტურები დგას:
დილიჟანში (რუბიკის სამშობლო):
და ერევანში:
ს
აინტერესოა, რომ ამ ფილმის შექმნაში, რომელიც სომეხისა და ქართველის მეგობრობას ეხება, მნიშვნელოვანი როლი კიდევ ერთი სამხრეთკავკასიური რესპუბლიკის – აზერბაიჯანის წარმომადგენელმაც შეასრულა. ფილმის სიუჟეტი თავდაპირველად სოფლელ გოგონაზე იყო. გოგონას შეუყვარდება მფრინავი, რომელიც ლექსებს წერს და საყვირზე კარგად უკრავს. უკვე გადაღებებისთვის მზადების პროცესი დაწყებული იყო, როდესაც რეჟისორ დანელიას მისი აზერბაიჯანელი მეგობარი – მწერალი მაქსუდ იბრაგიმბეკოვი ესტუმრა. იბრაგიმბეკოვმა დანელიას შეახსენა ისტორია, რომელიც ადრე რეზო გაბრიაძისგან ჰქონდა მოსმენილი – ერთ სოფლის ბიჭზე, მფრინავზე, რეისიდან დაბრუნების შემდეგ თავის ვეტმფრენს ხეზე თოკით რომ აბამდა. ამ ისტორიამ ფილმის სცენარი თავდაყირა დააყენა.
ქართულ-სომხური მეგობრობის ხაზიც ფილმში სრულიად შემთხვევით გაჩნდა. თავდაპირველი სცენარის მიხედვით, ფილმის მთავარი გმირი (კიკაბიძე) მოსკოვში ჩადის და სასტუმროში მარტო სახლდება. ის იდეა, რომ მას მეზობელიც უნდა ჰყოლოდა, მოგვიანებით გაჩნდა. ვალიკოს მეგობრის კანდიდატურაზე ორი ვარიანტი განიხილებოდა – რუსი მსახიობი ევგენი ლეონოვი ან ფრუნზიკ მკრტჩიანი. ბოლოს მონეტა ააგდეს და ეს როლი მკრტჩიანს შეხვდა.
გამოქვეყნებულია: 2.06.2016