იანვრის ანგარიშსწორება ჩეჩნეთში
გეების მკვლელობა ჩეჩნეთში
„ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტების გამოძიების თანახმად, 26 იანვრის ღამეს გროზნოში ჩუმად, ბრალდების წარდგენის გარეშე, ათობით ადამიანი დახვრიტეს. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი, შესაძლოა, 27-დან 56-მდე იყოს.
ფოტო: ანტონ პოდგაიკო, / ТАСС
აი, რას წერს „ნოვაია გაზეტა“ თავის გამოძიებაში:
17 დეკემბერს გროზნოში პოლიციელზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ჩეჩნეთში ადამიანების მასობრივი დაკავება დაიწყო. იანვრის დასაწყისში ჩატარდა სპეცოპერაციები, რომლის დროსაც მასობრივი დაკავებები ხდებოდა. თუმცა, დაკავებულები ოფიციალურად არანაირად არ ფორმდებოდნენ, მათ ბრალდებას არ უყენებდნენ, და ამის ნაცვლად, მათ პოლიციის განყოფილებების სარდაფებსა და სათადარიგო ოთხებში ათავსებდნენ. დაკავებები იანვრის ბოლომდე გრძელდებოდა; გაზეთის მონაცემების მიხედვით, სულ დაახლოებით 200 ადამიანი დააკავეს.დაკავებულთა ნაწილის „ლეგალიზება“ მხოლოდ 20 თებერვალს მოხდა, ანუ ფაქტობრივი დაკავების შემდეგ ფორმალურად ისინი მხოლოდ თვენახევრის შემდეგ დააპატიმრეს. ამ ადამიანებს ბრალი იარაღის უკანონო მიმოქცევისა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრობისთვის წაუყენეს.
ჟურნალისტებს მიჩნიათ, რომ თვენახევრის განმავლობაში უკანონოდ დაკავების დროს ადამიანებს ზეწოლით აიძულეს აღიარებითი ჩვენებების მიცემა, რაც ჩეჩნეთში ხშირად წარმოადგენს ხოლმე ბრალის ერთდერთ დადასტურებას.
სია „აღნიშვნებით“
ჟურნალისტური გამოძიების დროს „ნოვაია გაზეტამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩეჩნეთის წყაროსგან იანვარში დაკავებული მოქალაქეების სიის მიღება შეძლო, მასში სულ 67 სახელია.
„ამ ადამიანების ბედის შესახებ რაიმეს გაგების ყველა მცდელობისას ჩვენი თანამოსაუბრეების მხრიდან წარმოუდგენელ შიშს ვაწყდებოდით“, – წერს „ნოვაია გაზეტა“. ერთ-ერთმა მათგანმა , ქალაქის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, შალიელმა, პანიკური უარი განაცხადა ჟურნალისტების მიერ დადგენილი შალიელების გვარებს გასცნობოდა, და თქვა:
„იანვარში შალიში დაკავებული არც ერთი ადამიანი ცოცხალი აღარ არის – ნუ ეძებთ“.
ჟურნალისტური გამოძიების ავტორებისთვის მოცემული მომენტისთვის ცნობილია უკვე 27 სავარაუდო მოკლულის ვინაობა, თუმცა შესაძლოა, საქმე 56 მოკლულ ჩეჩენს ეხებოდეს. ისინი სხვადსხვა დროს დააკავეს, თუმცა , „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, სიკვდილის თარიღი ყველას საერთო აქვს: 25 იანვრიდან 26-მდე ღამით.
იმ ღამეს ყველა დაკავებული გროზნოს პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ტერიტორიაზე ჰყავდათ.
“ნოვაია გაზეტასთვის“ ცნობილი ინფორმაციის მიხედვით, იმ ღამეს დაკავებულები დახვრიტეს, სხვადასხვა სასაფლაოზე გადაასვენეს, მათ შორის ქრისტიანულზეც, და სახელდახელოდ ამოთხრილ საფლავებში დამარხეს.
დაკავებულთა სიის დაწვრილებით შესწავლას მივყავართ დასკვნამდე, რომ სასამართლოს გარეშე ანგარიშსწორების გადაწყვეტილება ცენტრალიზებულად, და რაგინდ უცნაურიც არ უნდა იყოს, სპონტანურად მიიღეს – ეს იმ დოკუმენტის ანალიზით ვლინდება, რომელიც ჟურნალისტებს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადასცეს. დოკუმენტში ფიგურირებს დაკავებულების ფოტოები (ზოგიერთზე ჩანს, რომ ისინი ბორკილებით ბატარეაზე არიან მიბმულები), ფოტოების გასწვრივ სხვადასხვაგვარი აღნიშვნებია, მათ შორისაა მინუსის ნიშანი, რაც ჟურნალისტების აზრით, დაკავებულის ლიკვიდაციას ნიშნავს.
მიცვალებულები ლაპარაკობენ
“ნოვაია გაზეტა“ მოითხოვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტების მიერ აღწერილი ყველა ფაქტის გადამოწმება იქნება შესაძლებელი: გვამების ექსჰუმაციისა და სიკვდილის შემდეგომი სამედიცინო ექსპერტიზის საშუალებით სრულიად შესაძლებელია ნატყვიარი ჭრილობების გამოვლენა – მათი კვალი ძვლებზე სამუდამოდ რჩება. სავარაუდო დახოცილების ვინაობის დადგენაც ადვილია – ამისთვის მათ ნათესავებს შედარებითი ანალიზის ჩასატარებლად დნმ-ის ნიმუშები უნდა აუღონ.
იმ სიტუაციებისგან განსხვავებით, როდესაც გეების დევნაში, მსხვერპლთა ოჯახის წევრები, მათ საწინააღმდეგო რეპრესიებში თუნდაც წნეხის ქვეშ, მაგრამ აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ, ამ შემთხვევაში პირიქით – ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი დაკავებულების ნათესავები გამოძიებას დაეხმარებიან.
თანაც ყველამ როდი იცის, თუ რა ბედი ეწიათ მათ ახლობლებს; ზოგიერთს კიდევ სჯერა, რომ დაკავებულები შინ ცოცხლები დაბრუნდებიან. ადამიანები იანვარში დაკავებულ თავიანთ ახლობლებს აქამდე ეძებენ, პოლიციაში მიდიან, კითხულობენ.
პასუხად, უკვე ბევრი თვეა, ერთსა და იმავეს ისმენენ: „იქნებ უკვე სადმე სირიაში არიან“, „თქვენს ნათესავებს თავადვე უნდა მიხედოთ, ჩვენგან რა გინდათ“. უკეთეს შემთხვევაში, ადამიანებს ეუბნებიან: „დრო მოვა და გაიგებთ“.
“ჩვენ ამ ფაქტებს იმიტომ ვაქვეყნებთ, რომ სახელმწიფომ, უფლებამოსილი ორგანოების სახით, არჩევანი არ დაგვიტოვა. ორი თვის განმავლობაში გვქონდა თანამშრომლობის იმედი, რომელიც სულ თავიდან ეფექტური იყო. დღეს კი ცხადია, რომ რუსეთის სამძებრო კომიტეტი ამ სიტუაციაში ისევე დაყრის ფარ-ხმალს, როგორც ეს ბორის ნემცოვის მკვლელობის დროს გააკეთა. სწორედ ამიტომ ვაქვეყნებთ მათ სიას, ვინც შესაძლოა, გროზნოში სასამართლოს გარეშე მომხდარი ყველაზე საშინელი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, და ახლა გამოძიებას, რომელიც ცოცხალი მომჩივანების არარსებობას იმიზეზებს, მოუწევს, რომ საქმე განსაკუთრებულ მოწმეებთან ჰქონდეს“, – „წერს ნოვაია გაზეტა“