მარტოობის დაუსრულებელი საღამოები
90 წლის გაზარ ხანოიანი ჯავახეთში, სოფელ გუმბურდოში ცხოვრობს. მას ცხოვრების განმავლობაში ბევრი რამ უნახავს – ომი და გადასახლება გამოირა, შვილი დაკარგა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ბაგრამიანის არმიაში იბრძოდა, მაგრამ იმ პერიოდზე საუბარი არ უყვარს და მედლებსაც უხალისოდ გვიჩვენებს: “წლობით აშენებ, ომი კი შენს ნაშრომს ერთ დღეში ასწორებს მიწასთან,” – ამბობს ის.
პაპა გაზარს სოფლის ცენტრში შევხვდით, მოედანზე, სადაც ის სხვა მოხუცებს დომინოს ეთამაშებოდა. გუმბურდოში მას “თანამედროვე ხორენაცი” შეარქვეს. ამბობენ, რომ მასზე უკეთ არავინ იცის სოფლის ისტორია.
მარტოხელა ბაბუა გაზარს დიდი ოჯახი ჰყავს: 4 ვაჟი, 2 ქალიშვილი, 16 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი. ყველა ქალაქში ცხოვრობს. ორი ვაჟი ჯერ კიდევ ახალგაზრდა გარდაიცვალა. უკვე თექვსმეტი წელია, რაც მეუღლე, მაგდალენაც აღარ არის ცოცხალი.
გაზარი მარტო ცხოვრობს.
“ტელევიზორი ჩემი მეგობარია. სახლში არავინაა. არ არიან ბავშვები, არ არიან შვილები. მარტოხელა ადამიანი ვარ.” წარსულზე საუბრისას ასეთ დასკვნას აკეთებს: “ადამიანს არ სჭირდება სიმდიდრე. მთავარია, შვილებით, შვილთაშვილებით და ახლობლებით იყოს გარშემორტყმული. ამაზე დიდი სიხარული არაფერია ცხოვრებაში. იყო დრო, მწვანილს ვჭამდით, მაგრამ ერთად ვიყავით, ტკბილად…”
***
დედისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ უკვე 30 წელი გავიდა. თავისი ოჯახი არ ჰყავს. არც ჯანმრთელობა აქვს, რომ ძველებურად იმუშაოს. მარუსია კეშიშიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში სრულიად მარტო ცხოვრობს. არც ელექტროენერგია აქვს, არც წყალი, და არც ბუნებრივი აირი. მხოლოდ მეზობლების იმედადაა, რომლებიც ქალაქში ჩასვლისას მისთვის წამლებსა და სურსათს ყიდულობენ ხოლმე.
30 წლის განმავლობაში მწველავად მუშაობდა ფერმაში. კარგი მუშაობისთვის სიგელებიც კი გადასცეს. “სად არ მიმუშავია, რა არ გამიკეთებია… ახლა კი აღარ შემიძლია მუშაობა, ამდენი შრომით ძვლები გამიცვდა.” პენსია 160 ლარია, 60 ლარი კი სოციალური დახმარების სახით ეძლევა (სულ დაახლოებით 90 დოლარი გამოდის). სულ ესაა, რაც აქვს იმისთვის, რომ თვიდან თვემდე თავი გაიტანოს. თბილ დღეებში მარუსია ბებო გირჩებსა და ფიჩხს აგროვებს, რომ ზამთარში სახლი გაათბოს.
თავის ცხოვრებაზე საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს. “არც და მყავს, და არც ძმა, არც ძმიშვილები, და დიშვილები. ავად გახდნენ და დაიხოცნენ. არ ვიცი, რა გავაკეთო, სად წავიდე. როგორმე დამეხმარეთ, მოხუცთა თავშესაფარში წამიყვანეთ,” – ითხოვს მოხუცი ქალბატონი.
ახალქალაქსა და, ზოგადად, ჯავახეთში მოხუცთა თავშესაფრები საერთოდ არ არის. მოხუცების სახელმწიფო კმაყოფაზე დატოვება სამარცხვინოდ ითვლება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნავენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოს ერთი განცხადება შევიდა თხოვნით, მოხუცთა თავშესაფარში გამოეყოთ ადგილი. თუმცა, საბოლოოდ ამ განმცხადებელმაც უარი თქვა, რადგან ქართული არ იცის და ქართველებთან ერთად ცხოვრება გაუჭირდება.
არც მარუსია ბებომ იცის ქართული და ამიტომ, უარს ამბობს მოხუცთა თავშესაფრის საქართველოს რომელიმე სხვა კუთხეში ძებნაზე. “სომხეთში წავიდოდი, ქართული არ ვიცი,” – ამბობს ის. ცუდად ესმის და გამუდმებით რევმატიზმი აწუხებს. “როდესაც მოხუცი ხარ, შენთან ლაპარაკიც კი არ უნდათ. სად წავიდე, რა ვქნა?” – კითხულობს მარუსია ბებო.
***
სურბ გევორქის ეკლესიის მეზობლად ოროთახიან სახლში მარტოხელა გურგენ ქოროგლიანი ცხოვრობს. სოფელში მას ბაბუა ქაროს ეძახიან.
83 წლის მარტოხელა ბერიკაცის საუკეთესო მეგობრებად და თანამოსაუბრეებად წიგნები იქცნენ. ამბობს, რომ ადრე, როდესაც ახალგაზრდა იყო და ბევრს მუშაობდა, წიგნებისთვის დრო არ რჩებოდა, ბოლო ათი წლის განმავლობაში კი ათასამდე წიგნი წაიკითხა.
ბერიკაცი ბარბაცით მიგვიძღვება სახლისკენ. ვრცელ ოთახში ორი საწოლი, ძველი კომოდი და მეუღლის, როზას ფოტო გვხვდება. ის ძალიან ხშირად ესაუბრება მეუღლის ფოტოს; მოსკოვში მცხოვრები ვაჟისა და შვილიშვილების კეთილდღეობისთვის ლოცულობს.
“უნდათ, მოსკოვში წამიყვანონ. მეხვეწებიან, მემუდარებიან, მაგრამ არ მინდა, ტვირთად დავაწვე. დღეს ცოცხალი ვარ, ხვალ კი შეიძლება აღარ ვიყო. ჩამოდიან, ფულსაც მიგზავნიან. ჩემი შვილების მადლიერი ვარ. სულ 2-3 წლის სიცოცხლეღა დამრჩენია. ავადმყოფი ადამიანი გახლავარ.”
***
გურგენ ქოროგლიანისგან განსხვავებით, ცოლაკ უნანიანმა რუსეთში, თავისი ვაჟის ოჯახთან ერთად უკვე სცადა ცხოვრება, მაგრამ ერთი წლის შემდეგ უკან დაბრუნდა.
“მთელი დღე ოთხ კედელში ხარ გამოკეტილი. გარეთ გახვალ და ყველაფერი უცხოდ გეჩვენება. გენატრება საკუთარი ხელით აშენებული სახლი, რომელშიც ცხოვრების დიდი ნაწილი გაქვს გატარებული და ცუდი დღეებიც ბევრი გქონდა იმ სახლში, და კარგიც,” – ამბობს ცოლაკი.
შვიდი წელია, რაც 90 წლის ბაბუა ცოლაკი მარტო უძღვება მეურნეობას. ნამდვილად არ ცხოვრობს ღარიბულად; შვილები ეხმარებიან მოსკოვიდან და თან, ასაკის მიუხედავად, თავადაც ახერხებს მუშაობას. მშვენიერი ბოსტანი აქვს, სადაც მზესუმზირა, პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ხახვი, ნიორი, ჭარხალი და კარტოფილი მოჰყავს.
ბაბუა ცოლაკს მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს – მარტოობა.
დიდი სახლის ოთახები მოგონებებს უშლის. ცოლის საწოლი, როგორც ადრე, ახლაც გვერდით უდგას მის სარეცელს. ოთახში ყველაფერი ისეა, როგორც ცოლმა დატოვა. ბაბუა ცოლაკს მეუღლე 7 წლის წინათ გარდაეცვალა.
ბაბუა ცოლაკი სოფლის ყველაზე მოხუცი მოსახლეა. ის ყოველდღე უყურებს ახალ ამბებს და შემდეგ სოფლის ცენტრში პოლიტიკაზე კამათობს ხოლმე. ამ ადგილს ბაბუა ცოლაკი მოხუცთა თავშესაფარს უწოდებს, რადგან სწორედ აქ იკრიბებიან სოფელში მცხოვრები ბერიკაცები.
“მარტოობა? რა თქმა უნდა, არ არის ადვილი, მაგრამ რას იზამ… ღმერთმა დააწესა ასე – ყველა მარტო ვართ.”