ტელეკომპანია „რუსთავი-2“ იუწყება, რომ საქართველოს „საიდუმლო ვიზიტით“ გროზნოს მერი მუსლიმ ხუჩიევი ეწვია.
ტელეკომპანიამ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის თანამებრძოლი გადაღებულია ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ ვესტიბიულში.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით ხუჩიევი ესტუმრა თბილისს და ბათუმს და ჩაატარა რამდენიმე საიდუმლო შეხვედრა. ტელეკომპანიამ ვერ მოახერხა გარკვევა, რა შეხვედრები იყო ეს, და რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლის და გავლენიანი ჩეჩენი ჩინოვნიკის ვიზიტი ოფიციალური იყო თუ კერძო.
ხუჩიევი ორი დღე ცხოვრობდა ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“. აჭარის მთავრობაში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს აცნობეს, რომ ვიზიტის შესახებ მათთვის არაფერია ცნობილი. სასტუმროს ვესტიბიულში გადამღები ჯგუფი შეეცადა რამდენიმე კითხვა დაესვა თავად ხუჩიევისთვის, მაგრამ მისი დაცვის თანამშრომლებმა აგრესიულად შეაჩერეს ჟურნალისტები და გადაღების შეწყვეტა მოითხოვეს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხუჩიევი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში, ქართულ ტელეკომპანიას დაუდასტურეს გროზნოს მერიაში. ამასთან, „რუსთავი-2“-ს სთხოვეს ამ ფაქტის „გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ“ და ვიზიტის მიზანი არ დაუზუსტეს.
„არ არსებობს არანაირი მიზეზი, შეიძლება ადამიანი სამკურნალოდ ან ვინმესთან სტუმრად ჩამოვიდა. რომ იცოდეთ, ის ჩამოვიდა არაოფიციალურად, ყოველგვარი მიზნების გარეშე, სასურველია არ გაავრცელოთ ეს ამბავი, რადგან ადამიანი შვებულებაშია და დასვენება უნდა. არ ვიცი, როდის ჩამოვიდა და რამდენი ხანია იქ არის, და რომც ვიცოდე, არ გაგიმხელდით“, – განუცხადა „რუსთავი-2“-ს გროზნოს მერიის საქმეთწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ პრეს-ცენტრს ინტერვიუზე შეუთანხმდნენ კიდეც, მაგრამ შემდეგ მათ აცნობეს, რომ ის „იძულებული გახდა შეეწყვიტა ვიზიტი და საქართველოდან გაემგზავრა“, იუწყება „Эхо Кавказа“.
ხუჩიევის ვიზიტზე მომზადებულ სიუჟეტში ტელეკომპანიამ გაიხსენა რამზან კადიროვის ცოტა ხნის წინანდელი განცხადება. „ჩვენ ახლა ვიცით, გვაქვს ინფორმაცია, რამდენიმე შაითანზე, მათ ისინი გამოაგზავნეს ჩეჩნეთში ტერაქტების ჩასატარებლად და ისინი საქართველომდე მოვიდნენ“, – განაცხადა კადიროვმა ტელეკომპანია НТВ-სთვის მიცემულ 24 დეკემბრის ინტერვიუში.
ტელეკომპანიამ აღნიშნა ისიც, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარდა ანტიტერორისტული სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც მოკლულ იქნა ჩეჩენი ტერორისტი ახმედ ჩატაევი, სტამბულის აეროპორტის ტერაქტის მონაწილე.