დიანა პეტრიაშვილი, თბილისი
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არსებობს გარკვეული ასაკობრივი ზღვარი, რომელთან მიახლოებისთანავე ადამიანებს ‘ოქროს ხანისადმი’ ნოსტალგია ეწყებათ.
არ ვიცი, სად – როგორ, მაგრამ სამყაროს ამ ნაწილში ‘ოქროს ხანად’ საბჭოთა წლების მიჩნევაა მიღებული. რაც შეეხებათ ნოსტალგირებულებს, მათი საშუალო ასაკი 40 წელია, და ცოტა მეტიც.
ადრე, როდესაც ჩვენი მშობლები იყვნენ 40 წლის, ეს გასაოცარი სულაც არ იყო – თუ არა მათ, აბა ვის უნდა დაუფლებოდა ნოსტალგია?
მაგრამ ახლა უკვე 40 წლის გახდა ‘პერესტროიკისდროინდელი’ თაობა, რომელიც სულაც არ მოსწრებია იმ ყბადაღებულ 37-მანეთიან მოსკოვის ბილეთს, და ამიტომაც საბჭოთა ქვეყნისადმი მათი სიმპათია ცოტა არ იყოს დამაბნეველია.
ახლანდელი ორმოცი წლისები საბჭოთა კავშირს არჩევითად აქებენ – ანუ ‘ობიექტურ დადებით მხარეებს’ უძებნიან მას, ჯერჯერობით ‘გულაგებს’ არ უარყოფენ და არც მათი არსებობის გამართლებას ცდილობენ.
ოღონდ ფიქრობენ, რომ ამ დადებითის ყველაზე ‘ობიექტური’ და ყველაზე მსუყე მხარეა იმდროინდელი განათლების სისტემა.
დიახ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა სკოლები და საბავშვო ბაღები დღემდე მსოფლიოში საუკეთესოდ მიაჩნიათ. და მე ყოველ ჯერზე მაოცებს ამის გაგონება.
ის განათლება, რომლითაც ეს სისტემა უზრუნველყოფდა თავის მოქალქეებს, თუკი მათ გაუმართლებდათ, სინამდვილეში არსობრივად გვერდით მოვლენას წარმოადგენდა – ერთგვარ შლაკს, ნარჩენებს, რომლებიც ფეხქვეშ გეყარა და თითქოს გეუბნებოდნენ: აიღე, ეგებ რამეში გამოგადგესო.
სისტემის ჭეშმარიტი მიზანი კი მოქალაქის დამუშავება და კონდიციამდე მიყვანა იყო. სისტემას ეველებოდა, ყველა, მათ შორის სულ პატარებიც კი, ექცია დამჯერ ჯარისკაცუნებად, რომლებიც ერთადერთი იდეალის ერთგულები იქნებოდნენ და სხვას არფერს ცნობდნენ.
ბაგა-ბაღის ასაკიდანვე ერთი ამოცანა გვქონდა – გვყვარებოდა ბაბუა ლენინი და გვძულებოდა ამერიკელები; ამ ფასეული უნარების კვალდაკვალ კი ოცამდე სწრფად თვლასა და მშობლიური ანბანის ასოების ცნობასაც გვასწავლიდნენ.
სისტემისთვის სულ ერთი იყო, ტრავმას აყენებდა, ამხინჯებდა თუ კლავდა მოქალაქეებს – ისინი ბლომად იყვნენ და დანაკარგებს არავინ ითვლიდა.
ერთმა ნაცნობმა ფსიქოლოგმა ახლახან მიამბო, მისი აზრით, ბავშვის წვალების ერთ-ერთ ყველაზე მიუღებელ მეთოდზე, რომელსაც საბჭოთა ბაღში მისი ერთ-ერთი პაციენტისადმი იყენებდნენ.
ამ ბაღის აღმზრდელები ასეთ სავარჯიშოს ატარებდნენ – ‘ვითამაშოთ სიჩუმე’: და ბავშვებს აიძულებდნენ, საათობით არ წარმოეთქვათ არც ერთი სიტყვა.
ფსიქოლოგს მეც მოვუყევი ჩემი საბავშვო ბაღისდროინდელი გამოცდილების შესახებ: თუ როგორ გვიკრძალავდნენ ტუალეტში გასვლას. დღის რომელიღაც მონაკვეთში ტუალეტს კეტავდნენ, და ამ დროს ან უნდა მოგეთმინა, ანდა სველი საცვლებით გევლო.
გამახსენდა ერთი ნაცნობი გოგონაც, რომელიც, იმის გამო, რომ სკოლაში შავი კაპრონის წინდებით მისვლა გაბედა, ყველას თვალწინ გააშიშვლეს – სასკოლო ‘ხაზზე’, მთელი სკოლის დასანახად წინდების გახდა აიძულეს.
მემარცხენეების იძულებითი გამოსწორებაც ყველას ემახსოვრება. ერთ ჩემს კლასელ გოგონას წერის დროს მარცხენა ხელს უბამდნენ ხოლმე – სრულიად კეთილშობილური მიზნებით; აბა, რა ექნათ – ხომ უნდა მიჩვეულიყო მარჯვენა ხელით წერას, ისე როგორც საბჭოთა მოსწავლეს შეჰფეროდა.
კლასის ‘ძლიერებად’ და ‘სუსტებად’ დაყოფაც ცნობილი ამბავია. ჩვენთან ეს დაყოფა პირველივე კლასში, პირველივე კვირაში მოხდა, და შემდეგ საბჭოთა პედაგოგის მიერ ‘სუსუტებად’ შერაცხულები ამ იარლიყს სკოლის დამთავრებამდე ატარებდნენ. თუმცა, დამსახურებული საბჭოთა მასწავლებელი ამით არ დაკმაყოფილდა და თავის ერთ მოსწავლეს ‘გონებრივად ჩამორჩენილი’ უწოდა, მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვს ლოგოპედი ესაჭიროებოდა. ალბათ ხვდებით, რომ ამ მოსწავლესაც მრავალი წლით მიეწება ეს წოდება.
აღარაფერს ვიტყვი ფიზიკურად დასჯაზე, რაც ნორმად იყო მიჩნეული: ბავშვებს ხან მანიშნებელ ჯოხს ურტყამდნენ, ხან სახაზავს, ხანაც უბრალოდ მუშტს; აწიწკნიდნენ თმებს და ახევდნენ ყურებს – და ეს აღმზრდელობითი პროცესის ლეგიტიმური მხარე იყო.
პირველკლასელებს დაბომბვის საწინააღმდეგო სასკოლო თავშესაფარში ექსკურსიებს უწყობდნენ, და უჩვენებდნენ, სად და როგორ უნდა განლაგებულიყვნენ ბირთვული შეტევის შემთხვევაში. ექვსი წლის ბავშვებს დაწვრილებით უყვებოდნენ ყველა შესაძლო დრამის თაობაზე, რაც საძაგელი პენტაგონისგან იყო მოსალოდნელი.
დღევანდელ, ასევე არცთუ იდეალურ საზოგადოებაში, ალბათ ამ წვალებას, დასჯას და პედაგოგიურ მიდგომებს დამსახურებულად მიიჩნევდნენ წამებად.
დავამატებდი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითებიდან არც ერთი სიტყვა არ არის გამოგონილი – ყველაფერი დოკუმენტურად მომხდარია, და სიამოვნებით წარმოვადგენდი იმ საბავშო ბაღებისა და სკოლების ნომერებსაც და დირექტორების, მასწავლებლებისა და აღმზრდელების ვინაობასაც.
მართლაც კარგი იქნებოდა, ამ სახელოვან საბჭოთა ჰუმანისტებს თითოეული ჩასველებული საცვლის, მოწიწკნილი ნაწნავისა და დანგრეული ცხოვრებისთვის პასუხი რომ ეგოთ.
სამხედრო დამნაშავეებს ხომ ასამართლებენ?
გამოქვეყნებულია: 16.05. 2016