ისრაელი ირანის წინააღმდეგ რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს
გაზიარება
გაზიარება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოულოდნელად ჩავიდა რუსეთის ქალაქ სოჭში, სადაც სამი საათის განმავლობაში მართავდა მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, – იუწყება ВВС.
როგორც თავად ნეთანიაჰუმ სოჭში გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე თავის ფეისბუკის გვერდზე განაცხადა, გამგზავრების მთავარი მიზანი იყო რუსეთის პრეზიდენტის იმაში დარწმუნების მცდელობა, რომ ირანის ქმედებები სირიაში არამხოლოდ ისრაელის ან ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებას ემუქრება, არამედ მთელ მსოფლიოს.
ისრაელი მთელი ძალებით ცდილობს, კორექტივები შეიტანოს სირიის კონფლიქტის დასარეგულირებლად შეთანხმების იმ საბოლოო ვარიანტში, რომელსაც მალე რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიძლება მოეწეროს ხელი, და სწორედ ამით აიხსნება ნეთანიაჰუს სასწრაფო ვიზიტი სოჭში, – მიაჩნია ბევრ სამხედრო ანალიტიკოსს.
ისრაელის მთავრობა ღიად არ ეთანხმება დოკუმენტის ზოგიერთი იმ პუნქტს, რომლებიც, მისი აზრით, რეგიონში ქვეყნის ინტერესებს არ ითვალისწინებს.
ასე, მაგალითად, შეთანხმება ათასობით ირანელ სამხედროს ნებას რთავს, რომ სირიაში სამხდრო მოქმედებების დასრულების შემდეგაც დარჩნენ. ისრაელის ხელმძღვანელობა ამას პირდაპირ მუქარად აღიქვამს და გოლანის მაღლობების რაიონში ვითარების მკვეთრი დესტაბილიზაციის ეშინია.
“ირანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეშვეობით ჩვენ ირგვლივ ახალი რეალობის შექმნას ცდილობს. საუბარია სირიაში ირანული სამხედრო საჰაერო და სამხედრო საზღვაო ბაზების შექმნასა და შიიტური შეიარაღებული ფორმირებების შექმნაზე, რომელიც ათასობით დაქირავებული მეომარია გაერთიანებული, და ლიბანის ტერიტორიაზე მაღალი სიზუსტის იარაღის წარმოებაზე. ისრაელი ამ მცდელობებთან შეგუებას არ აპირებს და გარეშე დამკვირვებლის როლში ყოფნით არ შემოიფარგლება“, – განაცხადა ხუთშაბათს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა.
ისრაელის მხარის გადაწყვეტილების სერიოზულობას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ნეთანიაჰუსთან ერთად სოჭში ჩაფრინდნენ ისრაელის დაზვერვის „მოსადის“ ხელმძღვანელი იოსი კოენი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე მეირ ბენ-შაბათი და სხვა მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები, – მიაჩნია ცვი მაგენს, წარსულში ისრაელის ელჩს რუსეთში.
„ისრაელი ახლო აღმოსავლეთში მთავარი მოთამაშეა და მას წარსულში არაერთხელ დაუდასტურებია, რომ მზად არის დამოუკიდებლად იმოქმედოს აშშ-ის, რუსეთის, ირანის ან თურქეთის პოზიციების გაუთვალისწინებლად“, – ამბობს ცვი მაგენი.
რუსეთის მხარეს სოჭში შემდგარი მოლაპარაკებების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.