რუსეთის პრეზიდენტმა პირველად აღიარა, რომ შვილიშვილები ჰყავს. მან ეს განაცხადა ინტერვიუში ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნთან, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტზე ფილმი გადაიღო.
პუტინმა თქვა, რომ შვილიშვილები ძალიან უყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, მათთან გასატარებლად თავისუფალი დრო ცოტა აქვს.
ეს განცხადება შეიძლება სენსაციურად მივიჩნიოთ, რადგან აქამდე ყველაფერი, რაც რუსეთის პრეზიდენტის პირად ცხოვრებას უკავშირდება, ღრმა საიდუმლოებით იყო მოცული.
დანამდვილებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ვლადიმირ პუტინს ორი ქალიშვილი ჰყავს – მარია და ეკატერინა.
რუსული და დასავლური მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული მრავალრიცხოვანი (მაგრამ ოფიციალურად დაუდასტურებელი) ცნობის თანახმად, უფროსი ქალიშვილი მარია თავის ჰოლანდიელ მეწარმე ქმართან ერთად ჰოლანდიაში ცხოვრობს. თავის დროზე ის მსხვილი რუსული სახლმწიფო კომპანია „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.
უმცროსი, ეკატერინა ხელმძღვანელობს კომპანია „ინოპრაქტიკას“, რომელიც უმსხვილესი რუსული სახელმწიფო კომპანიებისგან მრავალმილიონიან კონტრაქტებს იღებს. ის პუტინის სიყრმის მეგობრის ვაჟის, მეწარმე კირილ შამალოვის ცოლია. 2013 წელს, იმ პერიოდში, როდესაც კირილ შამალოვი პრეზიდენტის ქალიშვილზე დაქორწინდა, ის სახლმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიის „სიბურის“ 17 პროცენტის მფლობელი გახდა, რაც 2.85 მილიარდ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ თავისი ქალიშვილების დედას ლუდმილა პუტინას რუსეთის პრეზიდენტი 2013 წელს გაეყარა. მანამდე, რამდენიმე წლით ადრე ვლადიმირ პუტინი მისი და ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევას რომანის შესახებ გაზეთ „მოსკოვსკი კორესპონდენტში“ პუბლიკაციის გამოქვეყნების ფაქტს აკრიტიკებდა, თუმცა საკუთრივ ამ ფატს არასდროს უარყოფდა.
რეჟისორი ოლივერ სტოუნი, მისი ფილმის “ინტერვიუ პუტინთან” ჩვენება დაიწყება პროგრამა Showtime-ზე 2017 წლის 12 ივნისიდან. CreditKomandir, via Showtime