მარია ზახაროვა: როგორც იქნა, საქართველომ აღიარა, რომ ოსები და აფხაზები არ არიან მისი მოქალაქეები
რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსულ ტელეკომპანია “დოჟდთან” ინტერვიუში განაცხადა.
“როდესაც 2012 წელს “ქართული ოცნების” მთავრობამ დაინტერესება გამოხატა რუსეთთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანაზე, ჩვენ ამას დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნორმალიზების პროცესი, რამაც ამ წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგები მოიტანა”, – აღნიშნა ზახაროვამ.
“დოჟდთან” ზახაროვამ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა საქართველოზე და რამდენიმე კონკრეტულ საკითხს შეეხო:
ტატუნაშვილის საქმე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არჩილ ტატუნაშვილის საქმეს “სამწუხარო ინციდენტად” მოიხსენიებს და ამბობს, რომ ეს საქმე ვერ გააფუჭებს იმ პოზიტიურ შედეგებს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობებში ბოლო წლებში გაჩნდა.
“საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ბევრს არ მოსწონს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მათ აიტაცეს ტატუნაშვილის საქმე, თუმცა ცინიკური პროპაგანდისტური სპეკულაციების მიუხედავად, ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს”, – აღნიშნა ზახაროვამ.
საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ტატუნაშვილი მეორე დღეს ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში, გარდაიცვალა.
ქართული მედია
ზოგიერთი ანგაჟირებული ქართული მედია საშუალება არ იშურებს ძალისხმევას, რომ ქართველებს რუსეთის პოლიტიკის და რუსების მიმართ სიძულვილი გაუღვივოს, თუმცა მათ არაფერი გამოსდით, აღნიშნა ზახაროვამ.
წაიკითხეთ ასევე: 9 ნაბიჯი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად გადადგა
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობები, ტრადიციურად, ქართული შიდა პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად რჩება. ქართული მედიის დიდი ნაწილი ყველა უბედურებაში რუსეთს ადანაშაულებს ნაცვლად იმისა, რომ მოძებნოს რეალური გამოსავალი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არსებული ისტორიული კონფლიქტის მოსაგვარებლად, განაცხადა ზახაროვამ.
“ასობით ათასმა ტურისტმა საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რა თბილად ხვდებიან ქართველები რუსებს. მეორე საქმეა, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი”. ვიდრე ეს კანონი საქართველოში ჯერ არ გაუუქმებიათ, არავინაა დაზღვეული პროვოკაციებისგან და ჩვენ ვალდებულები ვართ გავაფრთხილოთ ჩვენი მოქალაქეები,” – აღნიშნა ზახაროვამ.
მავთულხლართები
“ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ხაზი რეალურად არსებობდეს და იყოს ხილული, რათა თავიდან აიცილონ დარღვევები სასოფლო სამეურნეო საქმიანობის დროს”.
თუმცა, საქართველოს არ სურს საზღვრის გავლება, რათა “მუდმივად ჰქონდეს თემა სპეკულაციისთვის, რომ თითქოს საზღვრის გადაწევა ხდება”. ამიტომაც, სამხრეთ ოსეთი იძულებულია ცალმხრივ რეჟიმში იმუშაოს საზღვრის დემარკაციაზე. ქართული მხარის პროტესტს კი, ზახაროვამ უწოდა “შოუ დაქირავებული სტატისტებით”.
საქართველოს ახალ სამშვიდობო გეგმაზე
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები საკუთარ თავს საქართველოს მოქალაქეებად არ მიიჩნევენ და მომავალშიც არ სურთ საქართველოს მოქალაქეები გახდნენ. სწორედ ამ მოცემულობის ფაქტობრივად აღიარებაა ახალი სამშვიდობო გეგმა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც საქართველომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, აღნიშნავს ზახაროვა.
ზახაროვა ხაზს უსვამს, რომ ეს დოკუმენტი აფხაზებს და ოსებს ქართულ პროგრამებში მონაწილეობას სთავაზობს ისე, მათგან საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ ითხოვს.
“თბილისი მორიგი სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდა… დოკუმენტის ტექსტში განსაკუთრებით ხაზგასმულია: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქართულ პროგრამებში მონაწილეობდა და მათთვის დაწესებული შეღავათები არ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობაზე დათანხმებას. ამგვარად, როგორც იქნა, ოფიციალურმა თბილისმა აღიარა ის, რაც დიდი ხანია ცხადია: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არ სურთ ამ მოქალაქეობის მიღება თუნდაც დიდი შეღავათების სანაცვლოდ”, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით ის, ფაქტი, რომ თბილისმა ეს აღიარა იძლევა იმედს, რომ საქართველო ბოლომდე გაუსწორებს თვალს რეალობას, რადგან “ასე უკეთესი იქნება ყველასთვის”.