მივლინება ომისშემდგომ თალიშში
სიმაღლეზე, რომელიც თალიშიდან ჭოგრიტის გარეშე მოჩანს, ვერც სომხურ განმასხვავებელ ნიშნებს შენიშნავთ, და ვერც აზერბაიჯანულს. არც დროშები ჩანს, არც გერბები და არც სამხედრო ტექნიკა.
თალიშის სკოლის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი, 43 წლის სოს პეტროსიანი ამბობს, რომ მისი სახლი სახიფათო “სიმაღლიდან” სულ რაღაც ერთ კილომეტრში მდებარეობს. მან, თადარიგის ოფიცერმა, ეს სახლი თავდაცვის არმიაში თერთმეტწლიანი სამსახურისთვის მიიღო.
სომხურმა ძალებმა უკვე ოფიციალურად აღიარეს, რომ ეს სიმაღლე, რომელიც თალიშიდან მოჩანს, 2 აპრილს დაკარგეს, როდესაც ყარაბაღისა და აზერბაიჯანის სამხედრო ძალების გამყოფი ზოლის მთელ პერიმეტრზე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო (პირველად 1994 წლის ზავის დადების შემდეგ).
აქედან აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს მიზანში აქვთ ამოღებული მთიანი ყარაბაღის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე სოფელი თალიში, რომლის 500 მოსახლეც ევაკუირებულია. სოს პეტროსიანმა მეუღლე და სამი ვაჟი სომხეთში გადაიყვანა. ისინი ჯერჯერობით ჩარენცევანში, სოსის მეუღლის მშობლების სახლში ცხოვრობენ.
“ტყუილად ხარობენ – ეს ყველაფერი დროებითია. ჩვენს პოზიციებს დავიბრუნებთ,” – ამბობს პეტროსიანი. იგი სახლში თავისი უმცროსი, 4 წლის ვაჟის სპორტული ფეხსაცმლის წასაღებად დაბრუნდა.
ამბობენ, რომ 2016 წლის 24-25 მაისის ღამე ერთადერთი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც გამყოფ ზოლზე ერთი გასროლის ხმაც კი არ გაუგონიათ.
მთიანი ყარაბაღის არმიის სპეცდანიშნულების რაზმის მოსამსახურის, არსენის თქმით, ასეთი მშვიდი ღამეები აქ მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ არის. იგი თავისი რაზმის წევრებთან ერთად თალიშში იმყოფება და სოფლის ერთ-ერთ ცარიელ სახლშია დაბინავებული.
დღისით აქ მეტწილად სიმშიდე სუფევს. ბიჭები ისვენებენ. სამხედრო შარვალსა და პერანგში გამოწყობილი არსენი თავისი დროებითი საცხოვრებლის ჭიშკართან დგას და ამბობს, რომ ღამღამობით შედარებითმა სიმშვიდემ დაისადგურა, განსაკუთრებით 16 მაისის შემდეგ – ანუ იმ დღიდან, როდესაც აზერბაიჯანელებმა არტილერიისა და სხვა მძიმე ტექნიკის გამოყენება შეწყვიტეს.
იმ დღეს, ეუთოს მინსკის ჯგუფის (რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებითაა დაკავებული) ინიციატივით, ავსტრიის დედაქალაქში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები და საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ, მცირე ხანში, 16-17 მაისის ღამეს ორივე მხარის ჯარისკაცები დაიხოცნენ. და ეს ინციდენტი უკანასკნელი არ ყოფილა.
ამჟამად თალიშში მხოლოდ სამხედროები იმყოფებიან. შესასვლეში რაღაც სამუშაოებს ატარებენ. სოფლის მთავარი გზა საბავშვო ბაღზე გადის, რომლიდანაც ხალხური სიმღერების ჰანგები ისმის – სპეცდანიშნულების რაზმის მოსამსახურეები მღერიან. შიგნით, ბავშვის ჩუსტების გვერდით ჯარისკაცების მშრალი საკვებით სავსე ყუთები აწყვია. ამ ყუთებიდან ზოგიერთი გახსნილია. რომელიღაც ყუთიდან ორცხობილები გადმოიყარა.
მთავარ გზაზე სამხედრო მანქანები მოძრაობენ, რომლებიც პოზიციებამდე ადიან და უკან ბრუნდებიან.
“თუკი ომით უნდა მოვიპოვოთ მშვიდობა, ჩვენ მზად ვართ,” – ამბობს 39 წლის არსენი. იგი ყარაბაღის მოვლენების შემთხვევითი მონაწილე არ გახლავთ.
არსენი წარმოშობით სოფელ გეთაშენიდანაა. 1989 წელს, როდესაც მისმა ოჯახმა ორი ავტომობილით დატოვა სოფელი, არსენი 12 წლის იყო.
“დღემდე მახსოვს “იკარუსი” სერიით AD, რომელიც ყაზახის შორიახლოს იდგა. მაღალი, ჭაღარათმიანი კაცი იყო იქ. კარგად ეცვა. პიჯაკი არა, მაგრამ ჟილეტი ემოსა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ უკნიდან მიუახლოვდნენ, არმატურის ჯოხი ჩაარტყეს, მიწაზე დააგდეს და წიხლები ურტყეს. იმ დღეს გადავწყვიტე, რომ სამხედრო გავხდებოდი,” – ამბობს არსენი.
პირველად 7 წლის იყო, როდესაც თალიშში ჩამოვიდა. “ბიძაჩემის ცოლი ამ სოფლიდან იყო და არდადეგებზე აქ ჩამოვედი. ჩემი ბავშვობის მეგობარი თალიშელია. უკვე 31 წელია, ვმეგობრობთ.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩვენი სამშობლო თალიშით იწყებოდა – თითქოს სახლის ალაყაფის კარივით არის. მაგრამ მტერი ავაზაკივით მოვარდა ღამით და მძინარე ადამიანებს დაესხა თავს. მადლობა ღმერთს, რომ 19-20 წლის მამაცი ბიჭები გვყავს, რომლებმაც მათ სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს. სხვა შემთხვევაში, მარაღის სცენარი განმეორდებოდა – ყველას დახოცავდნენ. ამის დამამტკიცებელი საბუთებიც არსებობს – ამ სოფელში მოხუცი, ავადმყოფი ადამიანები ამოხოცეს.”
თალიშის მოსახლეობას სოფელში დაბრუნება უნდა, მაგრამ მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ასეთი ნაბიჯი უსაფრთხო არ იქნება. ჯერჯერობით თალიში მხოლოდ სამხედრო ფორმაშიანი ადამიანებისთვის იქნება სახლი. აპრილის დაბომბვების შედეგად მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებული სახლების მეპატრონეები კი საკუთარ საცხოვრებლებს ჯერ კიდევ ვერ მოაწესრიგებენ.
ბევრი სახლს სახურავი აღარ აქვს. კედლებსა და ღობეებზე დიდი და მცირე ზომის ნახვრეტებია – სროლის ნაკვალევი.
თალიშის ერთ-ერთი ცენტრალური სახლის ბაღში გამოსაჩენ ადგილას თეთრ-ლურჯ კაბაში გამოწყობილი ქერა თოჯინა დევს.
“ეს სახლი ჩვენს ერთ-ერთ პედაგოგს, ისტორიის მასწავლებელს, არმენ აირაპეტიანს ეკუთვნის. სავარაუდოდ, ეს თოჯინა მისი უფროსი ქალიშვილის, გრეტასია. სხვების მსგავსად, აირაპეტიანმა ცოლთან და ორ ქალიშვილთან, გრეტასთან და ახალშობილ ივეტასთან ერთად დატოვა სოფელი და სომხეთისკენ გაემგზავრა,” – ამბობს სოს პეტროსიანი.
აპრილში, როდესაც თალიშელები ოჯახებს სომხეთში ხიზნავდნენ, მთიანი ყარაბაღის მიმართულებით ასობით მოხალისე გაემართა და ბევრი მათგანი დღემდე პოზიციებზე, ჯარისკაცების გვერდით რჩება.
მარტაკერტის ერთ-ერთ თავდაცვის პუნქტზე მოხალისეების გვერდით, ჯარისკაცების გარდა, ოფიცრებიც დგანან. აქ დარაჯი ძაღლიცაა, რომელსაც ორი ლეკვი ჰყავს. ეს ცხოველები სამხედროებს ახალისებენ და დასვენების საათებში დამთრგუნველ განწყობას უქარწყლებენ.
უკვე ორი თვეა, 22 წლის სურენ დავთიანი ფრონტის ხაზზე იმყოფება ოთხდღიანი ომის დაწყების პირველივე დღიდან. იგი ამბობს, რომ ვენის შეხვედრის შემდეგ დამყარებული შედარებითი სიწყნარეც კი არ იძლევა მშვიდობის გარანტიას. საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის გაუქმებული.
მორიგე ჯარისკაცი, მიასნიკ კარსაპეტიანი საკუთარი პოსტიდან ჭოგრიტით ათვალიერებს აზერბაიჯანულ პოზიციებს, რომლებიც მისგან სულ რაღაც 400 მეტრშია განლაგებული. ამ მომენტისთვის იმ მხარეს აქტივობა არ შეინიშნება, მთიან ყარაბაღში მშვიდობიანი, ქარიანი და მზიანი ორშაბათია.
“მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში საზღვარზე შედარებითი სიმშვიდე სუფევს, მოლაპარაკებების პროცესს შედეგი არ ექნება, თუკი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევების შემაკავებელ მექანიზმებს არ შემოიღებენ, – ამბობს მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარენ მირზოიანი; “როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, ყარაბაღელებსაც ეშინიათ ომის, იმიტომ, რომ ადამიანი მშვიდობიან გარემოში ცხოვრებისათვის არის შექმნილი; მაგრამ ბრძოლის არ გვეშინია.”
მინისტრის განცხადებით, ყარაბაღში იმედი აქვთ, რომ კონფლიქტი დარეგულირდება, თუმცა არც ისეთი “გულუბრყვილოები” არიან, რომ ამ საკითხის ძალიან სწრაფად გადაწყვეტის სჯეროდეთ. “ამ კონფლიქტის გრძელვადიანი და სამართლიანი მოგვარებისთვის უნდა ვიზრუნოთ, რადგან ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ ივარგებს.”
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნდა 07.06.2016