გია ნოდიას თვალსაზრისი: არჩევნები და ოპოზიციური პესიმიზმი
19 მაისის შუალედურმა არჩევნებმა პარლამენტსა და მუნიციპალურ დონეზე არაპროპორციული მღელვარება გამოიწვია. ნებისმიერი შერკინება მმართველ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რაც გინდა ლოკალური იყოს ის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიციად განიხილება. ოპოზიცია ცდილობს შექმნას პრეცედენტი, რომ „ქართული ოცნება“ სადმე დაამარცხა, მმართველი პარტიას კი ამის დაშვება არაფრით არ უნდა.
ზუგდიდის დაპირისპირება
ამ ფონზე, ზუგდიდის მერის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილმა, გაერთიანებული ოპოზიციის არაფორმალურმა ლიდერმა, დიდად აწია ფსონი იმით, რომ კოალიციას საკუთარი მეუღლის, სანდრა რულოფსის კანდიდატურა წამოაყენებინა. სააკაშვილს ტრადიციულად შედარებით მაღალი მხარდაჭერა აქვს სამეგრელოში; სადმე თუ უნდა მოეგო, აქ ჰქონდა შანსი.
ქართული პოლიტიკის პერსონალისტურ ლანდშაფთში ეს ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს დე ფაქტო მეფის, პირდაპირ გამოწვევას ნიშნავდა. რულოფსის გამარჯვება იქცეოდა მინიშნებად, რომ სააკაშვილს ივანიშვილის დამარცხება საერთო-ეროვნულ დონეზეც შეუძლია. ეს ოპოზიციურ ელექტორატსაც მიანიშნებდა, რომ ბიძინას მომგები პირადად მის გარდა არავინაა.
• გია ნოდიას თვალსაზრისი: რა გავიგეთ ამ არჩევნებით?
• სიკვდილი არჩევნების გამო? ია კერზაიას საქმე
• საქართველოში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები კონფერენციაზე შეაფასეს. აზრები გაიყო
ამ ყველაფრის ფონზე ხელისუფლება თავს მარცხის უფლებას ვერ მისცემდა. ორივე მხარემ რესურსების კონცენტრაცია ზუგდიდში მოახდინა. ეს პატარა ქალაქი დროებით საქართველოს პოლიტიკურ დედაქალაქად იქცა.
მმართველი პარტიის კანდიდატმა 54 პროცენტით გაიმარჯვა, ისევე როგორც ყველა სხვა ოლქში, გარდა მთაწმინდისა, სადაც მეორე ტურია მოსალოდნელი.
საარჩევნო კამპანია ბინძური აღმოჩნდა, განსაკუთრებით ზუგდიდში, სადაც მთავრობამ თავისი ჩვეული მეთოდები გამოიყენა, რაც, სხვადასხვა ცნობით, დაშინებას და მოსყიდვას მოიცავს. მაგრამ თვით არჩევნების დღემ შედარებით წყნარად ჩაიარა და ხმებიც სამართლიანად დაითვალეს; არჩევნებზე მოსული ადამიანების უმრავლესობამ მართლაც სახელისუფლებო კანდიდატებს მისცა ხმა.
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს არჩევნებში თანასწორი პირობები არ არსებობს: ხელისუფლებას ყოველთვის საგრძნობი ფორა აქვს. მაგრამ თუ ხელისუფლება განსაკუთრებით არაპოპულარულია, ხოლო ოპოზიცია – უნარიანი, მას გამარჯვება მაინც შეუძლია. ასეთია ქართული თამაშის წესები და სააკაშვილმა იცოდა, რაზე მიდიოდა.
ზუგდიდი სააკაშვილის პირად დამარცხებად იქცა. რაკი კანდიდატი მისი მეუღლე იყო, მას წაგებისგან დისტანცირება არ შეუძლია. მის მარცხს შეიძლება გარკვეული უთანხმოებები მოყვეს მისსავე პარტიაში, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, და მის გარშემო არსებულ კოალიციაში.
სააკაშვილი და რევოლუცია
უთანხმოების პირველი ნიშანი არჩევნების ღამესვე გამოჩნდა. ნიკა მელიამ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლამის ღიად შეუტია სააკაშვილს, თუმცა მისი გვარი არ დაუსახელებია. მისი თქმით, არასწორია მუდმივად ილაპარაკო ქუჩის პროტესტებზე და რევოლუციის მოლოდინი შექმნა, თუ ამის გაკეთების თავის არა გაქვს. ამით მხოლოდ მომხრეების დემორალიზებას ახდენ. ასეთი კრიტიკის სამიზნე სააკაშვილის გარდა ვერავინ იქნებოდა.
შესაძლოა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ქართულ ოპოზიციას ყოფს. სააკაშვილს სწამს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ოპოზიციისგან არჩევნების მოგებას; მაშასადამე, საჭირო გახდება ვარდების რევოლუციის რაღაც ფორმით გამეორება. მისი ყველაზე ერთგული მომხრეები მას ეთანხმებიან.
ეს თვალსაზრისი უსაფუძვლო არაა. ადმინისტრაციული რესურსისა და ივანიშვილის პირადი სიმდიდრის კომბინაცია სახელისუფლებო ფორას განსაკუთრებით ზრდის. საპრეზიდენტო არჩევნებმაც და ბოლო შუალედურებმაც დაადასტურა, რომ ივანიშვილი ბოლომდე გამოიყენებს ამ რესურსებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. 2012 წლის პრეცედენტი არ გამოგვადგება, რადგან მაშინ ხელისუფლებას უპირისპირდებოდა მილიარდერი, ვისი პირადი ქონებაც სახელმწიფო ბიუჯეტს ორჯერ აღემატებოდა. ამის განმეორება ძნელად წარმოსადგენია. ქუჩის მობილიზაცია შეიძლება მართლაც აუცილებელი აღმოჩნდეს ვითარების გარდასატეხად.
შეიძლება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ, ამ ეტაპზე მაინც, ქართველებს ქუჩის პოლიტიკისკენ გული აღარ მოუწევთ. პროტესტები გვქონდა, მაგრამ ხაზგასმით „არაპოლიტიკური.“ ნაციონალურ მოძრაობას სარევოლუციოდ თითქმის არავინ მიყვება.
სააკაშვილი ექვს წელზე მეტია, საქართველოში არ ყოფილა და გასაკვირი არაა, რომ ხალხის განწყობებს ვეღარ გრძნობს. ან, შესაძლოა, მან ქუჩის პოლიტიკა იმიტომ აიკვიატა, რომ ის საკუთარ ძლიერ მხარედ მიაჩნია; ეს ერთადერთი გზაა, რითაც ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლია. მან უკრაინაშიც იმავე ტაქტიკის გამოყენება და ახალი მაიდნის მობილიზება სცადა, მაგრამ იქაც არაფერი გამოუვიდა.
თბილისში მყოფ პარტიის ლიდერებს ვითარება უკეთ ესმით. 2016 წლის არჩევნების წაგების შემდეგ სააკაშვილმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ბოიკოტის იდეას, რაც პოლიტიკური ბრძოლის ქუჩაში გადატანას ნიშნავდა. ამან პარტიის გახლეჩა და „ევროპული საქართველოს“ შექმნა მოიტანა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებისთანავე მან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის გამოცხადება სცადა – თუმცა მისმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, მისი მოწოდებისგან თავი შორს დაიჭირა. ოპოზიციამ მაინც სცადა ქუჩის პროტესტების მობილიზება, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ახლა ნიკა მელიამ, ვინც 2016-17 წლების განხეთქილების დროს სააკაშვილის მხარეს დადგა, მას ზუსტად ამ საკითხზე შეუტია.
ქუჩის პოლიტიკა განსაკუთრებით არაწინასწარმეტყველებადია. ვერავინ იტყვის, მოხდება თუ არა საქართველოში კიდევ ერთი ხავერდოვანი (ან არც ისე ხავერდოვანი) რევოლუცია, რა შეიძლება იქცეს მის გამომწვევად, და ვინ მოექცევა მის სათავეში. ჩვენნაირ ნახევრად-ავტორიტარულ რეჟიმში გამორიცხული არაფერია; მაგრამ მოცემულ მომენტში აკვიატებული რევოლუციონიზმი სისუსტის ნიშანია.
კოალიციური პოლიტიკის იმედი
მაგრამ როგორ შეიძლება ივანიშვილის დამარცხება, თუ არა ქუჩის მხარდაჭერით? ამ ვარიანტის ტესტირება თბილისში, მთაწმინდის უბანში ხდება.მეორე ტურში შალვა შავგულიძე ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების კოალიციიდან სახელისუფლებო კანდიდატს დაუპირისპირდება.
გამარჯვების იმედი იმ დაშვებას ემყარება, რომ თუმცა „ქართულ ოცნებას“ ცალკე ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ დაამარცხებს, სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფის ერთობლიობას ამის ძალა შესწევს. პირველ ტურში შავგულიძემ თითქმის 37% აიღო, სახელისუფლებო კანდიდატმა კი – 41%. თუ მეორე ტურში სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები მას დაუჭერენ მხარს, მას გამარჯვების შანსი აქვს.
შესაძლოა. მაგრამ ასეთი სცენარი მოითხოვს რაღაც სახის კოორდინაციას და თანამშრომლობას ოპოზიციურ პარტიებს შორის, გაერთიანებული ოპოზიციის ჩათვლით. რამდენად შესაძლებელია ეს? ამ არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიცია და ევროპული საქართველო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ იმ ნიშნით, რომ საარჩევნო უბნები გაეყოთ და ერთმანეთის კანდიდატებისთვის მხარი დაეჭირათ. ამან ბოლომდე ვერ იმუშავა, თუმცა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო. ოღონდ ეს საკმარისი არაა, თანამშრომლობის უფრო ფართო ქსელია საჭირო.
მომავალი გაურკვეველია
სავარაუდოდ, შუალედური არჩევნების შედეგები მმართველ პარტიას უფრო თავდაჯერებულს გახდის, ოპოზიციის რიგებში კი მეტი პესიმიზმი დაისადგურებს. ეს ცუდია ზოგადად დემოკრატიისთვისაც, რადგან კიდევ უფრო აძლიერებს განწყობას, რომ რაც გინდა დაეცეს ივანიშვილის პოპულარობა, მას არჩევნებით მაინც ვერ მოუგებ. მას ყოველთვის შეუძლია საკმარისი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების მობილიზება, რათა ოპოზიციის გამარჯვება არ დაუშვას და არც ქუჩის პროტესტებისა ეშინია, რადგან ოპოზიციას საკმარისად ბევრი ხალხი გარეთ ვერ გამოჰყავს. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, საქართველო სულ უფრო ავტორიტარული ქვეყანა გახდება.
მაგრამ ასეთი დასკვნების ნაჩქარევი გამოტანა თვითგანხორციელებად წინასწარმეტყველებას ნიშნავს, რომელიც, ამავე დროს, არასწორია. როგორც გამოცდილებით ვიცით, სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, 2020 წლის შემოდგომამდე კი არც ისე მცირე დროა. მომავლის განჭვრეტა შეუძლებელია, მაგრამ თანმიმდევრულობას და მონდომებას შედეგის მოტანა შეუძლია.
გია ნოდია, “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე