ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აშშ-ის სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს
გაზიარება
გაზიარება
ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი სირიის ჩრდილო-დასავლეთში, ამერიკელი სამხედროებისა და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს. CNN-ის ცნობით, ოპერაციის დროს ალ-ბაღდადიმ „შაჰიდის ქამრით“ აიფეთქა თავი.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ტრამპმა სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა.
მასში 8 ვერტმფრენი და 3 დრონი იყო ჩართული. ამერიკულმა სპეცრაზმმა ოპერაცია დანაკარგების გარეშე დაასრულა.
ალ-ბაღდადისთან ერთად, მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მებრძოლი, ასევე დაიღუპა სამი თვითმკვლელი ქალი, რომლებმაც „შაჰიდის ქამრებით“ აიფეთქეს თავი.
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ალ-ბაღდადის მიერ თავის აფეთქების შედეგად, ასევე დაიღუპა მისი სამი შვილი. ეს მიწისქვეშა გვირაბში მოხდა, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ძაღლებს გაურბოდა. „ის მოკვდა, როგორც ლაჩარი, როგორც ძაღლი“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ალ-ბაღდადის კიდევ თერთმეტი შვილი, რომლებიც სპეცოპერაციის ადგილას იმყოფებოდნენ, არ დაშავებულან, ისინი ევაკუირებულები არიან.