კომენტარი: მიშკას გადასარჩენად
როდესაც მეკითხებიან, თუ რატომ მიზიდავს ასე თბილისში ცხოვრება, მაშინვე ჩემს საკუთარ ქვეყანასთან ვიწყებ პარალელის გავლებას. ხშირად ვამბობს, რომ ჩემთვის ბრიტანული კულტურა უფრო ახლობელია, ყოველ შემთხვევაში, მისი ფილოსოფია: ნამდვილი პაბის ატმოსფერო იმდენად აღემატება ქართული სუფრის განწყობას, რომ შედარებაც არ ღირს; სიტყვის თავისუფლება და სხვებისადმი ტოლერანტულობა შუასაუკუნეობრივ ფასეულობებსა და საკუთარი ოჯახისადმი პანიკურ ერთგულებაზე ბევრად მაღლა დგას; ახალგაზრდები კი იმდენად თავისუფლები არიან, რომ 20 წლისები 12 წლის ბავშვებივით არ იქცევიან.
მიუხედავად ამისა, მე ყოველთვის ღირსეულ პატივს მივაგებ ქართულ პოლიციასა და ჯანდაცვას, განსაკუთრებით მათ ბრიტანულ ანალოგებთან შედარებით. ხსენებულ სფეროში არსებულ ჩავარდნებზე საუბარს, ჯობს, სამომავლოდ გადავდებ. ამჯერად კი უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ, რომ ინგლისელი პოლიციელები ხშირად გამოძახებაზე არ ცხადდებიან თავიანთი მცირერიცხოვნობის გამო, ინგლისელი ექიმები კი არასწორი დიაგნოზების დასმით და პაციენტების სიკვდილიანობით ხშირად სცოდავენ.
თუმცა, გუშინ ქართული პოლიციისადმი ჩემს რწმენას ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგა.
ჩემი მეგობარი მიშკა მგალობლიშვილი ამფეტამინების შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. მიშკა – თბილისში ცნობილი რეპერია, და როგორც შევიტყვე, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ამფეტამინების მოხმარება რეპის თაყვანისმცემლებს შორის გავრცელებული მოვლენაა. სოციალურ ქსელებში იმ ადამიანების კომენტარების წაკითხვის შემდეგ, რომლებიც პოლიციელების ნებისმიერ გამონათქვამს ადვილად იჯერებენ და ენდობიან, მივხვდი, რომ მთელი ეს მსჯელობა დასავლური კულტურის მავნე გავლენის შესახებ თავის აუდიტორიას ნამდვილად პოულობს.
ფაქტების შესახებ არაფერს იუწყებიან და ამიტომ, მინდა ეს დანაკლისი შევავსო.
რამდენიმე დღის წინათ მიშკამ და მისი სცენის კოლეგამ კეი ჯიმ შექმნეს სატირული რგოლი, რომელიც პოლიციელების მიმართ ბრალდებებს შეიცავდა. ქართული კულტურა სატირის აღსაქმელად აშკარად არ არის მზად, რადგან ამის შემდეგ მიშკასთან ანონიმური მუქარის ზარი გაისმა – ვიდეორგოლის წაშლის მოთხოვნით. მეორე დღეს სახლისკენ მიმავალი რეპერი გააჩერეს პოლიციელებმა, რომლებმაც მას ამფიტამინები „აღმოუჩინეს“ და დააპატიმრეს.
მე რეპის თაყვანისმცემელი არ ვარ, და არც თბილისურ კონცერტებზე მუდმივი მოსიარულე – მე და მიშკას ერთმანეთს ყველაზე ხშირად სპორტულ დარბაზში ვხვდებით. ის ცხოვრების ჯანსაღი წესის მომხრეა და ბოდიბილდინგით არის გატაცებული. ჩვენი ბოლო საუბარი შეეხებოდა დიეტას, რომელიც ნახშირწყლებისა და ალკოჰოლის მინიმალური მოხმარებით, ორგანიზმში პროტეინების მაღალი დონის შენარჩუნებას უწყობს ხელს. არცთუ ჩვეული თემაა ნარკომანისთვის.
მიშკას თავდებით გათავისუფლებაზე უარი უთხრეს, რადგან ერიკა კოპლენდი, რომელთანაც ის სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფება (მათ პატარა გოგონა ჰყავთ)- აშშ-ის მოქალაქეა,და პროკურატურის აზრით, ის ამ ქვეყანაში მიმალვას შეეცდება. ერიკამ დასახმარებლად მიმართა ბერა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, რომელსაც მიშკა კარგად იცნობს, რადგან ორივე მათგანი რეპერია. ჯერჯერობით ეს მიმართვა უპასუხოდ რჩება.
მე ნარკოტიკების მომხმარებელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ბევრი ასეთი ნაცნობი მყოლია, მათ შორის – საქართველოშიც. ქართველები და უცხოელები ხშირად მარიხუანის უხარისხობას და სხვა ნარკოტიკების არახელმისაწვდომობას უჩივიან, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მიშკას დასაჭერად შერჩეული დრო მის სასარგებლოდ მეტყველებს.
თუკი შინაგან საქმეთ სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში არავის საეჭვოდ არ მოეჩვენება, რომ პოლიციელებმა მიშკა ზუსტად იმ ვიდეორგოლის გამოსვლის (და მის მიმართ მუქარის) შემდეგ დააკავეს, მაშინ საქართველოს თავისუფლად შეუძლია დაემშვიდობოს ევროპული სივრცისადმი კუთვნილების პრეტენზიებს.
ადრე უკვე დავწერე, რომ თბილისის მიერ ბრიუსელის მოთხოვნების ფორმალურად შესრულება, როდესაც სინამდვილეში არაფერი იცვლება, ის გზა არ არის, რომელიც ცივილიზებული სამყაროსკენ მიდის. მიშკა იმ ამბიდან სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ დააპატიმრეს, როდესაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი თბილისში გაუჩინარდა და შემდეგ ბაქოში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება ამ საქმეში თავის მონაწილეობას უარყოფს – ახლა მას ისღა დარჩა, რომ ამაში ყველა დანარჩენიც დაარწმუნოს.
შეთქმულების თერიების მომხრე არ ვარ, მაგრამ მიშკას დაპატიმრებას და მუხტარლის შემთხვევას იმ აზრამდე მივყავარ, რომ დავეთანხმო მათ, ვინც ირწმუნება, რომ საქართველო სააკაშვილამდელ ეპოქას უბრუნდება – პოლიციის თავაშვებულობისა და ავტორიტარიზმის ხანას. პოლიციის ქმედებები ნდობას აშკარად არ იმსახურებს, ხელისუფლება კი ჯერჯერობით პასუხს არავის სთხოვს. ვისურვებდი, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა ზომები მიიღონ – თუნდაც ყველაზე მკაცრი – რათა საქართველოს დასვლეთში ინტეგრაცია მანამდე შეჩერდეს, ვიდრე ხელისუფლების ნდობა შესაძლებელი არ იქნება, ხოლო ქვეყანა იმ კორუმპირებული პოლიციელებისგან არ გათავისუფლდება, რომლებიც საკუთარი ამპარტავნების გამო, მზად არიან ორი ოჯახი დაანგრიონ.
მიშკას ოჯახი ამჯერად ადვოკატების დასაქირავებლად აგროვებს სახსრებს. მათთვის დახმარების გაწევა შესაძებელია აქ –
https://www.youcaring.com/mishkamgaloblishvili-844977