დეპუტატი სოფიო კილაძე ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს
საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე ყოფილი ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ამ ფაქტს თავად დეპუტატი ადასტურებს. მისი თქმით, ორი კვირის წინ მან სამართალდამცავებს მიმართა, შედგა სასამართლო სხდომა და მის ყოფილ მეუღლეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. მოძალადეს დეპუტატთან ერთი თვის განმავლობაში მიახლოება და კომუნიკაცია ეკრძალება.
• სექსუალური ძალადობა სომხეთში. მათ შესახებ, ვინც ტაბუ გადალახა და ამაზე ილაპარაკა
• ოჯახური ძალადობა ჩრდილოეთ კავკასიაში: ტრადიცია კანონზე მაღლა დგას
სოფიო კილაძე მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” წევრია და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.
კილაძის თქმით, მისი შემთხვევა ადასტურებს იმას, რომ “ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში”.
დეპუტატის თქმით, მეტ დეტალზე საჯაროდ საუბარი მას არ სურს.
„ამასთანავე, მე ვუფრთხილდები გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემს არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტერესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – განუცხადა კილაძემ „რუსთავი 2“-ს.
მანამდე ფეისბუკზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დეპუტატ ქალს ქმარმა სცემა.
თუმცა, ფიზიკურ ძალადობას კილაძე არ ადასტურებს.
მიუხედავად იმისა, რომ სოფიო კილაძე, როგორც ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მუდმივად კრიტიკას იმსახურებდა უფლებადამცველების მხრიდან, ამჯერად მას ყველამ ერთხმად გამოუცხადა სოლიდარობა.
როგორც უფლებადამცველი, “ქალთა მოძრაობის” წევრი იდა ბახტურიძე JAMnews-თან საუბარში ამბობს, ოჯახში ძალადობა მასშტაბური პრობლემაა საქართველოში და “სოფო კილაძის შემთხვევამ დაადასტურა, რომ ძალადობას არ გააჩნია კულტურული, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა სახის საზღვრები”.
“ძალადობაზე საუბრისას არ შეიძლება გამოირიცხოს საზოგადოების რომელიმე ფენა – როგორც მოძალადის, ისე მსხვერპლის როლში,” – ამბობს იდა ბახტურიძე.
ის ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ საქართველოში მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ქალები თავს არიდებენ საჯაროდ ძალადობაზე საუბარს.
“სოფო კილაძის მხრიდან ამაზე საჯაროდ საუბარი დიდი გამბედაობაა. იშვიათია მაგალითები, როდესაც ე.წ. მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ქალები, მით უმეტეს პოლიტიკოსები, საკუთარი ძალადობის გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბრობენ. ალბათ, ესეც იმ სტერეოტიპის გავლენით, რომ თითქოს „ძლიერი“ და“ რეალიზებული“ ქალები ძალადობის მსხვერპლები არ ხდებიან. დროა ვაღიაროთ, რომ დეპუტატები, მინისტრები, ცნობილი ჟურნალისტები და უფლებადამცველებიც ხდებიან გენდერული ძალადობისა და ჩაგვრის მსხვერპლი. მათი საჯარო ბრძოლა კი ბევრი ქალისთვის შეიძლება გახდეს სტიმული,” – ამბობს ბახტურიძე.
• საქართველოში მცხოვრები ქალების ცხოვრებაში ქმრის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობა ხშირი მოვლენაა. 2018 წელს საქართველოში ქალზე ძალადობის მინიმუმ 5875 შემთხვევა მოხდა. სწორედ ამდენი შემაკავებელი ორდერი გამოიცა შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად.
• 2018 წლის მარტში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ერთობლივი კვლევის თანახმად, საქართველოში შვიდიდან ერთ ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია. UNWOMEN-ის კვლევის შედეგებით, საქართველოში ქალზე ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმები ფსიქოლოგიური ძალადობა და იძულებაა.