დაღესტანში მთავრობა გადააყენეს. ამას წინ უძღოდა ადგილობრივი ჩინოვნიკების ჩხრეკა და დაკავება – ისინი სოციალური პროგრამების განხორციელებისას თაღლითობაში არიან ეჭვმიტანილები.
დაღესტნის მეთაურის მოვალეობების დროებით შემსრულებელმა ვლადიმირ ვასილიევმა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ანატოლი კარიბოვი დანიშნა.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 5 თებერვალს ძალოვანებმა დააკავეს და მოსკოვში გადააგზავნეს დაღესტნის მთავრობის მეთაური აბდუსამად ჰამიდოვი და მისი მოადგილეები – შამილ ისაევი და რაიუდინ იუსუფოვი. ჩინოვნიკები სოციალური პროგრამების განხორციელებისას საბიუჯეტო თანხებთან დაკავშირებულ თაღლითობაში არიან ეჭვმიტანილები.
სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი კასპიისკში რესპუბლიკური საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას უკავშირდება, – იუწყება თავის წყაროებზე დაყრდნობით „კომერსანტი“.
გამოცემის მონაცემების თანახმად, სკოლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიარდი რუბლიდან (დაახლოებით17,5 მილიონიდოლარი) 80 მილიონ რუბლზე მეტი (დაახლოებით 1,4 მილიონი დოლარი), შესაძლოა, რესპუბლიკის განათლების მინისტრს შაჰაბას შახოვსა და ამ პროექტის კურატორ, მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელ პირებს დარჩენოდათ.
დღეს მოსკოვის სასამართლომ დაკავებულ ჩინოვნიკებს აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეუფარდოს.