24 ნოემბერს, სინას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარე მეჩეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 235 ადამიანია დაღუპული.
ტერაქტი 24 ნოემბერს, დღისით, სუფიტურ მეჩეთში მოხდა, როდესაც იქ მორწმუნეები ლოცულობდნენ. მეჩეთთან ოთხი ჯიპის ტიპის მანქანა გაჩერდა, საიდანაც შეიარაღებული ადამიანები გადმოვიდნენ. მათ მეჩეთში ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს და აფეთქების შემდეგ სროლა ატეხეს იქ შეკრებილი მლოცველების მიმართულებით. როგორც “ალ-არაბია” წერს, ტერორისტებმა დაჭრილების წასაყვანად მოსულ სასწრაფო დახმარების მანქანებსაც გაუხსნეს ცეცხლი.
მსხვერპლის რაოდენობა თანდათან მატულობს – ეგვიპტური ახალი ამბების სახელმწიფო ვებგვერდის Ahram Online-ის მონაცემებით ტერაქტს, სულ ცოტა, 235 ადამიანი ემსხვერპლა.
BBC წერს, რომ ეს ეგვიპტის უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტია.
Sky News Arabia იუწყება, რომ ეგვიპტურმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა თავდამსხმელების ორ მანქანაზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც 15 ტერორისტია მოკლული. სამხედროები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტერორისტული დაჯგუფების სხვა წევრებს ეძებენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
ეგვიპტის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყანაში გამოცხადებულია სამდღიანი გლოვა.