დადასტურებულია: რუსი ჟურნალისტები ცენტრალურ აფრიკაში მათი გამოძიების გამო მოკლეს და არა ძარცვისას
ტყუილად გამოაცხადეს რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური ვერსია იმის შესახებ, რომ სამი რუსი ჟურნალისტი – ორჰან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო, ერთი წლის წინ, ძარცვისას მოკლეს.
ამის შესახებ საუბარია რუსული ცენტრის „დოსიეს“ გამოძიებაში, რომელსაც ხელში ჩაუვარდა პრიგოჟინის თანამშრომლების მიმოწერა მესენჯერში.
ასევე, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მკვლელობის ორგანიზებასთან პირდაპირ კავშირში არიან რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ პეტერბურგელ ბიზნესმენთან, ევგენი პრიგოჟინთან (ცნობილია ზედმეტსახელით “პუტინის მზარეული”) კავშირში მყოფი ადამიანები.
როგორ მოკლეს ჟურნალისტები
ჟურნალისტები, ორჰან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2018 წლის 30 ივლისს მოკლეს. მათი ავტომობილი უცნობებმა საღამოს 10 საათისთვის გააჩერეს. საჭესთან ადგილობრივი მცხოვრები, ბენვენო დოუკამა იჯდა. ჟურნალისტები ჩაცხრილეს, მათი ცხედრები კი გაეროს მისიის წარმომადგენლებმა ქალაქ სიბიუდან 20 კილომეტრში აღმოაჩინეს. მძღოლი ცოცხალი გადარჩა.
ჟურნალისტები ფილმს იღებდნენ იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ამ ქვეყანაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია, რომელიც ცნობილია, როგორც „ვაგნერი“.
თუმცა, როგორ აღმოჩნდნენ გამოცდილი რეპორტიორები გვიან ღამით იმ ტერიტორიაზე, სადაც სამოქალაქო ომი მიდის, უცნობია.
მობილური ტელეფონების გარდა, მკვლელები ჟურნალისტების არცერთ ნივთს არ შეხებიან. თუმცა, რუსული გამოძიების ოფიციალურ ვერსიად, კვლავ „არაბულად მოლაპარაკე ბანდიტების მიერ ძარცვის მცდელობისას ჩადენილი მკვლელობა“ რჩება.
რა არის „კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი“
როგორც რუსული „ნოვაია გაზეტა“ წერს, „ვაგნერი“ – ეს არის არაოფიციალური ქვედანაყოფი, ის არ არის არცერთი რუსული სამხედრო უწყების ბალანსზე, ისევე, როგორც არ არის იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირებული.
თუმცა, „კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი“ იმ ადგილებში ჩნდება ხოლმე, სადაც საომარ მოქმედებებში რუსეთი ოფიციალურად არ მონაწილეობს.
ამრიგად, ჟურნალისტების გამოძიების მონაცემებით, „ვაგნერელები“ მონაწილეობას იღებდნენ სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, ასევე, დონბასსა და აღმოსავლეთ უკრაინაში.
ზოგიერთი ცნობით, ამ ქვედანაყოფს „მაღალი რანგის ბიზნესმენები“ აფინანსებენ, მათ შორის, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.
ოფიციალურად ის რესტორატორია, აქედან მოდის მისი ზედმეტსახელი – „პუტინის მზარეული“. თუმცა, მას უკავშირებენ რამდენიმე ნახევრად დახურულ საფინანსო სტრუქტურას, პრიგოჟინს მიიჩნევენ ასევე „ტროლების ფაბრიკის“ ორგანიზატორად და რამდენიმე გავლენიანი რუსული პროპაგანდისტული გამოცემის ხელმძღვანელად.
ჟურნალისტები გაურკვეველ ვითარებაში დახოცეს.
როგორ მტკიცდება მკვლელობასთან პრიგოჟინის თანამშრომლების კავშირი
ძირითადი თეზისები:
1.
ჟურნალისტების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოგზაურობის მომზადებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ანონიმურმა პირმა, რომელსაც „მარტინად“ მოიხსენიებენ და მისი ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.
სწორედ ის უნდა დახვედროდა ჯგუფს ადგილზე და უზრუნველეყო მათი კონტაქტები და უსაფრთხოება. სავარაუდოდ, ჟურნალისტები სწორედ „მარტინთან“ შესახვედრად მიდიოდნენ, როდესაც მოკლეს. ამ პიროვნების მოძებნა ვერ მოხერხდა და გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ის საერთოდ არ არსებობს, მისი ტელეფონი და email-ი ჟურნალისტებს წარუდგინა „სიახლეების ფედერალური სააგენტოს“ თანამშრომელმა, რომლის მფლობელადაც ევგენი პრიგოჟინს ასახელებენ.
2.
როგორც „დოსიე“ წერს, ვერსია „ჩვეულებრივი ძარცვის“ შესახებ მრავალი ფაქტით ბათილდება. დამტკიცებულია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჟურნალისტებს პრიგოჟინთან დაახლოებული ადამიანები უსმენდნენ.
ასევე, მათი ჭრილობების ხასიათი „მეტყველებს იმაზე, რომ მკვლელობა იყო წინასწარ დაგეგმილი და პროფესიონალურად შესრულებული“.
3.
გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ ათი თავდამსხმელის შესახებ ვერსია პრიგოჟინის თანამშრომლებმა შიდა ჩატში ჯერ კიდევ იქამდე გაავრცელეს, სანამ პიროვნებებისა და თავდამსხმელების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
ჩატის მონაწილეები ადრევე შეთანხმდნენ, რომ „ინფორმაციის მთავარი წყარო უნდა ყოფილიყო ადგილობრივი პოლიცია და საელჩო“.
„დოსიეს“ მონაცემებით, ახლა პრიგოჟინის კომპანიების ამოცანაში შედის არა მხოლოდ ჟურნალისტების მკვლელობის შესახებ ცრუ ვერსიების გავრცელება, არამედ მსხვერპლთა ახლობლების მოთხოვნებზე რეაგირება და რუსეთში სამართალდამცავი ორგანოების განცხადებების ფორმულირებების დაწერა.