პუტინი არჩევნებისთვის ემზადება? - მას სირიიდან ჯარი გაჰყავს
გაზიარება
გაზიარება
11 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სირიაში ჩაფრინდა, რათა რუსული ჯარის გაყვანის დაწყების შესახებ გაეკეთებინა განცხადება. ამის შესახებ CNN რუსულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე, ხუთი დღით ადრე, რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ „სირია ტერორისტებისგან სრულად არის გათავისუფლებული“ – პუტინმა ჯარის რუსულ ავაიბაზა ხმემიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა. მისი თქმით, იგულისხმება არა ჯარის სრულფასოვანი გაყვანა, არამედ „კონტიგენტის მნიშვნელოვანი ნაწილის სამშობლოში დაბრუნება“.
მან განაცხადა, რომ ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება მოპოვებულია, თუმცა რუსი სამხედროების გარკვეული რაოდენობა სირიაში “ყოველი შემთხვევისთვის” მაინც უნდა დარჩეს – „თუკი ტერორისტები თავს ისევ წამოყოფენ, ჩვენ მათ ისეთ დარტყმებს მივაყენებთ, რომლის მსგავსიც ჯერ არ უნახავთ“, – თქვა პუტინმა.
გასულ კვირას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კვლავ – მეოთხედ – იყრის კენჭს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 2018 წლის მარტში ჩატარდება. სირიიდან ჯარის გაყვანის შესახებ განცხადებას ბევრი პუტინის წინასაარჩევნო ნაბიჯად მიიჩნევს, რაც მისი რეიტინგის გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების წინ, აშშ-ისა და ევროკავშირის მიმართ დათმობის გამოხატვას ისახავს მიზნად.
ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც აშშ მეთაურობს, აცხადებს, რომ სირიაში თავის საქმიანობას რეგიონში ტერორისტების „სრულ დამარცხებამდე“ გააგრძელებს. კოალიციაში კიდევ 59 ქვეყანა შედის, კოალიცია სირიის ტერიტორიაზე ახორციელებს ანტიტერორისტულ ქმედებებს, რომლებსაც ასადის ხელისუფლებასთან არ ათანხმებს.
2016 წლის მარტში ვლადიმირ პუტინმა უკვე გააკეთა გუშინდელის მსგავსი განცხადება – მაშინ მან რუსული სამხედრო დაჯგუფების „ძირითადი ნაწილის“ გაყვანის შესახებ გასცა განკარგულება. ამას რეალური ქმედებები არ მოჰყოლია, რუსი სამხედროები სირიაში დარჩნენ.
რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. სააგენტო Reuters-ის მონაცემების თანახმად, სირიის ოპერაციის განმავლობაში დაახლოებით 80 რუსი სამხედრო დაიღუპა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება 45 დაღუპულზე ლაპარაკობს.