გია ნოდიას თვალსაზრისი: რა გავიგეთ ამ არჩევნებით?
გასული საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე კონკურენტული და დაძაბული იყო 2012 წლის შემდეგ, როდესაც ქართულმა ოცნებამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ) ხელისუფლებიდან განდევნა.
მეორე ტურში ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა ფორმალურად დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების თითქმის სამოცი პროცენტი მიიღო, მაგრამ პირველ ტურში ის ძალიან ახლოს იყო მეორე ადგილზე გასულ გრიგოლ ვაშაძესთან, ენმ-ის ლიდერობით შექმნილი კოალიციიდან „ძალა ერთობაშია“.
ეს სიურპრიზი აღმოჩნდა, პირველ რიგში მმართველი პარტიისთვის; ამ უკანასკნელს პანიკის ნიშნები დაეტყო, მაშინ როდესაც ოპოზიციას საბოლოო გამარჯვების რეალური იმედი გაუჩნდა.
რის ხარჯზე გაიმარჯვა ზურაბიშვილმა?
მეორე ტურში არჩევნებზე მოსულ ადამიანთა რიცხვი ოც პროცენტზე მეტით გაიზარდა: ეს მაჩვენებელი 46.7-დან 56.2 პროცენტზე ავიდა. როგორც ჩანს, ახალი ამომრჩევლების დიდმა უმრავლესობამ ზურაბიშვილს მიანიჭა უპირატესობა.
რატომ? ორგვარი ახსნა შეიძლება.
პირველ რიგში, ოცნებამ გრიგოლ ვაშაძაძის გამარჯვების პერსპექტივა ამომრჩეველთა დაშინების შანსად გამოიყენა: ასეთი რამ ნიშნავდა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას და არეულობის დაწყებას. პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომიც კი იწინასწარმეტყველა.
კამპანია ორივე მხრიდან უკიდურესად ნეგატიური იყო და პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ აპოკალიპტური სცენარების დახატვაში. როგორც ჩანს, ამაში ოცნება უფრო ეფექტური აღმოჩნდა.
• ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ახალი პრეზიდენტი?
• გია ნოდიას თვალსაზრისი: ბიძინას არჩევანი
• ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ
მეორეს მხრივ, როცა მარცხის პერსპექტივა გამოჩნდა, ოცნებამ გადადგა ნაბიჯები, რისგანაც მანამდე თავს იკავებდა.
დარღვევები მთელი კამპანიის განმავლობაში იყო, მაგრამ, ქართული და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებით, ორ ტურს შორის საარჩევნო პროცესის სტანდარტები შესამჩნევად დაეცა: ეს ყველაზე უარესი აღმოჩნდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
მეორე ტურამდე ცხრა დღით ადრე პრემიერ მინისტრმა გაგვაცნო გეგმა, რომლის თანახმადაც 600 ათას ადამიანს კერძო ბანკების მიმართ არსებული ვალები ჩამოეწერებოდათ; როგორც შემდეგ განმარტეს, ამ ვალებს ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ“ ბანკი შეისყიდდა (არ თქმულა, რა ფასად) და მერე გაანულებდა.
ოპოზიციამ და დამკვირვებლებმა ეს ნაბიჯი ამომრჩევლის მოსყიდვის ღია მცდელობად შეაფასა, რაზეც მთავრობამ უბრალოდ მხრები აიჩეჩა.
დამკვირვებლები აგრეთვე საუბრობდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანების მიმართ სისტემური ზეწოლის მრავალ შემთხვევაზე: ანგარიშების მიხედვით, მათ ეუბნებოდენენ, რომ სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემთხვევაში სამსახურებს დაკარგავდნენ.
საარჩევნო უბნების გარეთ მმართველი პარტიის კოორდინატორები ბეჯითად ამოწმებდნენ ამომრჩეველთა გამოცხადებას, შემდეგ კი მათ ავტომანქანებში იწვევდნენ, სავარაუდოდ იმისთვის, რომ ერთგულება გარკვეული თანხით დაეფასებინათ.
შესაძლოა, სწორედ ამ მეთოდებმა მოუტანა გამარჯვება მმართველი პარტიის ფავორიტს. მაგრამ ამის დამტკიცება შეუძლებელია.
რატომ ამხელა ამბავი?
ასეთი დიდი დაძაბულობა პარადოქსული ჩანს, რადგან 2010 და 2017 წლებში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტი წმინდად ცერემონიულ ფიგურად იქცა: სულაც, ეს ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები იყო.
მაგრამ რეალურად, 2020 წელს მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების რეპეტიცია ვნახეთ. ბოლო წლის განმავლობაში ქართული ოცნების მიმართ ნდობა თვალსაჩინოდ შეირყა. კრიზისის არაპირდაპირ აღიარებად იქცა ბიძინა ივანიშვილის მაისის გადაწყვეტილება, საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებულიყო და ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობა დაეკავებინა.
ის მანამდეც ითვლებოდა საქართველოს არაფორმალურ მმართველად, მაგრამ თვითონ უარყოფდა ამას და დაბრუნების შესაძლებლობას სრულიად გამორიცხავდა, თუ საქმე ძალიან ცუდად არ წავიდოდა.
• გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ქუჩაში გადის
• საერთაშორისო დამკვირვებლები: არჩევნები კონკურენტული იყო, თუმცა სამართლიანი არ ყოფილა
საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება შეიძლებოდა ქართული ოცნების მმართველობის დასასრულის დასაწყისად აღქმულიყო: ის ოპოზიციას გამარჯვების ტალღაზე მოაქცევდა და მმართველი პარტიის შიგნით წინააღმდეგობებს გააღრმავებდა.
ჯერჯერობით, ქართულმა ოცნებამ ამ სცენარს თავი აარიდა. მაგრამ არჩევნებმა მისი ფუნდამენტური სისუსტე გამოავლინა. მის მიერ გამოყენებულმა მეთოდებმა იმ მორალური კაპიტალის ნარჩენებიც დააკარგვინა, რაც თავის ძირითად მეტოქესთან, ენმ-თან შედარებით ჰქონდა.
გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნებში მას სხვა მეტოქეებიც ეყოლება და უფრო გაუჭირდება, „ან ჩვენ ან მიშას“ ლოზუნგი აამოქმედოს.
შესაძლებელია ოპოზიციის გამარჯვება?
მაგრამ მომხდარიდან სხვა გაკვეთილიც შეიძლება გამოვიყვანოთ: თუ ოცნებამ ამჯერად მოიგო, შეუძლია 2020-ც იმავე მეთოდების გამოყენებით მოიგოს.
ამას ქართული პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან ზოგად კითხვამდე მივყავართ: როცა ერთ პარტიას ძალაუფლების ყველა ბერკეტი უპყრია, რამდენად რეალისტურია ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა არჩევნების გზით, მაშინაც კი, როდესაც ის მმართველ პარტიაზე ბევრად უფრო პოპულარულია?
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებშიც ბევრი ადამიანი ასეთ შესაძლებლობას ეჭვის თვალით უყურებდა: სწორედ ამიტომ იქცა ქართული ოცნების გამარჯვება 2012 წლის არჩევნებში ამხელა სიურპრიზად.
თუმცა, ის განსაკუთრებული შემთხვევა იყო: ე.წ. „ადმინისტრაციული რესურსები“, რასაც მმართველი პარტია განაგებდა, მისი ძირითადი მეტოქის, ბიძინა ივანიშვილის უზარმაზარმა პირადმა სიმდიდრემ დააბალანსა.
აშკარად ჩანდა, რომ ამ ფაქტორის გარეშე მაშინდელ ოპოზიციას შანსები არ გააჩნდა.
ამჯერად კი ადმინისტრაციული რესურსებიც და სიმდიდრე ერთსა და იმავე ხელშია, ოპოზიციას კი მის დასაბალანსებლად ივანიშვილის მსგავსი ფიგურა აღარ ჰყავს.
პირველ ტურის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ ოპოზიციას უთანასწორო ბრძოლის პირობებშიც შეუძლია გამარჯვების მიღწევა.
ახლა სკეფსისი ისევ დაბრუნდა. როცა საქართველოსნაირ, საკმაოდ ღარიბ ქვეყანაში მმართველი პარტია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, მთავრობას და მთავარ ოლიგარქს ყოველთვის შეუძლიათ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის დაშინება და/ან მოსყიდვა და ამით არჩევნების ბედის სათავისოდ შემობრუნება.
რამდენად უფრო ძლიერი უნდა იყოს ოპოზიცია, რომ მას ამის საშუალება არ მისცეს? ეს კითხვა ჰაერში კიდია.
ოპოზიციის ფლანგზე როგორაა საქმე?
დამარცხების მიუხედავად, არჩევნების შედეგი ერთგვარ გამარჯვებად იქცა ენმ-ის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციისთვის.
ამ შედეგმა გააბათილა პოპულარული აზრი, რომ ენმ-ს არ შეუძლია, თავისი მხარდაჭერა გააფართოვოს და ერთგული მომხრეების მიღმა გაიტანოს.
ვაშაძეს ბევრმა ისეთმა ადამიანმა მისცა ხმა, ვისაც ენმ-ზე თითქოს საბოლოოდ ჰქონდა გული აცრუებული. კი, პირველ ყოვლისა მათ მმართველ ძალას უთხრეს უარი, თუმცა ხალხმა მაინც ენმ-ს მიანიჭა უპირატესობა ხელისუფლების სხვა ოპონენტებთან შედარებით.
შეუძლია „გაერთიანებულ ოპოზიციას“ ეს წარმატება კიდევ უფრო განავითაროს?
ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის მთავარი რესურსიცაა და, ამავე დროს, მთავარი სისუსტეც.
სავარაუდოდ, კოალიციის შიგნით უკვე არსებობს გარკვეული დაძაბულობა.
როგორც კი ეგზიტპოლებმა ზურაბიშვილის გამარჯვება გვამცნო, სააკაშვილმა ხალხს მოუწოდა, არ ეცნო არჩევნების შედეგები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინა.
თავდაპირველად გრიგოლ ვაშაძე გაემიჯნა მას იმის თქმით, რომ ეს მხოლოდ ერთი პიროვნების აზრია და კოალიციამ ერთიანი პოზიცია უნდა შეიმუშავოს.
თუმცა, მეორე დღეს კოალიციამ არჩევნები მოპარულად გამოაცხადა და 2 დეკემბრისთვის დააანონსა საპროტესტო დემონსტრაცია ადრეული საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.
მოუტანს თუ არა მას ეს ტაქტიკა რაიმე შედეგს, თუ პირიქით, აღმავლობის გზაზე მყოფ პოლიტიკურ ძალას დააზიანებს?
ამ ეტაპზე, მეორე ვარაუდი უფრო საფუძვლიანი ჩანს.
შუაშისტები და “მესამე ძალა”
არჩევნების შედეგმა კიდევ ერთ პოპულარულ მოსაზრებას შეუყენა წყალი.
„შუაშისტებად“ ცნობილი ხალხი ფიქრობდა, რომ სააკაშვილი იმდენად ტოქსიკურია, მისი პარტია ვერასდროს მიაღწევდა წარმატებას.
მათი აზრით, გარღვევა მხოლოდ ე.წ. „მესამე ძალამ“ შეიძლება მოახდინოს, რომელიც არც ქართულ ოცნებასთან და არც ენმ-თან არ იქნება დაკავშირებული.
ეს აზრი სულ მცირე ხუთი წელია გვესმის. ამასობაში „მესამე ძალობის“ ბევრი პრეტენდენტი ვნახეთ, მაგრამ დიდად დამაჯერებელი არც ერთი არ ყოფილა.
ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული “ევროპული საქართველოა”, რომლის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პირველ ტურში შედარებით კარგი, თუმცა არცთუ შთამბეჭდავი შედეგი, 11 პროცენტი აჩვენა.
თუმცა, რაკი ეს პარტია ენმ-ის განაყოფია, ბევრი „შუაშისტი“ მას საკმარისად „მესამედ“ არ მიიჩნევს.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც თავისი კამპანია იმაზე ააგო, რომ „ოცნება“ და ენმ თანაბრად ცუდები არიან, ორ პროცენტზე ოდნავ მეტი მოიპოვა.
ამრიგად, ოპოზიციის ფლანგზე საკმაო გაურკვევლობაა, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის დამაიმედებელია.
ოღონდ საქართველოს ბოლოდროინდელმა ისტორიამ გვასწავლა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ორ წელიწადში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
ჯერჯერობით შეიძლება ვთქვათ, რომ ამ არჩევნებმა სტატუს-ქვო კი შეინარჩუნა, თუმცა მნიშვნელოვნად შეარყია.
გია ნოდია, “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე