თავსხმა წვიმებმა ბაქოში ტრანსპორტის მოძრაობა გაართულა
გაზიარება
გაზიარება
ბაქოსა და მის შემოგარენში კოკიპირული წვიმა მოდის. ინტენსიური თავსხმა მთელ ღამეს გრძელდებოდა და ბაქოს ქუჩებში ის სერიოზულ პრობლემად იქცა.
ნალექის შედეგები ბაქოს გარეუბნებში უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ეზოები და გზები დაიტბორა, ფეხით მოსიარულეებს გზაზე გადასასვლელად მუხლებამდე წყალში უხდებოდათ გავლა.
„ბაქოში კიდევ ერთხელ დადგა შემოდგომა მოულოდნელად“, – ირონიით ამბობს სოფელ სურაჰანის მცხოვრები მეშადი ფახრადინი. „ისინი ისევ წვიმების სეზონის დადგომას ელოდნენ, რომ საკანალიზაციო გზების რემონტი დაეწყოთ. ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ ზამთარში გაერემონტებინათ? ახლა ჩვენი შვილები იძულებულები არიან სკოლაში არა მხოლოდ მუხლებამდე წყალში იარონ, არამედ სარემონტო სამუშაოების გამო, ჭუჭყსა და ნაგავშიც“.
საინფორმაციო სააგენტო Report–ის ჟურნალისტები წერენ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების და სხვა პასუხისმგებელი სტრუქტურების ბევრი ჩინოვნიკი უბრალოდ იგნორირებას უკეთებს ბაქოს გზების სავალალო მდგომარეობის საკითხს. სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ჩინოვნიკების გვარები და მათი ტელეფონის ნომრები, რომლებმაც უარი განაცხადეს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე ან ზარს საერთოდ არ უპასუხეს.
ცუდი კლიმატური პირობები საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებაზეც აისახა. ორ ოქტომბერს ექვსი ავარია მოხდა, რამაც მოქალაქეებს მატერიალური ზიანი მიაყენა, – იუწყება საგზაო მოძრაობის საქალაქო სამსახური.
ქალაქ ბაქოს სახელმწიფო საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს საზოგადოებასთან ურთერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ვაგიფ ასადოვმა სააგენტო „სპუტნიკს“ აცნობა, რომ საგზაო პოლიციამ აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, დაამონტაჟონ სადრენაჟო სისტემა ისეთ ადგილებში, სადაც მუდმივად დიდი გუბეები ჩნდება.
„გუშინდელი დღის შემდეგ იქ (სოფელ ბინაგადიში -რედ.) ასფალტის დაგება უნდა დაეწყოთ. მაგრამ შემოდგომის მოულოდნელმა წვიმებმა მშენებლების მთელი გეგმები ჩაშალა. უბრალოდ, ცოტა უნდა მოვიცადოთ“, —ამბობს პოლკოვნიკი ასადოვი.